გარდაბნელების არჩეული გამგებელი სამომავლო გეგმების შესახებ


გარდაბნის მუნიციპალიტეტის მართვა ახალმა არჩეულმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა ჩაიბარა. საკადრო ცვლილებები მალევე დაიწყო, შეცვალა მოადგილეები, რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი და ფიქრობს სამი მუნიციპალური შპს-ს გაუქმებაზეც. აცხადებს, რომ აღნიშნული შპს-ების უფლებამოსილებები დუბლირებულია.

,, რაც შეეხება მუნიციპალურ აიპებს - მე მათ შევხვდი და ავუხსენი ჩემი ხედვები. ვინც ხელფასს იღებს უნდა მუშაობდეს და არ უნდა იჯდეს სახლში.. ჩვენ საკმაოდ ბევრი უმუშევარი ადამიანი გვყავს და ასეთ შემთხვევაში, მოხდება მათი ჩანაცვლება",- საუბრობს ჯამარაული. აცხადებს, რომ გეგმავს რეორგანიზაციას და კადრების კონკურსის გზით შერჩევას.

,, უპირატესობას, ცხადია, ადგილობრივ კადრებს მივანიჭებ. ამ დროისთვის ჩემ დანიშნულ კადრებს შორის მხოლოდ ერთი ადამიანია თბილისელი"- დასძენს გარდაბნის გამგებელი. გოჩა ჯამარაულის განცხადებით მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გზების და საბავშო ბაღების რეაბილიტაციის პროექტები.
,, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რითი თბებიან ბავშვები, როგორ მდგომარეობაშია ბაღების სველი წერტილები და სამზარეულოები - ამ თემის მიმართ ყურადღება მექნება. რაც შეეხება, სასმელ წყალთან დაკავშირებულ პროექტს - გეტყვით, რომ არის მოსაწესრიგებელი გარკვეული საკითხები. საუბარია სისტემის მოწყობაზე, რომელიც სასმელი წყლის პრობლემას მოუგვარებს მარტყოფს, ნორიოს, ახალ სოფელს, ვაზიანს და სამგორს. მე დამხვდა ეს 6 მილიონიანი პროექტი, თუმცა აღმოჩნდა, რომ წყალი ვისგანაც უნდა აგვეღო იმისთან მოლაპარაკებები არ იყო წარმოებული და სადაც გადის ეს მილები, იმ მიწების  მესაკუთრეებთან არ იყო ხელშეკრულებები დადებული,"-აცხადებს ჯამარაული.

კითხვაზე რას ეტყვის ოპონენტებს, რომლებიც მის საფეხბურთო წარსულს იხსენებენ და აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურში გამოცდილების უქონლობა ხელს შეუშლის - პასუხობს რომ აქ, მთავარია კარგი გუნდის შეკვრა და საქმის მიმართ პასუხისმგებლობის გამოჩენა. ამბობს, რომ საქმიანი ურთიერთობა აქვს რეგიონის გუბერნიასთან და მის კომპეტენციებში არავინ ერევა. ,,ვიღებ მხოლოდ რჩევებს და დარწმუნებული ვარ არც სხვა გამგებლების საქმიანობაში არ ერევიან," - აცხადებს. დასძენს, რომ უკვე გაიცნო  გარდაბანში და რეგიონში საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირები.
,, დიახ, გავიცანი გარდაბნის პოლიციის ხელმძღვანელი. სამხარეოს უფროსს თორნიკე მუშკუდიანს კი ისედაც ვიცნობდი, ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს" - საუბრობს გარდაბნის გამგებელი.

მასალა მომზადებულია პროექტის 
ფარგლებში: ,,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მონიტორინგირეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით." პროექტს აფინანსებს ამერიკული ფონდი ,, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის."

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments