,, ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უცხოელი მსჯავრდებულების შესახებ - 19 აპრილი 2016

ქვემო ქართლში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" ოფისმა დაიწყო მუშაობა. ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლეობა უფლებადაცვით საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით - მათ შორის მსჯავრდებულთა მდგომარეობის კუთხითაც ახორციელებს.

ცეტრის ქვემო ქართლის წარმომადგენელი, იურისტი თამუნა ლუკავა პერიოდულად მონიტორინგებს ახორციელებს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე.
ამჯერად ცენტრი რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი უცხოელი მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდა.
თამუნა ლუკავა საუბრობს, რომ დაწესებულებაში მყოფილი 39 უცხოელი მსჯავრდებულიდან 37-ს შეხვდნენ. ,,ადამიანის უფელბა ცენტრი" ინტერესდებოდა მოხდა თუ არა დაკავების მომენტში მათთვის უფლებების განმარტება, ხომ არ ჰქონდა ადგილი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას და რა სირთულეები აქვთ საპატიმროში ყოფნისას.


,, უცხოელი მსჯავრდებულები აღნიშნავდნენ, რომ დაკავების მომენტში მათ განუმარტეს თავიანთი უფლებები, თუმცა როდესაც ვკითხეთ, თუ რა მუხლით იხდიდნენ სასჯელს და რა იყო ამ მუხლის არსი - იბნეოდნენ და გვპასუხობდნენ, რომ არ იცია. უმეტესი მათგანი ამბობდა, რომ იყო თარჯიმნის პრობლემაც სასამართლოზე. აცხადებდნენ, რომ თარჯიმანი სრულად არ უთარგმნიდათ არსებულ მდგომარეობას.

ასევე, მათ უფლებები განუმარტეს ციხეში მოთავსებისას, მაგრამ როდესაც ვკითხეთ მიაწოდეს თუ არა ინფორმაცია განცხადება-საჩივრის დაწერის უფლების შესახებ, სახალხო დამცველთან და არასამთავრობოებთან დაკავშირების უფლებაზე - უმეტესობა აცხადებდა, რომ ამ უფლებების შესახებ პირველად ჩვენგან ესმის"- საუბრობს  ,,ადამიანის უფლებათ ცენტრის"  ქვემო ქართლის ოფისის კოორდინატორი, იურისტი თამუნა ლუკავა.

აცხადებს, რომ აღნიშნულის გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულები ჯანდაცვის კუთხითაც პრობლემებზე საუბრობენ.

,, მსჯავრდებულთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ აქვს ჯამრთელობის პრობლემა და ამ კუთხით ვერ ხერხდება კომუნიკაცია ექიმებთან. საუბრობდნენ, რომ  ვერ აგებინებენ რა პრობლემები აქვთ ჯანმრთელობის მხრივ - ზოგჯერ კი როდესაც შეძლებენ და გააგებინებენ მაინც არ გაჰყავთ დროულად გამოკვლევებზე. ერთ-ერთი უცხოელი მსჯავრდებული აცხადებდა, რომ მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული, თუმცა ადეკვატური მკურნალობის ნაცვლად ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობენ.

ასევე, ძირითად პრობლემად დასახელდა ექსტრადიციის საკითხი. არიან მსჯავრდებულები, რომლებიც წელიწადზე მეტია ელოდებიან ექსტრადიციას"- აცხადებს თამუნა ლუკავა.

ცენტრის მონიტორინგისას დაფიქსირდა ირანელი მსჯავრდებულების პრობლემაც.  მონიტორინგის დროს სამმა მათგანმა განაცხადა, რომ იმყოფებიან საკნებში, სადაც მხოლოდ ქართველები არიან და ვერ ახერხებენ კომუნიკაციას. მსჯავრდებულები ითხოვენ ან ერთად შეიყვანონ საკანში, ან მოხდეს მათი გადაყვანა იმ საკანში, სადაც ამ დროისთვის სხვა ირანელი მსჯავრდებულები იმყოფებიან. ცენტრისთვის მიწოდებული  ინფორმაციის თანახმად, ორი კვირაა ერთ-ერთი მათგანი (დანარჩენი ორი მსჯავრდებული 10 დღის განმავლობაში) ამ თხოვნით მიმართავს ადმინისტრაციას, თუმცა არ ხდება მათ თხოვნაზე რეაგირება.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა KKPRESS.GE" მასალაში დასახელებული პრობლემების შესახებ კითხვებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართა. ინფორმაციას უწყებიდან მიღებისთანავე გაგაცნობთ.


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments