კოსტავას გამზირის რეაბილიტაციისას კომპანიას რუსთაველი მუშახელის დასაქმების ვალდებულება არ აქვს - 25 აპრილი 2016

რუსთავში კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დაგი" ასრულებს. აღნიშნული კომპანიის შესრულებულ პროექტებს შორისაა: სათაფლიის ნაკრძალის რეაბილიტაცია, სასტუმრო ,,ანაკლია", მესტიის რეაბილიტაცია, დინამოს საწვრთნელი ბაზა და ზუგდიდის იუსტიციის სახლი.
სამუშაოები რუსთავში კომპანიამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ხდება ხარაჩოების მოწყობა, ასევე, ბორდიურებისა და ასფალტის ძველი საფარის მოხსნა.

გამზირის რეაბილიტაციის საკითხზე, ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს KKPRESS.GE"-ს მკითხველი დაუკავშირდა. მოქალაქე აცხადებს, რომ დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებში მუშახელად რუსთაველების ნაცვლად გორელები არიან დასაქმებულნი. ინტერესდება აიღო, თუ არა ტენდერში გამარჯვებისას კომპანიან, ფიზიკურ სამუშაოზე, რუსთაველთა დასაქმების ვალდებულება?

თემაზე რუსთავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ:

,, ზოგადად, მე რამდენადაც ვიცი ამ კომპანიის თანამშრომელთა 30% რუსთაველია. რაც შეეხება, აღნიშნული რეაბილიტაციისთვის დადებულ ხელშეკრულებას, რუსთაველთა დასაქმების ვალდებულება მასში არაა ჩაწერილი. თუმცა ვფიქრობ, კომპანიასაც აწყობს ადგილობრივი მუშახელის აყვანა", - საუბრობს რუსთავის მერის მოადგილე, ნოდარ შეროზია. ამბობს, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტს აქვს სხვა პროექტები, სადაც სამუშაოს შემსრულებელს ევალება ადგილობრივების დასაქმება. აცხადებს, რომ მსგავს პროექტებზე ხდება, ფიზიკურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა განაწილება.




kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments