რუსთავის მერი 2014 წელს მიცემულ დაპირებას 2016 წელს ასრულებს


2014 წლის 24 აპრილს, რუსთავის მერმა  სასწავლებენ ,,რვალში" სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებას interpressnews.ge აშუქებდა.  სააგენტოს მასალში ვკითხულობთ:

"სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ქალაქში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მგზავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილეს. მათ აინტერესებდათ გაიზრდება თუ არა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება, რაზეც ჩემი მხრიდან გაიცა ცალსახა პასუხი, რომ ეს არ მოხდება. უფრო მეტიც, მერია მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, ის სტუდენტები, რომლებიც თბილისში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, მგზავრობის საფასურის გადახდისას შეღავათით ისარგებლებენ. გარკვეული შეღავათები დაწესდება წარჩინებული სტუდენტებისათვის, ასევე მათთვის, ვინც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან," - აცხადებდა რუსთავის მერი, დავით ჯიქია 2014 წელს.



2  წლის წინ, გაცემულ დაპირებას რუსთავის მერი გუშინ მიუბრუნდა და რუსთაველ სტუდენტებს სოციალური პროექტი წარუდგინა. დავით ჯიქიას ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება.

პროგრამის მიხედვით, მერია სტუდენტებს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობისთვის პირად საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად 60 ლარს ჩაურიცხავს.

შეხვედრის შესახებ სადაც ეს ინიციატივა გაჟღერდა ჩვენი ინფორმირება არ მომხდარა. მერის პრესსამსახურის განმარტებით ,,ფორსმაჟორული" სიტუაცია შეიქმნა და უბრალოდ, არ გავახსენდით.

მერიის ,,ფორსმაჟორს" და ამ ინიციატივას - ,,რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის" წარმომადგენელი ანა სანაია სხვა ვითარებას უკავშირებს.

სანაია და ასოციაციის სხვა წევრები, უკვე რამდენიმე თვეა ხელმოწერებს აგროვებენ პეტიციაზე, რომლითაც სტუდენტებისთვის რუსთავი-თბილისის მარშრუტზე შეღავათიანი ტარიფის დაწესებას ითხოვენ. პეტიციას ამ დროისთვის 7 906 ხელმომწერი ჰყავს. ასოციაცია ამავე მოთხოვნით აქციის გამართვას დღეს გეგმავს.
,, ქალაქის მერის გუშინდელი შეხვედრა ახალგაზრდებთან არის ჩვენი მოქმედების პასუხი - ეს მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ, რუსთაველ სტუდენტთა ასოციაცია მივდივართ დასახული მიზნისკენ და რა თქმა უნდა, მერის გუშინდელი განცხადება იყო ჩვენს მიერ დადებული შედეგი. ჩვენ, ჩვენი მოქმედებებით შევძელით ის, რომ გარკველი კატეგორიისთვის მაინც დაწესდა შეღავათი და ეს უკვე ძალიან დიდი შედეგია.  დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და თითოეული ჩვენი თანაქალაქელი სტუდენტი სულ მალე 1.30-ის ნაცვლად იმგზავრებს 75 თეთრად" - საუბრობს ,,რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის" წარმომადგენელი ანა სანაია.

კითხვაზე რა როლი აქვს ამ საქმეში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა სტუდენტების ამ იდეის მხარდამჭერია და ორგანიზების კუთხითაც ეხმარებათ. აცხადებს, რომ ამ საკითხში მთავარი არა პოლიტიკა არამედ ის რეალობაა, რომ სტუდენტებს განათლების მისაღებად ხელშეწყობა სჭირდებათ.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments