რუსთავის მერს საკუთარ პრემიებზე და დანამატებზე საზოგადოების სრულად ინფორმირება არ სურს

15 აპრილს რუსთავის მერს დავით ჯიქიას, რომელიც ამავე დროს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტია - საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით წერილობით მივმართეთ.
მერის სახელზე შესულ წერილში მითითებული იყო, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ვითხოვდით ინფორმაციას 2015 წელს და 2016 წლის 14 აპრილის ჩათლით - მერის, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის და ასევე, მისი მოადგილეების, დროის აღნიშნულ პერიოდში, აღებული პრემიების და სახელფასო დანამატების შესახებ.
მას შემდეგ რაც თვითმმართველობამ აღნიშნული წერილი კანონით განსაზღვრულ არც 3 და არც 10 სამუშაო დღეში არ გადმოგვცა -  ორჯერ მივედით მუნიციპალიტეტში, გვქონდა საჯარო ინფორმაციის მისაღებად სატელეფონო საუბარი რუსთავის თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, თამარ აქუბარდიასთანაც. აცხადებდა, რომ წერილი გამოგზავნილია და ფოსტას დააგვიანდა გადმოცემა. მოგვიანებით, ასევე ჩვენი სტუმრობის შემდეგ 6 მაისს  - 25 აპრილით დათარიღებული საპასუხო წერილი სამუშაო დღის ბოლოს (აქუბარდიამ) გადმოგვცა.

მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში მითითებული აღმოჩნდა მხოლოდ გაცემული პრემიების პროცენტული ოდენობა. ანუ თვითმმართველობა გვწერს, რომ 2015 წელს რუსთვის მერმა დავით ჯიქიამ 4 ჯერ აიღო თანამდებობრივი სარგოს 80-100% ოდენობის პრემია, ხოლოს 2016 წელს მარტის ჩათვლით ერთი პრემია თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით. იმ თვეების უმეტესობაში, სადაც მერს არ აქვს აღებული პრემიები გამოწერილი აქვს დანამატები. კონკრეტულად კი 2015 წელს აღებული აქვს 8 დანამატი. ერთადერთი გამონაკლი არის 2015 წლის დეკემბერი, როდესაც დავით ჯიქიამ საახალწლოდ პრემიაც მიიღო და დანამატიც. რაც შეეხება 2016 წელს, მან ხელფასის ოდენობის 80%-ის დანამატი 3-ჯერ აიღო. მერს პრემიებსა და დანამატებში დიდად არც საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები ჩამორჩებიან, თუმცა მათი ამ კუთხით მიღებული შემოსავალიც წერილში პროცენტებით არის გამოსახული.
საპასუხო წერილის შედგენისას არ იქნა გათვალისწინბული - ის ფაქტი, რომ ხელფასების მითითების გარეშე შეუძლებელია პრემიებსა და დანამატებზე გაცემული თანხის გამოვლენა. სატელეფონო საუბარში მუნიციპლიტეტის თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ აქუბარდიამ განაცხადა, რომ აღნიშნული თანამდებობის პირების ხელფასებზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის და თავად უნდა ვნახოთ საკანონმდებლო მაცნეში. რამდენჯერმე გამეორების შემდეგ, რომ მოეწოდებინათ ეს ინფორმაცია ოპერატიულად - მობილური გათიშა.
საკანონმდებლო მაცნეზე, სადაც რუსთავის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაგვამისამართა ჩვენთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ხელფასების ზედა და ქვედა ზღვარი აღმოჩნდა. შესაბამისად პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის მისაღებად რუსთავის მუნიციპალიტეტს ხელმეორედ მივმართავთ.
ეს არის პირველი შემთხვევა, ჩვენთან მიმართებაში, როდესაც რუსთავის მუნიციპალიტეტმა საჯარო ინფორმაცია ვადების დარღვევით და არასრულად გადმოგვცა.

ფოტო: რუსთავის მერიის სოციალური ქსელი (facebook)
მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments