ენმ-ს საკუთრებაზე უფლებაშელახული მოქალაქე პასუხობს


რუსთაველი ლალი მამულაშვილი 4 წელია ელის სამართლიანობის აღდგენას. მას კერძო საკუთრებაში სპორტული მოედანი 2012 წლის ზაფხულში ჩაუდგეს. საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილება - მოედნის დემონტაჟს და მიწის ნაკვეთის მოქალაქისთვის დაბრუნებას ითვალისწინებდა.  თუმცა აღნიშნულის აღსრულება არ მოხდა, რადგან რუსთავის უკვე ახალმა მთავრობამ პროკურატურას მიმართა.

,, საკითხი არ დგას ისე, რომ მხოლოდ ქალბატონი ლალის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს. ამ მოედნით, რომელიც ნამდვილად წინა ხელისუფლებამ მას კერძო საკუთრებაში  ჩაუდგა, დღეს ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს.



რაც შეეხება პროკურატურას, ჩვენ მივმართეთ რადგან საქმეში იკვეთება გადაცდომები და საჭიროა შესაბამისი გამოძიების წარმართვა",- საუბრობდა  ,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან KKPRESS.GE" რუსთავის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე. (11 ივნისი 2015)

თავის მხრივ, პროკურატურამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აღსრულების გადადება რამდენჯერმე შეძლო. დღეს, უკვე ირკვევა რომ მოედნის დემონტაჟს წინ არაფერი უდგას და რუსთავის თვითმმართველობამ გადაწყვიტა მოქალაქეს კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაუბრუნოს.
ადგილობრივი მედიის (ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გუშინ აღნიშნული მოედნის დემონტაჟის დაწყება ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩიქოვანმა გააპროტესტა. სატელევიზიო კომენტარში ჩიქოვანი აცხადებდა, რომ მოედნის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება 2012 წელს ,, ყველა მხარესთან იყო შეთანხმებული." ასევე დასძენდა, რომ მოედნის ტერიტორიის გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ.

,, ეს სტადიონი იყო აქ მაცხოვრებლების თხოვნით აშენებული და შესაბამისად არავის მივცემთ საშუალებას ეს თავისი პირადი მიზნებით გამოიყენოს. ეს არის ხალხის საკუთრება. იყო შეთანხმება მოსახლეობასთან. იყო შეთანხმება ყველა მხარესთან, პრაქტიკულად ყველა მხარე იყო კმაყოფილი - ეს სტადიონი უნდა ყოფილიყო ერთი კარგი ადგილი ამ დიდი უბნისათვის" - აცხადებდა მამუკა ჩიქოვანი.

,, ქვემი ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" მიწის ნაკვეთის მეპატრონეს ლალი მამულაშვილს დაუკავშირდა. ,, მე ვიმყოფებოდი უკვე ათენში, როდესაც აღნიშნული მოედნის მოწყობა მოხდა. ჩემთვის და არც ჩემი შვილისთვის არავის არაფერი უკითხავს. ეს არ იყო ჩვენთან შეთანხმებული" - აცხადებს მამულაშვილი. საუბრობს, რომ  მის ოჯახს აღნიშნულმა, წლებით გაწელილმა საქმემ, ფინანსური და მორალური ზიანი მიაყენა. ლალი მამულაშვილის ინტერესებს სამივე ინსტანციაში საია-ს რუსთავის ოფისი იცავდა.

თემაზე რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მოქალაქისთვის კერძო საკუთარების დაბრუნების პროცესი. მოედნით მოსარგებლე ადგილობრივებს კი მათ სიახლოვეს სხვა სტადიონს მოუწყობენ.

მოქალაქე, რომელსაც წინა ხელისუფლებამ მოედანი კერძო საკუთრებაში ჩაუდგა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია - 11 ივნისი 2015

მოქალაქე, რომელსაც წინა ხელისუფლებამ მოედანი კერძო საკუთრებაში ჩაუდგა 4 წელია სამართლიანობის აღდგენას ელის - 06 აპრილი 2016

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments