Tuesday, June 7, 2016

რუსთავში სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა ქალაქი უხვნალექს მაინც ვერ უმკლავდება

2015 წლის 23 მარტს, რუსთავში ქალაქის სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად 960 000 ლარის ღირებულების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მაშინ რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლება და ჩამოსული მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსთავს ამ კუთხით პრობლემები მოეხსნებოდა.

აღნიშნული პროექტი შესრულდა, თუმცა ქალაქის ნაწილი უხვნალექს მაინც ვერ უმკლავდება. პროექტის ფარგლებში იალღუჯის და რუსთავის დასახლებულ ნაწილს შორის გაკეთებულმა არხმა, 4 ივნისს მოსული უხვი ნალექის სრულად გატარება ვერ შეძლო. აღნიშნულ მონაკვეთში არხის გაკეთება ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" დაინტერესდა მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტმა, რატომ ვერ შეძლო აღნიშნული პრობლემის სრულად მოხსნა.

თემაზე რუსთავის მერის მოადგილე, ნოდარ შეროზია აცხადებს, რომ პროექტს არ აქვს ხარვეზები და სანიაღრე სისტემამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა.

,, რომ არა ეს პროექტი ქალაქს გაცილებით დიდი ზიანი მიადგებოდა. ნახევარ-საათიანი წვიმის შემდეგ ჩვენ ერთ საათში შევძელით გზების გაწმენდა, საავტომობილო მოძრაობაც არ შეწყვეტილა. წინა წლებში მახსოვს წელამდე წყალში ვიდექით. ახლა ასეთი შედეგი არ ყოფილა და ეს ამ სისტემის დამსახურებაა.

ერთადერთი პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე სისტემამ ბოლოს ვერ შეძლო იმ ერთბაშად მოვარდნილი ნიაღვარის გატარება, რომელსაც ქვები, ქვიშა-ღორღი, პლასტმასის ბოთლები და გამხმარი ბალახი მოჰყვებოდა" - საუბრობს ნოდარ შეროზია.

აცხადებს, რომ სანიაღვრე არხი და ჭები იყო გაწმენდილი. დასძენს, რომ მომავალში რუსთავის მუნიციპალიტეტი გეგმავს იალღუჯის მონაკვეთის სანიაღვრე არხის 200 მეტრით გაგრძელებას. ამბობს, რომ ამის საჭიროება არსებობს.








kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

No comments: