,, 24 000 ლარს კი არა ბოლო ამასუნთქვასაც გავიღებ, ოღონდ ნაციონალები არ დაბრუნდნენ“ - ოცნების შემომწირველი რუსთაველი საჯარო მოხელე

სახელწმიფო აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად 2016 წლის მაისის თვეს ,,ქართულ ოცნებას" 24 000 ლარი, რუსთაველმა გიორგი ჭანტურიამ შესწირა. ჭანტურია ამ დროისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოადგილეა. საჯარო მოხელეა მამამისი ზურაბ ჭანტურიაც, რომელიც რუსთავის მერის წარმომადგენელია ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" შეეცადა გაერკვია, ხომ არ აქვს ადგილი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხების თანამდებობის პირების გავლით პარტიისთვის გადაცემას. ასევე, გაჩნდა კითხვა იმ შემთხვევაშიც, თუ გიორგი ჭანტურიას ანაზღაურება 2 000 ლარია, ამ შენაწირით გამოდის, რომ მან მთელი წელი ,,ქართული ოცნებისთვის" იმუშავა?

გიორგი და ზურაბ ჭანტურიები 2012 წლიდან ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები და საშტაბო საქმიანობაში ჩართული პირები იყვნენ. მათთანაა დაკავშირებული ე.წ სტამბულის ბაზრის თემა, სადაც ძალოვანი უწყებების მიერ მოხდა ბაზრის მოწილეების შვილების დაკავება. მოწილეებს შორის იყო ზურაბ ჭანტურია, რომლის შვილიც, ოცნების შემომწირველი, გიორგი ჭანტურიაც - ასევე იყო დაკავებული.


მოწილეეების განცხადებით, მათ აიძულებდნენ საკუთარ ქონებაზე უარი ეთქვათ. საქმის მასალების თანახმად კი რომელ დღესაც მოხდა წილების დათმობა მათი მხრიდან, იმავე დღეს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურის მიერ მათ  შვილებთან.

ვუბრუბებით ჩვენი მასალის თემას. კითხვებს გიორგი ჭანტურია პასუხობს:
,, დიახ, აღნიშნული თანხა მე ჩავრიცხე. ამ ჩარიცხვის მთავარი მიზეზი არის ის რაც მოხდა 2010 წელს. თქვენ იცით ამ საქმის შესახებ. მაშინ მოხდა ის, რომ დაგვიჭირეს სტამბულის ბაზრის ყველა, ხუთივე მეწილე. გაგვატარეს ციხე, ტანჯვა-წამების მუქარით, იყო იძულებითი გადაფორმება ნოტარიუსთან.. გეტყვით, რომ ამ საქმეს შეეწირა დედაჩემი. ასევე ჩემი მეუღლე 9 თვის ორსული დადიოდა სასამართლოებზე.

24 000 ლარს კი არა ბოლო ამასუნთქვასაც გავიღებ, ოღონდ ნაციონალები არ დაბრუნდნენ და ეს მთავრობა დარჩეს. მათ დაბრუნებაზე აღარცაა უკვე საუბარი. თანხაც სწორედ, ამიტომ ჩავრიცხე და კიდევ ჩავრიცხავ" - საუბრობს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭანტურია. ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარი ხელფასით არ ჩაურიცახავს აღნიშნული თანხა, აქვს შემოსავლები პირადი ბიზნესიდან, ასევე ოცნებისთვის შეწირვის გაკეთებისას თავისი წვლილი ოჯახის სხვა წევრებმაც შეიტანეს - რომლებსაც ასევე არ სურთ ნაციონალების დაბრუნება.

,, ამ თანამდებობაზე დაახლოებით წელიწად-ნახევარია ვმუშაობ. რაც შეეხება პრემიებსა და დანამატებს, მე არავიზე მეტი პრემია და დანამატი არ ამიღია. ვიღებდი მხოლოდ კვარტალურად იმ თანხას, რასაც ჩვეულებრივად ყველას გვირიცხავდნენ" - დასძენს ჭანტურია.

პ.ს საკითხზე ,,საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოში" აცხადებენ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, საჯარო მოხელეს აქვს უფლება საკუთარი სურვილის შემთხვევაში შეწიროს თანხა ამა, თუ იმ პარტიას.




kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments