ქვემო ქართლი - „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი „ნაციონალები“ მაჟორიტარობის კანდიდატებად წარადგინა - 04 აგვისტო 2016


"ქართულმა ოცნებამ" ქვემო ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წალკასა და დმანისში პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილი დაასახელა. პრემიერმა მისი წარდგენისას განაცხადა, რომ ოქრიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, თუმცა საკითხი არ განავრცო და არ ახსენა, რომ ოქრიაშვილი 2012 წელს პარლამენტში აღმოჩნდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი, დმანისის რაიონიდან. მოგვიანებით ოქრიაშვილმა ოპოზიციაში ყოფნას დამოუკიდებელი დეპუტატობა არჩია და „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.


„ქართულმა ოცნებამ" თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა გარდაბანშიც. „ოცნებამ" არჩევანი სავალან მირზოევზე შეაჩერა. პრემიერმა მისი წარდგენისას განაცხადა, რომ მირზოევი გარდაბნის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი იყო. ამ პერიოდში კი ეკავა პრემიერის თანაშემწის თანამდებობა.

სავალან მირზოევი მიღებული კადრი იყო წინ ხელისუფლების დროსაც. მაშინ ის  რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლი გახლდათ ქვემო ქართლში. მირზოევის შესახებ ინტერნეტგამოცემა  www.tspress.ge 2013 წელს წერდა, რომ იგი  2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში 126-ე იყო. თავად სავალან მირზოვი კი „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან KKPRESS.GE" აცხადებდა, რომ წინა მთავრობის დროსაც მუშაობდა საჯარო სამსახურში, თუმცა ყოველთვის უპარტიო იყო. 



ფოტოს წყარო: www.tspress.ge

მანონ ბოკუჩავა

Comments