Sunday, August 7, 2016

სამირა ისმაილოვა: ბოლნისში, ადგილობრივ დონეზე, 2012 წლის შემდეგ არცერთი პროექტი არ განხორციელებულა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატად სამირა ისმაილოვა წარადგინა. მოსახლეობასთან შეხვედრისას, ისმაილოვამ შემდეგი განცხადება გააკეთა: “ადგილობრივ დონეზე, 2012 წლის შემდეგ, არცერთი პროექტი არ განხორციელებულა”.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
სხვადასხვა უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, 2012 წლიდან დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა. მაგალითად, მხოლოდ 2016 წელს შესრულებული და მიმდინარე პროექტების ნაწილი ასე გამოიყურება: საბავშვო ბაღებისრეაბილიტაცია, გზების მოასფალტება და საკანალიზაციო/სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება. ასევე, აღსანიშნავია დაბა კაზრეთში სოციალურად დაუცველთათვის მრავალბინიანი სახლის მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 305 748 ლარი დაიხარჯა.

ადგილობრივი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, ბოლნისში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტი იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური არხის, პირველი და სხვა რიგის გამანაწილებების და შიდა სამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებდა, რისთვისაც 3.3 მლნ ლარი დაიხარჯა. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, გასულ წელს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ ბოლნისის მოსახლეობას 10 საათიანი გრაფიკის ნაცვლად წყლის მოხმარება 18-24 საათის განმავლობაში შეეძლება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4 მლნ ლარს შეადგენს.
სხვადასხვა შესრულებულ სამუშაოს შორის ასევე არის ქალაქ ბოლნისიდან სიონის ტაძრისკენ მიმავალი ცხრა კილომეტრიანი გზის მშენებლობა და ბოლნისის ნაგავსაყრლის კეთილმოწყობა. ეს უკანასკნელი ნაგავსაყრელის რეაბილიტაციას და თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობას გულისხმობდა, რისთვისაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 330 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები განახორციელა. ასევე, გასულ წელს, დაბა კაზრეთში საზოგადოებრიცი ცენტრის შენობაც გაიხსნა. აღნიშნული ცენტრის საშუალებთ, მოსახლეობას 200-მდე კერძო და საჯარო სერვისით სარგებლობა შეუძლია.

დასკვნა

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. მათი დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურული ხასიათის იყო და მუნიციპალიტეტის შიდა გზების, საბავშო ბაღების, სასმელი წყლის, სარწყავი და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას მოიცავდა.
მიმდინარე წელს ბაღების რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ასევე, მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 4 მილიონი ლარი ჯდება და წყლის გრაფიკის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად. გრძელდება შიდა გზების და საკანალიზაციო/სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება.
თუმცა, აშკარაა ის გარემოებაც, რომ მიუხედავად განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემა რჩება. ბოლნისისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის ცალკეულ სოფლებში (და ქალაქ ბოლნისშიც) სასმელი წყლის სრულფასოვანი მიწოდება, დასახლებების ნარჩენებისგან გაწმენდა, მდინარეებისა და ხევების თვითნებური ნაგავსაყრელების მოწყობისგან დაცვა, სოფლებამდე მისასვლელი გზების სრულად რეაბილიტაცია.
ზემოაღნიშნული სირთულეების მიუხედავად, სამირა ისმაილოვას მიერ დასახელებული ფაქტი ცალსახად არაზუსტია. შესაბამისად, მისი განცხადება არის ტყუილი.

მანონ ბოკუჩავა
factcheck.ge 

No comments: