„ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლებს შეხვდნენ + (ვიდეო) - 24 აგვისტო 2016

„ქართული ოცნება" აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაზე გადადის. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, 23 აგვისტოს, მმართველი გუნდის რჩეულები ამომრჩევლებს შეხვდნენ.
მარტივი სცენარით დაგეგმილი ღონისძიება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, 20 საათზე დაიწყო. შეხვედრის დამსწრეთა ნაწილი საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები გახლდნენ. სიტყვით შეკრებილებს თავდაპირველად რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მიმართა, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ჯიქია, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით ქალაქის მაჟორიტარობაზე არც თავად იტყოდა უარს, შეკრებილებს კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. სიტყვით გამოვიდნენ მაჟორიტარობის კანდიდატები - პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე.

მათ გვერდით ოჯახის წევრები იდგნენ. როგორც დამახასიათებელია ქართული პოლიტიკისთვის, ვერც ერთი კანდიდატი მიხვდა, რომ სიტყვის თქმის შესაძლებლობა მეუღლეებისთვისაც მიეცა. ამაზე არც შეხვედრის ორგანიზატორს უზრუნია, რომლის ჩანაფიქრის მიხედვით, რატომღაც ყოველი გამომსვლელის უკან, ახალგაზრდა „ოცნების" აქტივისტები გამალებით იქნევდნენ დროშებს.
მაჟორიტარობის კანდიდატების გამოსვლისას გაირკვა, რომ რუსთავს აქვს ბედნიერება - ჰყავდეს კანდიდატი, რომელმაც იცის, რომ გზების დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა არაა პარლამენტარის კომპეტენცია. მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე აცხადებდა, რომ თანაქალაქელებისგან მიიღებს რუსთავის განვითარების რაციონალურ წინადადებებს  და შემდეგ ეცდება, აღნიშნული იდეები საკანონმდებლო ინიციატივებად აქციოს.

შეხვედრას ვიდეო ფორმატით გაცნობთ. მასალაა არაა დამონტაჟებული, წარმოადგენს გადაღების უწყვეტ კადრს.




მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments