Sunday, August 7, 2016

დავით კირკიტაძე: რუსთავის მერია 8 მლნ ლარს ხარჯავს 15 სახლის ფასადის და ერთი ქუჩის რეაბილიტაციაში, მაშინ, როცა ქალაქში უამრავი უსახლკაროა

9 ივლისს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად დავით კირკიტაძე დასახელდა. ამავე შეხვედარზე კირკიტაძემ მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც რუსთაველების არცთუ მცირე ნაწილს თავშესაფრის პრობლემა აწუხებს, რუსთავის მერია სოლიდურ თანხას მხოლოდ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში ხარჯავს.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ამ დროისთვის რუსთავში კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია მართლაც მიმდინარეობს. რუსთავის მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით, მიმდინარე წლის 4 აპრილს შპს “დაგთან” ხელშეკრულება დაიდო, რომელიც 19 შენობის ფასადის რეაბილიტაცია-მინათებების და კოსტავას გამზირის სრულად მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 4 მლნ 448 ათასი ლარია. ამავე ხელშეკრულების თანახმად, პროექტისთვის გამოყოფილი თანხის 5%-ს (222 499 ლარი) ადგილობრივი ბიუჯეტი, დანარჩენ 95%-ს კი ცენტრალური ბიუჯეტი იხდის.
პროექტის თანახმად, ფასადებთან ერთად, მოხდება კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის მოეწყობა ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, ქვაფენილები, გარე განათება და დასასვენელებელი ადგილები.
მიუხედავად იმისა, რომ დავით კირკიტაძის მიერ დასახელებული თანხა, უწყება და სარეაბილიტაციო ობიექტების რაოდენობა არაზუსტია, მის მიერ ნახსენები უსახლკაროთა პრობლემა რუსთავში მართლაც მწვავედ დგას.
ადგილობრივ მედიაში როგორც უსახლკარო ადამიანები, ისე თავად რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები ამ საკითხზე ხშირად საუბრობენ. პრობლემის სიმწვავის აღიარების მიუხედავად, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში ამისთვის ცალკე თანხები გაწერილი არაა. საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერიის პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, რომ ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.
უსახლკაროებზე გათვლილი პროგრამა რუსთავის მუნიციპალიტეტს არც 2012 წლამდე ჰქონდა. ადამიანების ნაწილი, ვისაც უბინაობა აწუხებდა, ისევე როგორც ახლა, მაშინაც მიტოვებულ შენობებში თვითნებურად შედიოდა და ამ გზით ცხოვრების მინიმალური პირობების შექმნას ცდილობდა.

დასკვნა
რუსთავში კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია სრულად 4 მილიონ 448 ათასი ლარი ჯდება. ადგილობრივი ბიუჯეტი ამ თანხის მხოლოდ 5%-ს იხდის, 95%-ს კი ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, ასევე ქვაფენილის დაგება, დასასვენებელი ადგილების მოწყობა და 19 შენობის ფასადის რეაბილიტაცია ხორციელდება. თუმცა, რუსთავში უსახლკარო მოქალაქეთა საკითხი ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით კირკიტაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
მანონ ბოკუჩავა
factcheck.ge 

No comments: