სავალან მირზოევი - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გარდაბნის მუნიციპალიტეტში

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" აგრძელებს მაჟორიტარობის კანდიდატების საზოგადოებისთვის გაცნობას. ამჯერად „ქართული ოცნების" გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს სავალან მირზოევს ვესაუბრებით.
კითხვაზე რა არის მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული საკითხი ამბობს, რომ გარდაბანი აგრალური რაიონია, თუმცა მიუხედავად ამისა მოსახლეობას არ აქვს სრული ინფორმაცია ამ მიმართულებით არსებულს სახელმწიფო პროგრამებზე. შესაბამისად, საარჩევნო პროგრამის ნაწილს მოსახლეობისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებაზე აგებს.


„ ვფიქრობ, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად უნდა მოხდეს გარდაბნის სოფლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ორგანიზება. უნდა შევქმნათ მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნების  მიმართულებით არსებულ პროგრამებზე, მოსახლეობას ინფორმაციას მშობლიურ ენაზე მიაწვდიან. ამ ტიპის ინფორმაციის საჭიროება შეიძლება არსებობდეს ქართულ მოსახლეობასთანაც და მათთანაც გაკეთდება მსგავსი ღონისძიებები" - საუბრობს, სავალან მირზოევი.

ამბობს, რომ დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მიწის საკითხია. კონკრეტულად კი:

„ პრობლემა არსებობს იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს არ მოხდა მიწების კარგად განაწილება, ხალხი არის უკმაყოფილო.. კონკრეტულად არსებობს სოფლები, სადაც მიწის პრივატიზება მოხდა სხვების მიერ და სოფლის მოსახელობა დარჩა ისე. ლემშვენიერაში მიწები ბურებზე არის გადაფორმებული და ადგილობრივ მოსახლეობას 1 ჰექტარიც არ გააჩნია" - აცხადებს გარდაბანში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი. გვიხსნის, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გეგმავს. ამისთვის კი საწყის ეტაპზე,  შეისწავლის საკითხს.
პასუხი არ აქვს კითხვაზე, თუ რა საკანონმდებლო ინიციატივებს შეიმუშავებს გამარჯვების შემთხვევაში. „ პარლამენტში, რომ მოვხვდები მერე დავიწყებ მაგაზე მუშაობას საჭირო მიმართულებით" - გვპასუხობს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის პრობლემურ და ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს სახელმიწო ენის ცოდნის დაბალ დონეს. ამბობს, რომ ამ კუთხით პრობლემები არაა სკოლებში, სადაც მიიჩნევს, რომ ქართული ენის სწავლება კარგად მიმდინარეობს. თვლის, რომ საჭიროა მეტი კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიების ჩანატრება.

წარსულზე საუბრისას, ვახსენებთ „ნაციონალური მოძრაობის" 2012 წლის პროპორციულ სიაში მის 126 ადგილს. ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სწორია, თუმცა პარტიული არასდროს ყოფილა.

„ 21 წლის ასაკში დავიწყე საჯარო სამსახური. ვიყავი გარდაბნის ადმინისტრაციის უფროსი, შემდეგ გავიარე კონკურსი და დავინიშნე რეინტეგრაციის სამინისტროში, სადაც ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხუთწლიანი სახელმწიფო გეგმის შესრულებაზე ვმუშაობდი. მე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე არასდროს ვყოფილვარ. 2012 წელს დამირეკეს ნაციონალური მოძრაობიდან და მითხრეს, რომ იქნები ჩვენ პროპორციულ სიაში და პარტიაში უნდა გაწევრიანდე-ო. მე უარი ვუთხარი გაწევრიანებაზე, თუმცა მათ პროპორციული სია, სადაც მეც ვიყავი ჩაწერილი, მაინც შეიტანეს ცესკოში" - აცხადებს,  „ქართული ოცნების" გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი სავალან მირზოევი.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments