Sunday, August 7, 2016

მამუკა ჩიქოვანი: რუსთავში, ხალხის საკუთრებაში არსებული სპორტული მოედნის დემონტაჟი პირადი მიზნებისთვის ხდება

“ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა რუსთავში, თოდრიას და ქუჩიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის დემონტაჟი გააპროტესტა. ადგილზე მისულმა ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა: “ეს სტადიონი იყო ირგვლივ მაცხოვრებლების მოთხოვნის შედეგად აშენებული და, შესაბამისად, არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეს თავისი პირადი მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ეს არის ხალხის საკუთრება. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ზრუნავს, საერთოდ არ ითვალისწინებს ხალხის სურვილებს, ხალხის მოთხოვნებს. ერთადერთი, ის დაკავებულია თავისი პირადი კომფორტის უზრუნველყოფით და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა მიიტანოს სახლში”.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

როგორც აღმოჩნდა, მიწის ნაკვეთის ნაწილი – 400 კვადრატული მეტრი, სადაც აღნიშნული საფეხბურთო სტადიონი მოეწყო, მოქალაქე ლალი მამულაშვილს ეკუთვნის. სტადიონი მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში 2012 წლის ზაფხულში აშენდა. მოქალაქემ საკუთრების უფლების აღსადგენად სასამართლოს მიმართა. მამულაშვილის უფლებებს სამივე ინსტანციის სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი იცავდა.
სააღსრულებო ფურცელში საქმეზე – #3/138–13, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 23 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: “ლალი მამულაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს ლალი მამულაშვილის საკუთრებაში არსებული ქ. რუსთავის ქუჩიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 113-ე კვარტალში #4 ნაკვეთში (საკადასტრო კოდი 02.02.06.227) განთავსებული სპორტული მოედნის მოშლა”.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ დავის საგანს მოქალაქესა და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის წარმოადგენდა ერთი საკითხი – იყო თუ არა მიწის ხსენებული ნაკვეთი აღნიშნული მოქალაქის საკუთრება, როდესაც მასზე საფეხბურთო მოედანი მოეწყო. “სასამართლო შეფასებას აძლევს როგორც საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის და რეგისტრაციის საფუძვლის #335 განკარგულების, ისე უძრავ ქონებაზე განთავსების ქრონოლგიას. კერძოდ: ქ. რუსთავის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის 1994 წლის 31 მაისის #335 განკარგულებით, მოსარჩელეს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 2008 წელს, ხოლო სტადიონის მოწყობა მოხდა 2012 წელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს ევალებოდათ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად) სპორტული მოედნის მოწყობამდე შეემოწმებინათ, ხომ არ ილახებოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება. განსახილველ შემთხვევაში უდავოდაა მიჩნეული ის გარემოება, რომ სპორტული მოედნის ნაწილი განთავსებული და მოწყობილია მოსარჩელის საკუთრებაში” – აღნიშნულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ფაქტ-მეტრი საჯარო რეესტრის მონაცემებსაც გაეცნო, სადაც მოქალაქე ლალი მამულაშვილი მითითებულია როგორც ქუჩიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 113-ე კვარტლის #4 ნაკვეთის ერთადერთი მესაკუთრე. მამულაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სპორტული მოედანი 4 წლის წინ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში ისე ჩადგეს, რომ მან არაფერი იცოდა. “ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. უკვე ოთხი წელია ვიბრძვი, რომ დამიბრუნონ ჩემი საკუთრება. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა” – აღნიშნა მამულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეყოვნდა, რადგან საქმეში პროკურატურა ჩაერთო. უწყება, ძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პერიოდულად მიმართავდა აღსრულების ბიუროს და გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას ითხოვდა. მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ პროკურატურას ბიუროსთვის მსგავსი თხოვნით აღარ მიუმართავს. შესაბამისად, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმაც სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოედნის დემონტაჟი და მიწის მესაკუთრისთვის დაბრუნება დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში სამართლებრივად ყველაფერი უკვე გაირკვა, მესაკუთრე ლალი მამულაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოწყობილ აქციას სტადიონის გარშემო მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა, რის გამოც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოედნის დემონტაჟის გაგრძელებისგან თავს იკავებს. ფაქტ-მეტრი ადგილზე იმყოფებოდა და გაარკვია, რომ ამ ეტაპზე დემონტაჟის პროცესი მართლაცშეჩერებულია. კომენტარისთვის რუსთავის მერიას დავუკავშირდით. უწყების ცნობთ, დემონტაჟს მუნიციპალური ა(ა)იპ-ი ახორციელებს, თუმცა სამუშაოები ტექნიკის დაზიანების გამო შეჩერდა. “მხოლოდ ტექნიკური მიზეზით მოხდა დემონტაჟის შეჩერება და ის უახლოეს დღეებში გაგრძლდება. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოედნის დემონტაჟს, ჩვენ გვქონდა მასთან შეხვედრები და სპორტული მოედნის მოწყობა სხვა მონაკვეთზე შევთავაზეთ. ამ დროისთვის, უკვე ახალშერჩეულ ტერიტორიაზე, სპორტული მოედნის მოწყობისთვის პროექტის მომზადება მიმდინარეობს” – განაცხადა რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ აქუბარდიამ.

დასკვნა
როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, ტერიტორია, სადაც სპორტული მოედანია განთავსებული, მოქალაქე ლალი მამულაშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ 400 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს მოიცავს. მიმდინარე დემონტაჟი კი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას წარმოადგენს და ხალხის საკუთრებაზე ან პირად ინტერესებზე აპელირება არამართებულია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ჩიქოვანის განცხადება არის მცდარი.

მანონ ბოკუჩავა
factcheck.ge 

No comments: