Sunday, August 7, 2016

ბესიკ წიკლაური: თეთრიწყაროში დიდგორის ქუჩაზე მდებარე სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა

26 ივნისს, 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას, თეთრიწყაროს გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა განაცხადა: “თეთრიწყაროში დიდგორის ქუჩაზე არსებული სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ასევე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათება მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 27 336 ლარი შეადგინა”.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ საკითხზე გამოთხოვილი დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები შპს “თეგმა” შეასრულა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, შესყიდვით აღებული ვალდებულებები შესრულდა. კერძოდ, განხორციელდა: დამცავი ღობეების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხელოვნური საფარის მოწყობა, სკამების წინ დამცავი მცირე ღობის რეაბილიტაცია, ფოლადის მილების, ელექტროგაყვანილობის და პროჟექტორების მონტაჟი.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ღირებულება 28 308 ლარს შეადგენდა, ექსპერტიზის ფაქტიური დასკვნის მიხედვით კი, პროექტის ფარგლებში 27 336 ლარი იქნა ათვისებული. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ პროექტში საღებავისთვის გაწერილ ღირებულებაზე 307 ლარით ნაკლები დაიხარჯა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო. აღმოჩნდა, რომ რეაბილიტირებული სტადიონის შესასვლელი გზა არაა მოასფალტებული, ობიექტი კი გაუთიბავ ბალახშია ჩაფლული. ამავე ტერიტორიაზე სხვა მოედანიცაა, რომელიც არაა კეთილმოწყობილი. გარშემო დამტვრეული სკამები და ლამპიონების ამომძრვალი ბოძებია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს დავუკავშირდით. ბესიკ წიკლაურის განცხადებით, აღნიშნული მოედნის გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობას მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში გეგმავს. მისივე თქმით, სტდიონის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა.
მოსახლეობა კი ამბობს, რომ რეაბილიტირებული მოედნით მოზარდები პერიოდულად სარგებლობენ, თუმცა ტერიტორია მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გართობისა და დასვენების აქტიური ადგილი ვერ გახდა.

დასკვნა
ფაქტ-მეტრმა დაადგინა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც თეთრიწყაროში დიდგორის ქუჩაზე არსებული სტადიონის რეაბილიტაციას გულისხმობდა, შესრულდა. თუმცა, მის გარშემო არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ობიექტი თავის მოვალეობას სრული დატვირთვით ვერ ასრულებს. მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, უახლოეს მომავალში, აღნიშნული ტერიტორიის სრული კეთილმოწყობის პირობას დებს.
ფაქტ-მეტრი ამ თემას თვალს მიადევნებს და გადაამოწმებს, შესრულდება თუ არა ეს დაპირება. ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ ბესიკ წიკლაურის განცხადება არის სიმართლე.

მანონ ბოკუჩავა
factcheck.ge 

No comments: