გარდაბანი - აფხაზეთიდან დევნილები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ


გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმაშენებლის #23-ში, ყოფილი გვარდიის საერთო საცხოვრებელში 1993 წლიდან აფხაზეთიდან  იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. სხვა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან ერთად მათი მთავარი საზრუნავი სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდების პრობლემის მოგვარებაა, რომელსაც ისინი უკვე წლებია ამაოდ ცდილობენ.
წყლის მიწოდების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს ადგილობრივი მოსახლეობა წყალს ნაკვეთების სარწყავად იყენებს, რის გამოც  წყლის წნევა ეცემა  და საცხოვრებელ ბინებამდე ვერ აღწევს. მათთვის ერთადერთი გამოსავალი  ეზოში არსებული ონკანია, სადაც წყალი გრაფიკით მოდის და ბიდონებით  უწევთ მისი შეგროვება. თუმცა, არის ისეთი დღეებიც, როდესაც  დაბალი წნევის გამო ეზოშიც წყდება წყალი და კორპუსის ოცდაორივე ოჯახი უწყლოდ რჩება.

პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა დასახლებაში არსებული ჭაბურღილის შეკეთებაა, რომელიც დაახლოებით 5 ათასი ლარი ჯდება და შედეგად 24 საათიანი წყლის მომარაგებას უზრუნველოფს. 2014 წელს აღნიშნული ჭაბურღილის ძრავი, რომელიც 25 ტონიან რეზერვუარში წყლის შეგროვებას უზრუნველყოფდა,  დაზიანდა და წყლის გარეშე დარჩა როგორც დევნილი,  ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე იქვე მდებარე სპორტკომპლექსის, მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურისა და ელქსელის შენობები. 2016 წელს  აქ მცხოვრებმა დევნილებმა მუნიციპალიტეტს მიმართეს, თუმცა ოფიციალურ წერილში პასუხად უარი მიიღეს.

პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა საბურღი მოწყობილობის ადგილზე მიყვანა, რათა ჭაბურღილის ტერიტორია გაიწმინდოს და ამასთან, გეოლოგების მიერ შემოწმდეს წყლის დებეტის დონე, რასაც მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში წყლის მომარაგების კომპანიასთან ერთად გეგმავს.

აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების პრობლემის იდენტიფიკაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის „დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე“ ფარგლებში მოხდა. დასახლებაში განხორციელებული საველე ვიზიტებისა და დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების შემდგომ დაიგეგმა ადვოკატირების კამპანია სახელწოდებით „ერთად დევნილებისთვის“. კამპანიის ფარგლებში მომზადდა პრობლემის შესახებ მცირე ვიდეო რგოლი, რომელიც 13 – 20  ივლისს ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე გადიოდა ტელეკომპანია ტვ 4-ის ეთერში. ვიდეო დეტალურად აღწერს დევნილთა წინაშე არსებული პრობლემის სიმწვავეს,  ასევე მოისმენთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.



პროექტი „დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე“ ხორციელდება აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს  შვიდ სამიზნე მუნიციპალიტეტში (გარდაბანი, ბორჯომი, ხაშური, ზუგდიდი, წალენჯიხა და ქუთაისი) მდებარე დევნილთა  დასახლებებში იდენტიფიცირებული პრობლემების წინ წამოწევას და გადაჭრის შესაძლო გზების მოძიებას.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი
ფოტო: კადრი ტვ 4-ის სიუჟეტიდან





Comments