Saturday, March 16, 2019

ნანა მასწავლებელი ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელ ხიხანიდან


სოფელ ხიხანში ნანა მასწავლებლის სახლი ყველამ იცის. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეკომიგრანტებით დასახლებულ 500 მოსახლიან სოფელში, ნანა გაბაიძე რუსულსაც ასწავლის, ცეკვასაც და ქალთა ფეხბურთის გუნდსაც უძღვება.
პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი ერთ დროს ბაღის გამგეც იყო, დღეს კი სოფელში მრავალ განსხვავებულ საქმეს ითავსებს.
2014 წლიდან საკუთარი სახლის პირველ სართულზე სათემო ცენტრი აქვს მოწყობილი და აქაურობა ხიხანელების თავშეყრის ერთადერთი ადგილია. სახლის მეორე სართულზე კი მსურველებს ცეკვას ასწავლის და არც ქართული ხალხური ფოლკლორის ჯგუფს ეუბნება უარს.
ამბობს რომ მის პატარა ოჯახს რამდენიმე ოთახიც ჰყოფნის. სახლის დარჩენილი ნაწილი მზადაა, სოფელს დაუთმოს.


ნანა მასწავლებელი ერთადერთი ქალია სოფელ ხიხანში, რომელსაც ტრენინგებზე უვლია.  ამბობს დაწყება რთული იყო, სოფელში ბევრს ჭორაობდენ და ბევრი სირთულის გადალახვაც მოუწია. საბოლოოდ, ასწავლეს, გადაამზადეს და გადაწყვიტა თავად გამხდარიყო სოფლის ქალებისთვის მაგალითი.
დღეს ხიხანში სოციალური საწარმოს გახსნაზე ოცნებობს. უნდა ხიხანელი ქალები დაასაქმოს და ერთად შეკერონ თეთრეული, რომელსაც სასტუმროებს ან მაღაზიებს მიაწვდიან. მისი თქმით, აღნიშნული საწარმო ხიხანელი დიასახლისებისათვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება. ქალები დასაქმდებიან და საზოგადოებაში სოციალურ სტატუსსაც შეიძენენ.
სამსახურის მნიშვნელობაზე ხშირად ესაუბრება სკოლის მოსწავლე გოგონებსაც. მის სახლში  წერენ პროექტებს და სოფლის პრობლემების მოგვარებისთვის სხვადასხვა უწყებებს მიმართავენ. ნანა მასწავლებლის დახმარებით ბავშვები ცდილობენ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ, ხან ხეებს რგავენ სკოლის ეზოებში, ხანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ. ცდილობენ სოფლის პრობლემები თანდათანობით მოაგვარონ
პრობლემა კი სოფელ ხიხანს ბევრი აქვს.

ნანა მასწავლებელს ყველაზე მეტად სოფლის დაცარიელების პერსპექტივა აწუხებს. ახალგაზრდებს ქალაქისკენ უჭირავთ თვალი, ახალი მოსახლეები კი ხიხანში წლებია აღარ ჩამოდიან. ამის მიზეზად სოფელში სარწყავი სისტემის მოუწესრიგებლობას ასახელებენ. მოსახლეობის თქმით, სარწყავი წყლის უქონლობის გამო ხიხანში ეკონომიკური პრობლემებია, კარგი მოსავალი არ მოდის, ხოლო რაც მოდის ადგილობრივებს არ ჰყოფნით ოჯახების გამოსაკვებად. ამას გარდა, რთულ მდგომარეობაში არიან ახალგაზრდებიც, რადგან ხიხანში გასართობი ბევრი არაფერია.  სოფლის ერთადერთი სტადიონი წლების წინ შეაკეთეს დღეს იგი სავალალო მდგომარეობაშია. 

ხიხანელები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების უქონლობას უჩივიან. მათი თქმით, იმის გამო რომ სოფელში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისი არ მოქმედებს მოსახლეობა ნარჩენებს მინდვრებში – სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში ყრის.
თუმცა ყველაზე მეტად ნანა მასწავლებელს ბავშვებისთვის ცეკვისა და სპორტის მასწავლებლების დანიშვნა სურს. ამბობს, რომ ფართს უსასყიდლოდ დაუთმობს, იმისათვის რომ სოფლის ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ.

ნინო მელიქიშვილი
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით


No comments: