„უხელფასო დარაჯები“ – ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან


ავტორი: მანონ ბოკუჩავა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი
მასალა მომზადდა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) მიერ, პროექტის ფარგლებში: “ადამიანის უფლებათა დაცვის” ხელშეწყობა  “საზღვრის წინა ხაზზე”. პროექტი ხორციელდება “დემოკრატიის ევროპული წვლილის” (EED) ფინანსური მხარდაჭერით.
(სოფლები ზარდიაანთკარი და გუგუტიაანთკარი)
„ჩვენ უხელფასო დარაჯები ვართ“ – ასე იწყებს საუბარს ზარდიაანთკარში მცხოვრები ც.ე. ამბობს, რომ სოფელში ომის შემდეგ სიღარიბე, შიში და უიმედობა დარჩა.

დამწვარი სახლები, ტყვიებისგან დაცხრილული სახურავები, ახალგაზრდებისგან დაცლილი გარემო – ეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე ზარდიაანთაკარის დღევანდელი დღეა. სოფელს მამლის ყივილის ნაცვლად საოკუპაციო ძალების წვრთნების ხმა არ აძინებს. არის კიდევ ერთი შიში.. ვაი და, მოგინდეს, ოდითგან შენი რომ იყო, იმ საძოვრებზე საქონლის გაყვანა, ეს სურვილი შეიძლება უკანონო პატიმრობად, ჯარიმად და ოჯახის წევრების ნერვიულობად დაგიჯდეს.
სოფელ ზარდიაანთკარში და გუგუტიაანთკარში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ უახლესი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ამ დროისთვის არ არსებობს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის აღწერა ბოლოს 2014 წელს ჩატარდა. აღწერისას გუგუტიაანთკარში 144 (71 კაცი, 73ქალი), ხოლო ზარდიაანთკარში 28 (14 კაცი, 14 ქალი) ადამიანი ცხოვრობდა. ორივე დასახლებაში ადგილი აქვს მოსახლეობის აქტიურ მიგრაციას. მიზეზი უსაფრთხოებასთან ერთად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია.

სოფელი ზარდიაანთკარი

ზარდიაანთკარზე კონტროლი ქართულმა მხარემ მხოლოდ 2012 წელს აღადგინა. მას შემდეგ სოფელში პოლიციის საგუშაგო ფუნქციონირებს. ზარდიაანთკარში შესვლა მხოლოდ ქართული საგუშაგოს გავლის შემდეგაა შესაძლებელი, სადაც ქართველი სამართალდამცველები მგზავრების დოკუმენტებს ამოწმებენ, ვიზიტის მიზანს იკვლევენ და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციის ესკორტს გაყოლებენ. ზარდიაანთკარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. 2012 წელს, საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან 4 წლის შემდეგ, დაბრუნებულ მოსახლეობას ომის შედეგად დაზიანებული სახლები და ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად დაკარგული საძოვრები დახვდა.


(ზარდიაანთკარი, გ.გ-ს საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2008 წელს დაწვეს)
გ.გ. ომის დროს დამწვარი სახლის სახურავის აღდგენას 2012 წლიდან დღემდე უშედეგოდ ითხოვს. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან საცხოვრებელ მდგომარეობაში მხოლოდ ერთი ოთახია მოყვანილი, ისიც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. გ.გ-მ 2009 წელს კომპენსაციის სახით 15 ათასი დოლარი მიიღო, თუმცა, ვინაიდან თანხის მიღებისას სოფელზე კონტროლს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახორციელებდა, შენობის აღდგენა ვერ შეძლო.
აცხადებს, რომ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო აღნიშნული თანხა ფიზიკური არსებობისთვის და პატიმარი შვილის ხარჯების გასასტუმრებლად დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი სრულად საჭიროებს აღდგენას – ხელისუფლებას მხოლოდ სახურავის შეძენას სთხოვს.

(ზარდიაანთკარი, ც.ე-ს საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2008 წელს დაზიანდა)
ომის დროს ნახევრად დამწვარი, დაზიანებული და გაძარცვული სახლისთვის კომპენსაცია არ მიუღია ც.ე-ს. აცხადებს, რომ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს სახლის სრულად რეაბილიტაციას. ც.ე-ს ოჯახის კუთვნილი 2ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი მოუვლელობის 2 გამო გაპარტახებულია და მოსავალს აღარ იძლევა.
ზარდიაანთკარზე კონტროლი საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 2012 წელს აღადგინა. შესაბამისად, 2008-2012 წლებში მოსახლეობას არ ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავების შესაძლებლობა. სოფლის მცხოვრებლები დაკარგული საძოვრების გამო პირუტყვს ვერ ინახავენ.
„ომისგან მიყენებული ზარალი აგვინაზღაურონ, ჩვენ სხვას არაფერს ვითხოვთ. ომამდე გამართული სახლები გვქონდა, ხეხილით სავსე ბაღები, საქონელი. ახლა საქონელი ერთ ან ორ ადამიანს თუ ჰყავს და ისინიც დადიან და თოკით დაჰყავთ. თუ გაიქცა ის საქონელი, მერე იმ გამყოფი საზღვრიდან ვერც გამოიყვან“ ,- გვითხრა ც.ე-მ.

(ზარდიაანთკარი, თ.ტ. ითხოვს შვილის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას)
ომის დროს დამწვარი სახლის აღდგენას ითხოვს ამავე სოფელში მცხოვრები თ.ტ-ც. აცხადებს, რომ სახლი მის შვილს ეკუთვნის და უსახსრობის გამო აღდგენას ვერ ახერხებს. თავად თ.ტ-ს 2009 წელს მიღებული აქვს 15 ათასი დოლარის კომპენსაცია. თუმცა, ისევე, როგორც სოფლის სხვა მაცხოვრებლები, გვიხსნის, რომ სოფელზე კონტროლი იმჟამად დაკარგული იყო და სახლის აღდგენას ვერ შეძლებდა. დასძენს, რომ მანაც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო თანხა საკვებზე და ჯანმრთელობის მხრივ არსებულ სხვადასხვა საჭიროებებზე დახარჯა.
შეკეთებას და სახურავის გამოცვლას საჭიროებს ზარდიაანთკარში მცხოვრები ჯ.თ-ს საცხოვრებელი სახლიც. სახლის სახურავი ტყვიებისგანაა დაზიანებული, დახეთქილია კედლები. დაზიანებული სახლების გარდა, ზარდიაანთკარში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნებიც აწუხებთ. ადგილობრივების განმარტებით, სროლის და აფეთქებების ხმა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც ფიზიკური დაუცველობის განცდას ამძაფრებს. ადგილობრივების განმარტებით, რომ არა პოლიციის არსებობა მათ სიახლოვეს, სოფელს თავადაც დატოვებდნენ.
შიშის და უპერსპექტივობის გამო ახალგაზრდები ზარდიაანთკარს ტოვებენ. სოფელს ერთი სკოლის მოსწავლე და ორი სტუდენტი ჰყავს. მოსწავლე მერეთის სკოლაში დადის და ტრანსპორტი ემსახურება. სტუდენტებს სწავლის თანხას სახელმწიფო უხდის. სოფელს მიეწოდება ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და სასმელი წყალი. ზარდიაანთკარი მაღალმთიანი დასახლებების სიაში შედის. შესაბამისად, სოფლის მაცხოვრებლები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობენ. ზამთარში იღებენ ბუნებრივი აირის ე.წ. 200- ლარიან ვაუჩერს, ნაწილობრივ სუბსიდირებული აქვთ ელექტროენერგია, თუმცა ეს ვერ ცვლის მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ზარდიაანთკარი მიმდინარე წელს სეტყვამ დააზარალა. თუმცა, მოსახლეობის განცხადებით, არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება არ მიუღიათ. შხამ-ქიმიკატების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთების შესაძენად განკუთვნილი 300- ლარიანი ვაუჩერი, რაც მოსახლეობას სეტყვის შემდეგ დაურიგდა, მათი განცხადებით, საჭიროებების ადეკვატური არ იყო.
სოფელი გუგუტიაანთკარი
ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ სოფელ გუგუტიაანთკარშიც, სადაც მოსახლეობამ ე.წ. „ბორდერიზაციის“ გამო საძოვრები და გაშენებული ბაღები დაკარგა.
ომის შემდეგ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა რ.ჯ-ს და მ.კ-ს მიწის ნაკვეთი, რომელიც მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.
„ომამდე გვქონდა ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მოგვყავდა სიმინდი, ლობიო, ხახვი – ადამიანურად ვინახავდით ჩვენს ოჯახებს. არავისზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა გავლებულია საზღვარი და ჩვენი მიწა დაკარგულია“, – გვითხრა რ.ჯ-მ.
მიწის ნაკვეთი დაკარგა ნ.გ-მაც. მისი ნაკვეთი საოკუპაციო ხაზთან ახლოსაა. ამბობს, რომ გატაცების შიშით ნაკვეთთან ახლოს ვერ მიდის. ზარდიაანთკარის მსგავსად, „ბორდერიზაციის“ გამო საძოვრები დაკარგა გუგუტიაანთკარმაც. შესაბამისად, მსხვილფეხა საქონელი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს ჰყავს. ადგილობრივები ძროხებს საბალახოდ ვერ უშვებენ, რადგან ე.წ. საზღვართან მიახლოების საშიშროებაა.
„მორიგეობით დაგვყავს [ძროხები] საბალახოდ. ომამდე ეს პრობლემა არ გვქონდა. იყო სოფლის საძოვრები და ვუშვებდით საქონელს“,- გვითხრა
მ.კ-მ სოფელ გუგუტიაანთკარიდან.
(ზარდიაანთკარი, მოსახლეობა ძროხებს საბალახოდ ვერ უშვებს)
გუგუტიაანთკარში დაბრუნებულმა მოსახლეობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა ტყვიებისგან დაზიანებული სახურავების შეცვლა.

(გუგუტიაანთკარი, მ.კ. ომის შედეგად დაზიანებულ სახლს გვაჩვენებს)
მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენას და ხელშეწყობას ითხოვს.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები და პროდუქტებით ერთჯერადი დახმარება, რომელიც მოსახლეობამ წელს სეტყვის შემდეგ მიიღო, ვერ ცვლის მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობას.
გუგუტიაანთკარს საბავშვო ბაღი არ აქვს. დაწყებითი სკოლის შენობაში, რომელიც 2008 წლის ომამდე ფუნქციონირებდა, ომის შედეგად დაზარალებული ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებს სოფელ მერეთში მდებარე სკოლაში უწევთ სიარული. მართალია, სკოლის მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება, თუმცა მოსახლეობა გუგუტიაანთკარის დაწყებითი სკოლის ფუნქციონირების აღდგენას ითხოვს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გორის მუნიციპალიტეტის მერეთის თემის სოფლების, ზარდიაანთკარის და გუგუტიაანთკარის პრობლემებზე 30 ოქტომბერს კითხვებით  მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.






Comments