გარდაბანში საოლქომ 27 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას, 29 ოქტომბერს, საჩივრით სამმა ორგანიზაციამ მიმართა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საქართველოს მომავლის აკადემია“ და „ღია სივრცე კავკასია“ არჩევნების დღეს გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე წერს და გარდაბნის 27 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვს.
კერძოს საჩივარში ვკითხულობთ, რომ გარდაბნის საარჩევნო უბნებზე: 1,2,3,4,5,6,7,8,9,14,15,16,19,21,24,29,33,37,39,41,42,43,44,46,47,52,53 – არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა, რის გამოც საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამ უბნებზე კენჭისყრის შედეგები უნდა გაბათილდეს.
სარჩელში დეტალურად არის საუბარი, თითოეულ უბანზე გამოვლენილ დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე. ჩამონათვალში ვკითხულობთ ინფორმაციას საარჩევნო კაბინაში ამომრჩეველთან ერთად შესულ პირებზე, აგიტაციაზე უბანზე, პირადობის მოწმობაზე მიკრულ სხვის პირად ნომერზე, საარჩევნო კაბინაზე მიმაგრებულ ყუთზე, რომლის გამოც რთული იყო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების ფაქტის გამოვლენა, ხელის შეშლაზე და ზეწოლაზე დამკვირვებლებზე – ბიულეტენის აპარატში მოთავსების დროს, ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევაზე.
სარჩელი გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის იმ შინაარსის, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ამ უბნების არჩევნების შედეგებზე.
ფოტო: არჩევნების დღე, გარდაბნის მე-16 საარჩევნო უბანი.
QvemoQartli.ge
Comments