Wednesday, May 5, 2010

ყვითელი ავტობუსის მძღოლად გადაქცეულ რუსთავის მერობის კანდიდატს არასასიამოვნო მგზავრი შეხვდა



















2 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა მამუკა ჩიქოვანმა მოსახლეობასთან ურთიერთობის ახალი ფორმა აირჩია. ყოფილი მერი რუსთაველებს #4 ყვითელი ავტობუსის მძღოლად მოევლინა. ამ ამპლუაში მის დებიუტს შემთხვევით შევესწარით და მასთან ინტერვიუს ჩაწერის შანსი ხელიდან არ გავუშვით.
ვიდრე ახალბედა მძღოლს humanrights.ge კითხვებს დაუსვამდა, იგი მოქალაქეებს მძღოლის კაბინიდან ელაპარაკებოდა. „ახლა მთავრობას იმიტომ არ ლანძღავთ, მე რომ აქ ვზივარ?’“ – ეხუმრებოდა მათ. ინტერვიუზეც უპრობლემოდ დაგვთანხმდა, ვიდრე რამდენიმე მისთვის არასასიამოვნო საკითხს არ შევეხეთ.


რუსთავში „ნაციონალების“ ნომერ პირველი კადრისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა კითხვები რუსთავის კალათბურთის გუნდ „ენერჯი ინვესტსა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდებს შორის შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე. არასასიამოვნო თემებზე გადასვლისას მისმა თანმხლებმა მამაკაცმა საუბრის შეწყვეტა მოგვთხოვა.

გთავაზობთ საუბრის ჩანაწერს.

- ბატონო მამუკა, ახალი სამსახური გაქვთ?
- არა ახალი სამსახური არა მაქვს. თქვენ საიდან ხართ?
- „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტი ვარ ქვემო ქართლში.
- ვვარჯიშობ... რა იცი, რაში გამომადგება.
- ეს მოსახლეობათან შეხვედრის ახალი ფორმაა?
- ხო.
- ვისარგებლებ ამ შემთხვევით და რამდენიმე კითხვას დაგისვამთ... ბატონო მამუკა, 27 აპრილს რუსთავის კალათბურთელთა გუნდი „ენერჯი ინვესტი“ ეთამაშებოდა შსს-ს გუნდს. ჩვენი ინფორმაციით, შსს-ს გუნდის დამარცხების შემდეგ გულშემატკივრებმა, რომელთა შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ჭარბობდნენ, ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს რუსთაველებს. ეს ინციდენტი ადგილობრივმა მედიამ დააფიქსირა. სწორედ ისინი საუბრობენ, რომ შსს-ს თანამშრომლებმა მათ ფოტოაპარატები და დიქტოფონები ჩამოართვეს, მიაყენეს შეურაცხოფა. მათი თქმით, ამ ყველაფერს თქვენ თვალს ადევნებდით და მათ დასახმარებლად არაფერი გააკეთეთ.
- ეს ამბავი მხოლოდ გაზეთიდან გავიგე.
- ანუ თქვენ იქ ბრძანდებოდით და ასეთი შეხლა-შემოხლა არ შეგიმჩნევიათ?
- დიახ. ჩემთვის არავის მოუმართავს.
- საუბარი იყო იმაზეც, რომ იმ დღეს „ენერჯი ინვესტის“ დაკავებულ გულშემატკივრებს რუსთავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მიაკითხეთ და გირაო თავად გადაუხადეთ. რა კომენტარს გააკეთებთ ასეთ ინფორმაციაზე?
- არა! ტყუილია!
ამ დროს საუბარში ჩიქოვანის თანმხლები მამაკაცი ჩაერთო: „გაჩერებებზე დაელაპრაკეთ!“
- არა, არა, მელაპარაკე! პრობლემა არ არის. ტყუილია-მეთქი, გეუბნებით, ეს ყველაფერი.
- მეც არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, მოგვაწოდეს ასეთი ინფორმაცია და თქვენი პასუხით მაინტერესებს.
- ჟურნალისტებს რომ რაღაცეები გაუკეთეს, კასეტები წაართვეს და ეგეთები მე არ გამოგია. მე როგორც მითხრეს, ეგეთი რამე იქ არ მომხდარა. მეტი რა გითხრათ, არ ვიცი.
- როგორ შეაფასებთ თქვენ შანსებს ამ არჩევნებზე?
- 30 მაისს ვნახოთ. ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, რომ ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
- დღის ბოლომდე აქ იმუშავებთ?
- დიახ. სასიამოვნოა ხალხთან ესეთი ურთიერთობა.
- ხომ არ ნანობთ, სხვა დროსაც რომ არ მიმართავდით ამ მეთოდს?
- არა, სხვა დროსაც არ დამიკლია მსგავსი რაღაცები. თქვენ თუ რუსთაველი ხართ, გეცოდინებათ, რომ კაბინეტში არ ვმჯდარვარ.
- ერთი წლის წინ მე მოვამზადე მასალა, სადაც ჩემი რესპოდენტი იყო მერიის ყოფილი თანამშრომელი, ლევან ტოპრაკაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ თქვენ მას ქუჩური საქმის გარჩევა მოუწყვეთ, დაემუქრეთ და სწორედ თქვენ გამო გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. მაშინ არ ისურვეთ ამ თემაზე სასაუბროდ ჩემთან შეხვედრა. ახლა რა კომენტარს გააკეთებთ ამ საქმეზე?
- რა სისულელეა. კაი რა. მორჩი ახლა. მიშლი ხელს!.. ჩემი სკოლელი იყო და მორჩა.
- დღევანდელი მუშაობის შედეგად მოქალაქეების როგორი პრობლემები გახდა თქვენთვის შესამჩნევი?
- პრობლემები ბევრია და გასაკეთებელიც ბევრი გვაქვს.
- კონკრეტულად რაზე საუბრობენ მოქალაქეები?
- რაზე და გასაკეთებელი კვლავ ბევრია.
„გამკეთებელი ვინაა?!“ - საუბარში მოულოდნელად მგზავრი ქალბატონი გვერთვება. პასუხად მამუკა ჩიქოვანი ანერვიულდა და ინტერვიუს დასრულებას შეეცადა: „გინდა შარში გაგვხვიო?! მძღოლს საერთოდ არ უნდა ელაპარაკო, არ იცი შენ?!“
- თქვენ ხომ განსაკუთრებული მძღოლი ხართ?
- თქვენ არ ჩაბრძანდებით?
- არა, არსად მეჩქარება.
კანდიდატს გაჩერებაზე ჩასული მგზავრები ემშვიდობებიან და წარმატებას უსურვებენ. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს მათი დიდი ნაწილი აპროტესტებს. ჩვენ ვცდილობთ, ინტერვიუ გავაგრძელოთ.
- ბატონო მამუკა, ადილობრივი პრესის ჟურნალისტები საუბრობენ, რომ თქვენი პრეს სამსახურის ხელმძღვანელი მათ უტაქტოდ ესაუბრება. მაგალითად, რუსთავში ახლახანს გამოცემული გაზეთის - „რუსთავის ამბების“ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ კალათბურთის მატჩის შეხვედრასთან დაკავშირებულ ინციდენტზე ესაუბნენ თქვენს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს და მისი პასუხი მათთვის შეურაცმყოფელი იყო.
- მომისმინე... როცა ჟურნალისტი რაღაცა კორექტულ ფორმას გადადის, მაშინ…
- მე კონკრეტულ შემთხვევაზე გეკითხებით. მაშინ, გვიპასუხეთ, რა ფორმით გასცდნენ ადგილობივი პრესის წარმომადგენელი კორექტულობის ფარგლებს?
- შენგან თუ ვერ ვხედავ მე ზრდილობას, რატომ ითხოვ ჩემგან?!
- უზნეობა გამოვავლინე?
ჩიქოვანის თანმხლები მამაკაცი: „არ შეიძლება ასე და მორჩი!“
- რატომ არ შეიძლება? ჩემ მოვალეობას ვასრულებ. საჯარო მოხელესგან ვიღებ ინფორმაციას.
- ჩიქოვანის თანმხლები მამაკაცი ხმას უწევს: „არ შეიძლება და იმიტომ!“
- ეს ადამიანი რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ნომერ პირველი კანდიდატია. მე ჟურნალისტი ვარ და მაქვს უფლება, ამ კანდიდატით დავინტერესდე. ნუ მიყვირით!
მამუკა ჩიქოვანი: „ვერ ხედავ, არ ესმის და გაანებე თავი“.
- შეურაცხყოფისთვის დიდი მადლობა.
- ავტობუსს ვატარებ და უკან მიზის ოცი კაცი. გავჩერდები და მელაპარაკე მერე.
- გპირდებით, დავწერ, რომ ბოდიშს გიხდით ასეთი შეწუხებისთვის.
- კარგი, მეც ახლა ყველას თვალწინ გიხდი ბოდიშს, თუ რამე გაწყენინე.


მანონ ბოკუჩავა
ქვემო ქართლი

მასალა გამოქვეყნდა საიტზე www.humanrights.ge
სტატიის გამოყენება აღნიშნული საიტის მითითების გარეშე აკრძალულია!

No comments: