Wednesday, June 2, 2010

ე. წ. დახურულ უბანზე სხვა რეგიონებში მცხოვრები სამხედროები ხმას მაინც რუსთავის მაჟორიტარს აძლევდნენ
















30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ზუსტად საათნახევარი ველოდებოდით რუსთავის #87 საარჩევნო უბანზე შესვლის ნებართვას. ეს ე.წ. დახურული უბანია და განთავსებულია რუსთავის მშენებელთა ქუჩაზე, #2 საპყრობილის ტერიტორიაზე.

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ნოზაძემ ადგილზე მყოფ დამკვირვებელ ჟურნალისტებს გვითხრა, რომ უბანზე შესასვლელად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნებართვა გვჭიდებოდა. ჩვენთან ერთად იყო ჟურნალ „ლიბერალის“ კორესპოდენტი მაია წიკლაური და „რუსთავის ამბების“ დამკვირვებელი გია მაზმიშვილი. ჩვენ ვესაუბრეთ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ არჩევნებზე მონიტორინგის პროექტის კოორდინატორს ნინო აბაიშვილს და ექსპერტს სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილს, რომლებმაც გვითხრეს, რომ მსგავს საარჩევნო უბნებზე არანაირი განსხვავებული წესი არ არსებობს და უბანზე შესვლის სრული უფლება გვქონდა. ასევე დავუკავშიდით ცესკოს სპიკერს, ჯული გიორგაძეს, რომელიც დახმარებას დაგვპირდა.












საბოლოოდ ე. წ. დახურულ უბანზე იმ დროს შეგვიშვეს, როცა მის დახურვას ათი წუთი აკლდა. ადგილზე დაგვხდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ბეჟან მჭედლიძე, რომელმაც გვითხრა, რომ უბანზე შესასვლელად მას არანაირი პრობლემა არ შექმნია და იქ დილიდან მუშაობდა. ასევე ამბობდა, რომ უბანზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირდა. თუმცა, ჩანაწერთა წიგნის დალუქვამდე ჩვენ მასში „ქრისტიან-დემოკრატების“ საჩივარი ვნახეთ. ამ პარტიის წამომადგენელს განმარტება ვთხოვეთ, მაგრამ გვითხრა - ისეთი არაფერი არ არისო და საუბარი არ ისურვა. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, უბანზე უკამათიათ ერთ საკითხზე - საპყრობილის სამხედრო პერსონალი, რომელიც არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხმას მაინც რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატს აძლევდა.
ჩვენ ამომრჩეველთა რეგისტაციის ჟურნალის ყველა გვერდი გადავიღეთ. საარჩევნო უბანი რაკი იხურებოდა და ინვენტარის დალუქვა იწყებოდა, ჩვენ ამ ჟურნალის ადგილზე დეტალურად გაცნობის საშუალებ არ გვქონდა.












შემდგომ როგორც გავარკვიეთ სიაში აღმოჩნდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, მაინც ირჩევდა რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს. მისამართები ასეთი იყო: სოფელი უდე (სამცხე-ჯავახეთი), გლდანის მე-3 მკრ-88 კორპუსი, სოფელი მარტყოფი, სოფელი ორბეთი და ა.შ.
ამავე საარჩევნო უბანზე ვნახეთ მერცხლის ბუდის ქვეშ დამონტაჟებული ვიდეოკამერა, რომლის არსებობა საარჩევნო კომისიის წევრებმა მხოლოდ ჩვენი დაინტერესების შემდეგ გაიგეს.
ხმების დათვლის პროცესს დავესწარით რუსთავის #59 უბანზე, სადაც ჩვენი თანხლებით ზემოთხსენეული სამხედრო უბნიდან წამოიღეს ბიულეტენების ყუთი. ხმების დათვლა ერთად მოხდა და საერთო მონაცემი დაიდო. უბანზე მუშაობისას ჩვენი ფოტოაპარტით მუშაობა „ნაციონალების“ დამკვირვებელმა კობა ძლიერაშვილმა გააპროტესტა. ეს არის ქ. რუსთავის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი, რომელიც ამჟამად შვებულებაშია.
„მე არ გადამიღოთ. არა გაქვთ უფლება, რადგან მე არ მინდა“, – განაცხადა ძლიერაშვილმა. მას აჰყვა კომისიის წევრი პარტიიდან „ჩვენ თვითონ“, მამუკა სუხაშვილი: „მე არ გადამიღო, გეუბნები. უნდა დავითვალო ბიულეტენები და შენი აპარატის „სპიშკა“ ხელს შეგვიშლის“.
სიტუაციის უფრო დაძაბვის შემთხვევაში უბნიდან გამოსვლას ვაპირებდი, თუმცა ადგილზე საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მოვიდნენ და კომისიის წევრებს განუმარტეს, რომ კენჭისყრისას უბანზე მყოფი ნებისმიერი პირის გადაღების უფლება მქონდა, მიუხედავად მათი სურვილისა.



მანონ ბოკუჩავა
ქვემო ქართლი

მასალა გამოქვეყნდა საიტზე www.humanrights.ge
სტატიის გამოყენება აღნიშნული საიტის მითითების გარეშე აკრძალულია!

No comments: