Thursday, November 11, 2010

კირკიტაძე მამალაძის მძიმე მემკვიდრეობას ვერ გაუმკლავდა

                                                                                               მანონ ბოკუჩავა- ქვემო ქართლი
      presa.ge



ქვემო ქართლის  ”განთავისუფლება” მამალაძისგან, ლამის ისეთივე რანგის საქებარი თემაა მთავრობისთვის, როგორც აჭარიდან აბაშიძის გაძევება. ფაქტია, სააკაშვილმა შეძლო რეგიონიდან მამალაძის გაშვება, მაგრამ რა შეცვალა ამან რეგიონის ცხოვრებაში ?

ყველაზე მთავრი, რაშიც მაშინ მამალაძეს “ედავებოდნენ” -  რეგიონის მოსახლეობის ინტერესების ნაცვალდ საკუთარი  პირადი სურვილებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის თავზე შემოვლება იყო.
დღეს რეგიონს ცხენების მოყვარული მამალაძის ნაცვლად ფეხბურთის მოყვარული დავით კირკიტაძე მართავს. ცხადია, სპორტის ამ სახეობის სიყვარული საჯარო მოხელეებს არ ეკრძალებათ, მაგრამ მთავრი ისაა, ამ სიყვარულს საბიუჯეტო თანხები არ მოხმარდეს. კირკიტაძის ოფიციალურ მივლინებებში ამ თემასთან პირდაპირი კავშირის მქონე ბრაზილიის ვიზიტი ჩანს.
2010 წლის 1-დან 11 თებერვლამდე კირკიტაძე ბრაზილიას სტუმრობდა. მიზეზი რუსთავის საფეხბურთო კლუბი “ოლიმპის”  და ბრაზილიური კლუბი “ატლეტიკო პარანაენსის” ურთიერთობების უკეთ აწყობა იყო. მიზანი ცუდი არ არის, თუმცა კანონი  “მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” გუბერნატორს საფეხბურთო კლუბების მწყემსობას კი არ ავალებს, არამედ…

სახელმწიფოს რწმუნებული – გუნბერნატორი კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას. ბ) მთავრობის დავალებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროგრამებს’’ – ვკითხულიბთ “მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში.

იმას, თუ რით არის დაკავებული ქვემო ქართლის გუბერნატორი, მისი პრეს-სამსახურის საპიარო ტექსტებიდანაც ვიგებთ.

“გუბერანტორი მარნეულში მექანიზაციის ცენტრის გახსნას დაესწრო”, “დავით კირკიტაძემ რუსთაველი ოქროსმედალოსნები დააჯილდოვა” და ა.შ – წერენ გუბერნატორის პრეს-სამსახურის თანამშრომლები რწმუნებულის ოფიციალურ საიტზე. პრინციპში, კირკიტაძე აკეთებს იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონის გუბერნატორები აკეთებენ. მედიის ყურადღების ცენტრშიც ხვდება მაშინ, როდესაც რეგიონში პრეზიდენტი, ან რომელიმე სამთავრობო პირი ჩამოდის. მათ მასპინძლობს და ტრადიციისამებრ “რაღაცას”, თუნდაც ჯიხურს, საზეიმოდ ხსნის. ამ პიარის და ფასადის უკან რეგიონის მამალაძისდროინდელი დღემდე მოუგვარებელი პრობლემები იმალება.

ისევე, როგორც მამალაძის დროს,  ქვემო ქართლში დღესაც მწვავედ დგას მიწების გადანაწილების საკითხი. პერიოდულად, რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცირე საპროტესტო აქციები იმართება. ერთ-ერთი ბოლო ასეთი აქცია მარნეულის სოფელ საბირქენდის მოსახლეობამ მოაწყო. “შეიძლება სამასი ოჯახის საკმარისი მიწა ერთი კაცის ხელში იყოს?” - კითხულობდნენ აქციის მონაწილეები.

დღემდე მოუგვარებელია რეგიონში სასმელი წყლის საკითხი. პრობლემა არა მხოლოდ შორეულ სოფლებში, არამედ თავად ქალაქებშიცაა. მაგალითად, იმავე მარნეულში დღემდე ვერ მოხერხდა სასმელი წლის მოსახლეობისთვის ყოველდღიურად მიწოდება. მარნეულში წყალი კვირაში სამჯერ, 8 საათით მოდის. ამის პარალელურად კი გარდაბნის სოფელი აღთაკლია მტკვარს მიაქვს. მდინარე ნაპირთან ახლოს მდგარ სახლებს ანგრევს. ნაპირსამაგრი სამუშაობი რამდენჯერმე დაიწყო, მაგრამ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოს გამო პრობლემა დღემდ არსებობს.

გადავდივართ ბოლნისში. ეს რაიონი მთელი საქართველოსთვის მადნეულის საწარმოთია ცნობილი. სწორედ, მადნეულის მფარველობას და ოქროს ზოდების მითვისებას აბრალებდნენ მამალაძეს. ამ ეტაპზე კირკიტაძის მიმართ  მსგავსი ბრალდებები არ ისმის, თუმცა უცნაურია, რატომ არ აკეთებს გუბერნატორი მადნეულის მხრიდან გარემოს დაბინძურების საკითხზე ოფიციალურ განცხადებებს. რატომ არ ხდის საჯარო განხილვის თემად საწარმოს მხრიდან ბოლნისის მდინარეების – მაშავერასა და კაზრეთულას დაბინძურების საკითხს. წესით, როგორც რეგიონის გუბერნატორი, ის პირადად უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ მისი მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდეს.

“მადნეულის” მხიდან ბოლნისის მდინარეების დაბინძურება საწარმოო ნარჩენებით და გამოყენებული ე.წ ტექნიკური წყლებით ხდება. აღნიშნულ მდინარეებს კი მოსახლეობა სარწყავად იყენებს. შესაბამისად, ბოლნისელთა მოსავალიც მძიმე მეტალებით არის გაჯერებული. ბოლო დაბინძურება 2010 წლის ზაფხულში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ და  გარემოს დამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

ბოლნისთან შედარებით ნაკლები პრობლემები აქვს რუსთავს. თუმცა, უმუშევრობის მაღალი დონე და სოციალურად დაუცველთა სიმრავლე ქალაქს სხვადასხვა კუთხით დაეტყო. ჩვენი ინფორმაციით, დღეს 500-მდე რუსთაველი დგას მერიაში ე.წ პურის ვაუჩერის რიგში. ეს რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური პროგრამაა, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის უფასო სადილის მიწოდებას გულისხმობს. შესაბამსად, რეგიონის გუბერნატორს, რომელსაც, როგორც უკვე აღნიშნეთ, კანონი “რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების” განხორციელებას ავალებს, ღამით კარგად არ უნდა ეძინოს. ამ დროისთვის კირკიტაძის რაიმე სახის აქტიურობა ამ კუთხით არავის ახსოვს.

თუმცა ყველას კარგად ახსოვს კირკიტაძის აქტიურობა 2007 წლის 7 ნოემბერს. ქართულ ინტერნეტ სივცეში, კერძოდ “მაესტროსა” და tvali.ge-ზე დღემდე შეიძლება იმ კადრების ნახვა, სადაც აქციის დამრბევ სამართალდამცავებს კირკიტაძე მადლობას უხდის. ოპერის წინ ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ბოლოს “იმედის” მიკროფონისთვის ხელის ჩარტყმით სრულდება, კირკიტაძე შემდეგს ამბობს: “მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს სამართალდამცავებს, რადგან დროულად იქნა აღკვეთილი ეს ყველაფერი. ხოლო იმათ მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ვერასოდეს დააჩოქებენ! ყველამ კარგად ვიხილეთ და მგონი, ეჭვი არ გვეპარება, თუ საიდან იმართება ეს პროცესები და რა როგორ იყო”.

კირკიტაძე დღეს ქვემო ქართლის პირველი პირია. ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს ამაყად მასპინძლობს ქვემო ქართლში. არ იმჩნევს, რომ მამალაძის მძიმე მემკვიდრეობა ახლა მის კისერზეა და რეგიონში ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი.

1 comment:

გარდაბნის მაცნე said...

ვაღიარებ, ერთადერთი რაც ჩემზე ,,ცუდად'' მოქმედებს - ჩემი სტატიების იგნორირებაა.თუმცა ამ მასალამ დამარწმუნა, რომ რეაქციები ნამდვილად არის და ზუსტად ისეთი როგორიც საჭიროა)) ალბათ, ამაზე დიდი სტიმული ნამდვილი ჟურნალისტებისთვის არც არაფერია)