ქვემო ქართლის ჩინოვნიკებს სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრება გაუტკბათ

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv

22 დეკემბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული ტენდერების საიტზე, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადება გამოჩნდა.

სატენდერო განაცხადი გვაუწყებს, რომ კირკიტაძის სამსახური ტენდერს 20 400 ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად აცხადებს. აღნიშნული შესყიდვისთვის კი იხდის 46 920 ლარს.

რაში სჭირდება გუბერნატორს 20 ათასი ლიტრი საწვავი? გადავხედეთ გუბერნატორის რაიონებში გადაადგილების შემთხვევებს. გარდაბანში, მარნეულში, თეთრიწყაროში და რეგიონის სხვა რაიონებში კირკიტაძე მაშინ ჩადის, როდესაც იქ რაიმე ობიექტი იხსნება. სამწუხაროდ, რეგიონში დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, ასეთი რამ ქვემო ქართლში საკმაოდ იშვიათად ხდება და შესაბამისად, მსგავს საკითხებზე გადაადგილებისთვის, ასეთი რაოდენობის საწვავი არაა საჭირო.
მაგალითისთვს კირკიტაძე დეკემბრის თვეში ორ რაიონს გარდაბანსა და თეთრიწყაროს სტუმრობდა. გარდაბანში ”ქართული ენის” სახლის გახსნას, ხოლო თეთრიწყაროს რაიონის კოდის დასახლებაში ”სოფლის სახლის” გახსნას დაესწრო. თვეში ორი, დედაქალაქთან საკმაოდ ახლოს მყოფი რაიონის სტუმრობა, ლოგიკურია, დიდ ხარჯთან არ არის დაკავშირებული. კირკიტაძის პრესსამსახური საწვავთან დაკავშირებულ ტენდერზე კომენტარს აკეთებს.

”აღნიშნული საწვავი არის მთელი წლისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ ის მხოლოდ გუბერნატორის ადმინისტრაციას არ მოხმარდება. როგორც მოგეხსენებათ სამხარეო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია საგანგებო სიტუაციების სამსახური. ეს საწვავი მათთვისაც არის განკუთვნილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურს კი ძალიან ბევრი გასვლა აქვს და სწორედ ამიტომ ვგეგმავთ ამ რაოდენობის საწვავის შეძენას” – საუბრობს გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნატა ციცვიძე.

ციცვიძე სამხარეო ადმინისტრაციაში ტენდერებზე პასუხისმგებელ პირთან, ზურაბ კასრაძესთან გვაკავშირებს. კასრაძე ციცვიძის კომენტს გვიდასტურებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის პატრონობა არ ევალება რუსთავის თვითმმართველობას, თუმცა მისმა მუდმივმა მოთხოვნამ საწვავზე ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების” ინსტიტუტის ყურადღება მიიქცია. აღნიშნულმა ორგანიზაციამ საწვავის დანახარჯთან დაკავშირებით, ინფორმაცია თვითმმართველობისგან გამოითხოვა. რუსთავის თვითმმართველობა, კი ინფორმაციის გამოთხოვისას აბსურდულ პასუხებს წერს ჟურნალისტებს, მაგრამ ”ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტს” პატივი დასდო და მოთხოვნილი მონაცემები გადასცა.

მათი საპასუხო წერილის თანახმად ირკვევა, რომ რუსთავის მერს და მის სამ მოადგილეს სამ თვეში 15 548 ლარის საწვავი აქვთ დახარჯული. საუბარია საჯარო მოხელეებზე, რომლებსაც არ უწევთ რაიონებში გადაადგილება. მათი მოვალეობა, მხოლოდ, რუსთავის მოვლა-პატრონობაა. ვინც ცოტათი მაინც ერკვევა რუსთავის მასშტაბებში, ლოგიკურია, გაუჩნდეს კითხვა: რაში იხარჯება ასეთი რაოდენობის თანხა?

ამ თემას ცოტა მეტ სიცხადეს და ახსნას ერთი გარემოება მატებს. რუსთავის საკრებულოს დაქვამდებარებაში მყოფი მანქანები, ხშირად დგანან სილამაზის სალონებთან, ღამის საათებში რესტორნებთან – საჯარო მოხელეებს ავიწყდებათ, რომ ეს მანქანები და ცხადია, საწვავი მათი პირადი გამოყენებისთვის არ არის. შესაბამისად, როდესაც სამსახურეობრივ მანქანას ისე იყენებ, როგორც პირადს, სამ თვეში საწვავის ხარჯი გამოდის 15 548 ლარი.

იმ აგრემოეაბს, რომ თვითმმართველობის თანამშრომლები თანამდებობას ბოროტად იყენენ, მათი ხელმძღვანელები არ, ან ვერ ხედავენ, არადა კი უნდა ხედავდნენ. ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელი, კახა გურგენიძე ამ თანამდებობასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ექსპერტია. წესით, ექსპერტი გურგენიძე სახელმწიფოს ქონების განიავებას უნდა ხედავდეს, თუ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამნიავებელი თავადაც არაა.

Comments