Presage.tv-ს ჟურნალისტის სასამართლო პროცესი რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ გადაიდო

ინფორმაციის წყარო: www.media.ge

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროცესი, “Presage.tv-ს ჟურნალისტი რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ”, გადადო. საქმე სასამართლოს 16 იანვარს უნდა განეხილა.

Presage.tv-ს ჟურნალისტის, მანონ ბოკუჩავას განმარტებით, მოსამართლემ დოკუმენტის წარმოდგენა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ presage.tv კავშირ “პრესა საქართველოში”-ს საკუთრებაშია.

“ჩვენ წარმოვადგინეთ დოკუმენტი, სადაც კავშირის, “პრესა საქართველოში” ხელმძღვანელი, როზეტა ჯღამაია ამბობს, რომ presage.tv ამ კავშირის საკუთრებაშია, თუმცა, მოსამართლემ ეს საკმარისად არ მიიჩნია,”- განმარტავს ბოკუჩავა. მათ “Caucasus online”-დან უნდა წარმოადგინონ presage.tv-ის მფლობელის ვინაობა.


მანონ ბოკუჩავამ რუსთავის თვითთმართველობას ნოემბერში საჯარო ინფორმაციის მიღება-გავრცელებაში ხელის შეშლისთვის უჩივლა. ჟურნალისტი 2010-2011 წლებში რუსთავის თვითმმართველობის მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიების (პრემიების გაცემის თარიღი, ოდენობა და მიმღებთა ვინაობა) შესახებ ინფორმაციას ითხოვდა.

რუსთავის თვითმმართველობამ კი, მას ვებ-გვერდზე განთავსებულ საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის 47-ე დადგენილებაზე მიუთითა. თუმცა, ბოკუჩავას თქმით, საკრებულოს ვებ-გვერდზე მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ აღმოჩნდა. დადგენილებაში არც ის კონკრეტული სია იყო, რომელიც მას პრემიის ოდენობასა და გაცემის თარიღზე მიაწვდიდა ინფორმაციას.

მეორე საჯარო ინფორმაცია, რომლითაც ინტერნეტ-გამოცემა დაინტერესდა, რუსთავის თვითმმართველობის ავტოპარკის განახლებას ეხებოდა. კონკრეტულად ჟურნალისტს აინტერესებდა, რა თანხა დახარჯა თვითმმართველობამ 2011 წელს „შკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომანქანების შეძენისთვის.

ბოკუჩავას განცხადებით, რუსთავის თვითმმართველობის საპასუხო წერილში ეწერა, რომ ავტომანქანების შეძენის საკითხი "ლიბერთი ბანკთან” დადებული ხელშეკრულებითაა "მოწესრიგებული”. ხელშეკრულების ასლი, გამოცემისთვის არ გადაუციათ.

“ჟურნალისტმა მიიღო ის რასაც ითხოვდა და თუ ეს მისთვის სასურველი ინფორმაცია არ იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ დოკუმენტაციას გაუმართავად ითხოვდა”, - განუცხადა Media.ge-ს რუსთავის თვითმმართველობის ადვოკატმა ლია მეტრეველმა.

პროცესი 25 იანვარს განახლდება.

Comments

ნეტა, ასეთ ღვთის საჩუქარ ადვოკატებს, როგორ პოულობს რუსთავის მერია?