20 აპრილს სააპელაციო სასამართლო რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ პრესაგე.ტვ-ის შეტანილ სარჩელს განიხილავს
20 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლო პრესაგე.ტვ-ის რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.
დავის საგანი საჯარო ინფორმაციაა.
რუსთავის თვითმმართველობამ პრესაგე.ტვ-ის კორესპოდენტს ქვემო ქართლის რეგიონში - მანონ ბოკუჩავას, არ გადასცა 2011 წელს რუსთაველი პრემირებული საჯარო მოხელეების სია, ასევე თვითმმართველობამ უარი განაცხადა საჯარო გაეხადა ინფორმაცია მის მიერ ,,სკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომობილების შეძენის შესახებ..
საქმე ეხება, რუსთავის თვითმმართველობის მიერ 2011 წელს გაურკვეველ ვითარებაში შეძენილ ,,შკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომობილებს. პრესაგე.ტვ-იმ თვითმმართველობას გასულ წლის ოქტომბერში წერილით მიმართა და ითხოვა ხელშეკრულება, სადაც ასახულია რამდენი და რა ღირებულების ავტომობილები შეიძინა თვითმმართველობამ.
პირველმა ინსტანციამ ,,რუსთავის საქალაქო სასამართლომ“ არ დააკმაყოფილა პრესაგე.ტვ-ის სარჩელი. გამოცემის ჟურნალისტს სასამართლომ განუმარტა, რომ ინფორმაცია ,,შკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომობილების შესახებ წარმოადგენს ,,კომერციულ საიდუმლოს“. ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა პრემიების შესახებ. მოსამართლე, ეკატერინე პართენიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სარჩელი ეს ნაწილიც არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქმე ეხება მოქალაქის „პირად საიდუმლოებას“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეყტილება პრესაგე.ტვ-იმ გაასაჩივრა. საქმეს 20 აპრილს 10:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
პრესაგე.ტვ-ის ინტერესებს სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი იცავს.
kkpress.ge



Comments