დავით კირკიტაძე უარყოფს, რომ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რეგიონული ტელევიზიის აქციებს ფლობს
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ტელე-რადიო კომპანიების მესაკუთრეთა სია გამოაქვეყნა. ქვეყნის ყველა ტელემაუწყებლის მესაკუთრეების გვერდით, ქვემო ქართლის ტელევიზიის აქციების მფლობელებიც გამოჩნდნენ.
გაირკვა, რომ ს/ს ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის აქციების 51%-ს ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ხამაშურიძე ფლობს. აქციების 34%-ს როლანდ მგალობლიშვილი, ხოლო 15%-ს მერაბ ტყეშელაშვილი (რუსთავის ყოფილი მერი).
შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, ტელევიზიის შესახებ პირველი მასალის მომზადებისას ( 15 მარტი) ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ, გადაგვემოწმებინა ხამაშურიძის ამჟამინდელი თანამდებობა.
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ვებგვერდზე დავით ხამაშურიძე მოხსენიებული იყო, როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მსგავსი ინფორმაცია მოვისმინეთ კირკიტაძის თანამშრომლებისგანაც. მათთან საუბარში არ ვთქვით, თუ რატომ ვინტერესდებოდით ხამაშურიძეთი.
,, დიახ, ბატონი დავით ხამაშურიძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, მაგრამ თუ საქმე გაქვთ დაცდა მოგიწევთ. ახლა სამსახურში არ არის და არ ვიცი ზუსტად, როდის მოვა" - გვპასუხობდა გუბერნატორის მოადგილის თანაშემწე, რამილია ალაჰიაროვა.
აღნიშნულ თემაზე kkpress.ge-სთან საუბარში კომენტარს ქვემო ქართლის გუბერნატორი აკეთებს. დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ხამაშურიძე უკვე, რამდენიმე თვეა მისი თანამშრომელი აღარაა. ,, ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ არის ტელევიზიის აქციების მფლობელი. დავით ხამაშურეძემ ვიზეც თქვენ გქონდათ საუბარი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, რამდენიმე თვის წინ დატოვა დაკავებული თანამდებობა. ეს დაახლოებით გასული წლის ბოლოს მოხდა. რაც შეეხება ჩემი თანამშრომლის რამილას სიტყვებს, ალბათ მას არ ჰქონდა ამ საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია " - საუბრობს კირკიტაძე.
გუბერნატორის ადმინისტრაცია უხვკადრიანი დაწესებულება არ არის. თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა გამჭვირვალე კაბინეტებში ერთმანეთის გვერდი-გვერდ მუშაობს. ალბათობა იმისა, რომ რამილია ალაჰიაროვამ, რომელიც გუბერნატორის მოადგილის თანაშემწეა - არ იცოდა სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის ცვლილება ნულის ტოლია.
თუმცა ალბათობა იმისი, რომ რეგიონის გუბერნატორმა ტელევიზია სანდო კადრს, ან რეალურად საკუთარ თავს მიაბარა, საკმაოდ დიდია. ამ კომბინაციას ისიც ამყარებს, რომ მისი ინტერესი ადგილობრივი ტელევიზიის მიმართ ყოველთვის გამოკვეთილი იყო. გასულ წელს ტელევიზიის დირექტორად მისი პრესმდივანი - ხათუნა მამარდაშვილი დაინიშნა. მამარდაშვილი დღეის მდგომარეობითაც ტელევიზიის ხელმძღვანელია, თუმცა ამ თანამდებობასთან ერთად ის, დროდადრო, გუბერნატორის პრესმდივნობასაც ითავსებს.
რუსთავში სააკაშვილის ბოლო ვიზიტისას დაცვის სამსახური პრეზიდენტთან შეხვედრაზე შესასვლელად ჟურნალისტებს ნებართვის აღებას, სწორედ, მამარდაშვილისგან სთხოვდა.
ტელევიზიის საჯარო მოხელეთა სამსახურში ჩაყენებას ქართული პოლიტიკი არა, მაგრამ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს.
ტელე-მაუწყებლების სამართლებრივ ურთიერთობებს - ,, საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ" არეგულირებს. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის თანახმად მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ უნდა იყოს ,, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, ან თანამშრომელი", ასევე მფლობელი არ უნდა იყოს ,, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი".
kkpress.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments