რუსთავის თვითმმართველობა vs რუსთაველები

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი" ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება, რომელიც ამ მოვლენას უძღოდა საქმიანი გახლდათ. ცენტრი, მისი ოფიციალური გახსნის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა. პრობლემა რის გარეშემოც ცენტრშიც დისკუსია შედგა, რუსთავში მეგობრობის №30 ბინის გვერდით გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ეხებოდა.

მოწვეული სტუმრების რიგში არასამთავრობოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის გვერდით იყვნენ, მეგობრობის №30 ბინის მცხოვრებნიც. შეხვედრას ურბანული დაგეგმარების საკითხში დამოუკიდებელი ექსპერტი, კახა ცუცქიშვილიც დაესწრო.

,, მოსახლეობას არ ჰქონდა მშენებლობის დაწყებისას ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მეზობლად გაზგასამართი სადგურო შენდებოდა. მათ ეგონათ, რომ გასართობი პარკი კეთდებოდა. მას შემდეგ რაც შეიტყვეს გაზგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ, 24 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს. 5 მარტს კი კოლექტიური წერილით, რომელსაც 200 ადამიანი აწერდა ხელს, რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელს, ქალაქის მერს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს. მათ საპასუხო წერილი არც ერთი ადრესატისგან არ მიუღიათ „ - ასეთი განცხადებით დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიქას" წარმომადგენელმა, ანა ციცქიშვილმა გახსნა.

ციცქიშვილის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსახლეობას წრილზე პასუხი არ მიუღია,,აფსურდულად" ეჩვენა რუსთავის ურბანული განვითარების და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ, ხათუნა მიშველაძეს. ,, როცა მშენებლობა იწყება ამის შესახებ გარკვეულწილად ცნობილია საზოგადოებისთვის. მშენებლობის ადგილას სპეციალური პლაკატებია გაკეთებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მშენებლობას უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული. საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობას ინფორმაცია არ მივაწოდეთ აფსურდია" - ამბობდა მიშველაძე.

მიშველაძეს საშველად საკუთარი არგუმენტები გააცნო დამსწერე საზოგადოებას გუბერნატორის მოადგილე კობა კობიაშვილმა. ,, ორივე მხარის არგუმენტები გარკვეულ წილად საფუძვლიანია, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება ქალბატონი ხათუნას კომპეტენტურობაში. დარწმუნებული ვარ კონონის დაცვით მოხდა ნებართვის გაცემა. ამ შემთხვევაში ჩვენ უმუშევრობის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, აღნიშნულ ობიექტზე 100 ადამიანი დასაქმდება" - განაცხადა კობიაშვილმა.

100 დასაქმებულის ხსენებამ დარბაზში საუბრები გამოიწვია. საინტერესოა გაზგასამართ სადგუზე, სადაც მაქსიმუმ ერთდროულად 4 მანქანის მომსახურებაა შესაძლებელი, როგორ წარმოუდგენია კობიაშვილს 100 კაცის დასაქმება.

თავის მხრივ, ექსპერტი ურბანული დაგეგმარების საკითხში კახა ცუცქიშვილი ვერ მალავდა თავის გაოცებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მოუვიდა თავში ქალაქის ცენტრში გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემა.

,, პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ რუსთავს ქალაქმშენებლობის გეგმა არ აქვს. რაც შეეხება გაზგასამართ სადგურს, ჩემი აზრით ის თავის პროფილით სრულიად შეუსაბამოა იმ ადგილისთვის სადაც შენდება. მეგობრობის გამზირი არის ქალაქის ცენტრი, ანუ ქალაქის სახე. ადგილობრივს, თუ სტუმრას ქალაქის ესთეტიკაზე წარმოდგენა სწორედ ამ გამზირით უყალიბდება. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა აუცილებლობამ გამოიწვია ასეთი ობიექტის აქ მშენებლობა.

ესთეტიკის გარდა ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება ასეთი ობიექტის ქალაქის სხვა ნაკლებად დასახლებულ ადგილზე გაკეთება"- საუბრობდა დამოუკიდებელი ექსპერტი ურბანული დაგეგმარების საკითხებში.

ექსპერტის მოსაზრებები რუსთავში საკრებულოს ხელმძღვანელს, კახა გურგენიძეს ერთდროულად ყურადსაღებად და ამავე დროს ნაკლებად მნიშვნელოვნად ეჩვენა.

,, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ შეხვედრით ურბანულ საკითხებში ექსპერტი აღმოვაჩინეთ. მზად ვართ ყველა მისი აზრი მოვისმინოთ და გავაანალიზოთ. მისი არგუმენტები ნამდვილად საფუძლიანია" - ამბობდა გურგენიძე, თუმცა ჩვენ კითხვაზე ამ ,,საფუძვლიანი არგუმენტების" არსებნობის ფონზე შეჩერდება, თუ არა თუნდაც დროებით, გაზგასამართი სადგურის მშენებლობა გვპასუხობდა:

,, დიდი პატივისცემის მიუხედავად მე ვერ მოვისმინე ისეთი საპირწონე არგუმენტი აღნიშნული ობიექტის მშენებლობის წინააღმდეგ, რომ მშენებლობა შეჩერდეს" - გვპასუხობდა გურგენიძე. შესაბამისად, დამსწრე საზოგადოება მიხვდა, რომ თვითმმართველობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეუვალი იყო და არანაირი აზრი არ ჰქონდა მისთვის ექსპერტის, ან მოსახლეობის აზრის მოსმენას.

გურგენიძის დიპლომატიური პასუხებით შეწუხებულმა მეგობრობის №30-ში მცხოვრებმა მოზარდმა ასეთი კითხვა დასვა: ,, თქვენ ბ-ნ კახა ძალიან შორიდან უვლით იქნებ პირდაპირ გვესაუბროთ" - მიმართავდა გურგენიძეს მოზარდი. ,, ეს არის ერთი კარგი და საჭირო თვისება, რომელიც შემიძლია გაგიზიარო. გამოცდილებასთან ერთად მოდის მსგავსი უნარი და მისი მეშვეობით ადამიანს ისე უხსი საკითხს, რომ არ გაანაწყენო" - პასუხობდა, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე.

მიუხედავად, გურგენიძის დიპლომატიური უნარებისა შეხვედრით უკმაყოფილო დარჩნენ, იმ კორპუსისი მცხოვრებნი, რომლებსაც ყოველდღე საკუთარი ფანჯრებიდან გაზგასამართი სადგურის ყურება მოუწევთ. ,, ჩვენ უბანში ერთ ხმასაც ვერ მიიღებთ ბ-ნ კახა. არ მოგესვლებათ არც ერთს ეს იცოდეთ. უკვე თვეებია დავდივართ და ვითხოვთ განმარტებებს ამ გაზგასამართ სადგურთან დაკავშირებით და არავინ არაფრად გვაგდებს.

ყველამ კარგად იცის, რომ ძალიან ბევრი ფაქტია ცნობილი, როდესაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქებები მოხდა. ამ სადგურის გვერდით ჩვენი შვილები ივლიან, მუდმივად შიშის ქვეშ უნდა ვიყოთ?! ვითხოვთ შეწყდეს ეს მშენებლობა" - აცხადებდნენ მეგობრობის გამზირის №30 მცხოვრებნი.

შეხვედრა მოსახლეობისთვის უშედეგოდ დასრულდა. რუსთავის ხელმძღვანელობამ მოსახლეობის და ურბანული საკითხების ექსპერტის მოსაზრებები არ გაიზიარა.









kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments