რუსთავის თვითმმართველობა vs ინტერნეტ მედია ,,პრესაგე.ტვ“


kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ,,პრესაგე.ტვ"-ის სარჩელი რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე, ნათია ქუთათელაძემ ძალაში დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მედია გამოცემის ჟურნალისტს ქვემო ქართლის რეგიონში, მანონ ბოკუჩავას თვითმმართველობამ საჯარო ინფორმაცია არ გადასცა.

საუბარია შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციაზე: პრესაგე.ტვ-ი ითხოვდა ინფორმაციას რუსთავის თვითმმართველობის მიერ ,,შკოდა-ოქტავიას" მარკის ავტომობილების შეძენაზე. კონკრეტულად კი ითხოვდა ამ შენაძენისთვის თვითმმართველობასა და ,,ლიბერთი ბანკს" შორის დადებული ხელშეკრულების გადაცემას. ასევე, მედია საშულება ითხოვდა ინფორმაციას თვითმმართველობაში მომუშავე საჯარო მოხელეების პრემიების შესახებ.

 17 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ,,შკოდა-ოქტავიას" მარკის ავტომობილების შესაძენად თვითმმართველობასა და ,,ლიბერთი ბანკს" შორის დადებული ხელსეკრულება ჩაითვალა ,,კომერციულ საიდუმლოდ", ხოლო ინფორმაცია საჯარო მოხელეთა პრემიებზე სასამართლომ გამოაცხადა ,,პირად საიდუმლოებად".

25 აპრილს, თბილისისი სააპელაციო სასამრათლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია. შესაბამისად, ძალში რჩება რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

თავისი მხრივ, სასამართლოს მიმდინარეობისას თვითმმართველობის იურისტებმა საკუთარ გამოსვლაში დააფიქსირეს პირადი უარყოფითი დამოკიდებულება ინტერნეტ გამოცემის საქმიანობის მიმართ.

,, ამბობენ, რომ მანქანების შეძენა ტენდერის გარეშე მოხდა. რა ფანტაზიებს წერენ ვერ გაიგებ"- საუბრობდა რუსთავის თვითმმართველობის ადვოკატი, ლია მეტრეველი.

მან ასევე განცხადა, რომ სიტყვიერად აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს არ სურთ მათ პრემიებზე ინფორმაცია, არც აღნიშნულ გამოცემას და არც სხვა ვინმეს ჰქონდეს. ,, მათ არ სურთ, რომ მათ ჯიბეში ვინმე იხედებოდეს" - უხსნიდა მეტრეველი მოსამართლეს.

თავისი მხრივ, თვითმმართველობის მეორე იურისტი მოსამრთლეს უხსნიდამ, რომ მოსარჩელე მათ სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს. (სავარაუდოდ, უკმაყოფილებას თვითმმართველობის იურისტების კონკრეტული სტატიების მიმართ გამოხატავდნენ, რომელიც მათ შესახებ პრესაგე.ტვ-ში ქვეყნდება).

მოსამართლემ თვითმმართველობის იურისტებს მოუწოდა პირადი ხასიათის ბრალდებები სასამართლოს გარეთ გაერკვიათ.

,,პრესაგე.ტვ"-ის ინტერესებს სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი იცავს. თვითმმართველობის იურისტების და მოსარჩელე მხარის შემდეგი შეხვედრა უზენაეს სასამართლოში შედგება.

ფოტოს წყარო:www.gyla.ge


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments