ცეესკო პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა

kkpress.ge


დღეს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა შედგა. ცეესკოს კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში, ანდრო სინჯიკაშვილი პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა.

,, წინა არჩევნების ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. ამიტომ გთხოვთ ყველამ გამოხატეთ თქვენი აზრი და ისაუბრეთ იმ ხარვეზებზე, რაც გასულ არჩევნებზე იყო. ჩვენი სურვილია სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მინდა ერთ სიახლეზეც გესაუბროთ. არჩევნების გამოცხადების დღის შემდეგ ყველა რეგიონში შეიქმნება მობილური ჯგუფი, რომელიც იურიდიულ დახმარებას გაუწევს ყველა საარჩევნო სუბიექტს. საზოგადოებას გავაცნობთ მათი ცხელი ხაზის ნომერსაც" - საუბრობდა სინჯიკაშვილი.
შეხვედრაზე პასიურ როლში იყვნენ პარტიების წარმომადგენლები. მათი ნაწილი აღნიშნავდა, რომ გასული არჩევნების ხარვეზებზე საუბარი არ ღირს და ეს დროის ტყუილი ხარჯვაა. ,, ურთიერთობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, რომ წარსულზე საუბარი უბრალო ჭორაობას დაემსგავსება"- საუბრობდა ,, ქართული ოცნების" წარმომადგენელი, გელა ნაკაშიძე.

ცეესკოს მიმართ თავისი წინადადებები ჰქონდა საიას რუსთავის ოფისს. ისინი საარჩევნო უბნებზე მომუშავე კომისიის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებას ითხოვდნენ. სამხედრო უბნებთან დასაკავშირებულ პრობლემებზე ქრისტიან-დემოკრატები საუბრობდნენ. ,,გარდა იმისა, რომ სამხედრო უბანზე პრობლემა იყო დამკვირვებლის შესვლა, მინდა ვთქვა, რომ უბაზე ხმას თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარებს სხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები აძლევდნენ. ესენი იყვნენ სამხედროები, რომლებიც რუსთავში მსახურობენ, მაგრამ სხვა რაიონში ცხოვრობენ" - საუბრობდა ,,ქრისტიან-დემოკრატი" ალექსანდრე ახვლედიანი.

შეხვედრის ბოლოს რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იოსებ შველიძემ აღნიშნა, მსაგვსი შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან გაგრძელდება და ცეესკო მზადაა არჩევნებზე მხოლოდ ,,მსაჯის" და ,,არბიტრის" ფუნქცია შეასრულოს.


           
   
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments