რეგიონული მედია დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

kkpress.ge

ბოლო ორი თვის მანძილზე საგრძნობლად გახშირდა რეგიონებში ადგილობრივ ჟურნალისტებზე ზეწოლის და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტები. აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის ჟურნალისტები - მათზე განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. ჟურნალისტების დასახელებულ ფაქტებში მათ პროფესიულ საქმიანობაში, პირველ რიგში, ხელისშემშლელებად ადგილობრივი თვითმმართველობების პრესსამსახურები სახელდებიან.

ამ სავალალო ტენდენციაზე სასაუბროდ და უცხოელი დიპლომატებისთვის არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად რეგიონული მედია დღეს, ,,თბილისი მარიოტში" შეიკრობა. სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტები ერთმანეთის მიყოლებით ყვებოდნენ მათზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს.
შეხვედრა ,,რეგიონული მედიის ასოციაცი"-ის ორგანიზებით შედგა. ასოციაციის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების გახშირება საგანგაშო ტენდენციაა და ადგილობრივ მედიასაშუალებებს მხარდაჭერა სჭირდებათ. თავისი მხრივ, ,,რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ' საზოგადოებას დოკუმენტური ფილმი წარუდგინა, სადაც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პროფესიული საქმიანობისას დაზარალებული ჟურნალისტები ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდნენ.

შეხვედრაზე თითქმის ყველა რეგიონული მედიის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, უშუალოდ მის ორგანიზაციაზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე.

თავისი მხრივ, ადგილობრივი გაზეთის ,,რუსთავის ამბების" რედაქტორმა, თამარ ბატიაშვილმა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზეც ისაუბრა. ბატიაშვილმა კოლეგებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ მის ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში რუსთავის მერიის პრესსამსახურის უშლის ხელს. ადგილობრივი პრესსამსახურის მუშაობით უკმაყოფილოა გურიაც. ,,გურია ნიუსის" ჟურნალისტებმა, ნატო გოგელიამ და ჟანა მეგრელიშვილმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართეს. ჟურნალისტები ოზურგეთის და ჩოხატაურის საკრებულოს ბრძანებას ასაჩივრებენ, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული შენობაში გადაადგილება ეზღუდებათ.

ჟურნალისტებისთვის პრესსამსახურების გარდა, რიგით მეორე მთავარი ხელისშემშლელ ძალად სამთავრობო დაცვის წევრები და ადგილობრივი პოლიცია გამოიკვეთა. ალბათ,დიდხანს არ დაავიწყდება შსს მინისტრის სტუმრობა ქუთაისში ,,p.s" -ის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს.

3 მაისს ქუთაისში ,,ნაციონალური-მოძრაობის" დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შსს მინისტრი დაესწრო. ვაჩიბერაძის თქმით, ის შეხვერდაზე შევიდა, მაგრამ როგორც კი იცნეს გარეთ გასვლა სთხოვეს. შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი : ,,მერაბიშვილის დაცვის წევრებმა წიხლქვეშ გამიგდეს. თავში მირტყამდნენ წიხლებს. შემდეგ კედელზე მიმახეთქეს" - საუბრობდა ქუთაისელი ჟურნალისტი.

,,აჭარა p.s"-ის ჟურნალისტს სულხან მესხიძეს კი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხოფა ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინსანმა მიაყენა. ჟურნალისტის თქმით, 6 აპრილს , საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო საცხოვრებლიდან მოქალაქეების გასახლების პროცესს იღებდა, როდესაც ქობულეთის პოლიციის უფროსის, დავით ბეჟანიძის თანდასწრებით მას ადგილობრვმა პოლიციამ ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს პრობლემები შეექმნათ მათ რეგიონებნში პრეზიდენტის სტუმრობისას. ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრი"-ს ინფორმაციით 20 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა მათ წინანდალში პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქების საშუალება არ მისცეს. ასევე, ადგილი ჰქონდა ცენტრის ჟურნალიტის თავისუფლების აღკვეთას. ,, დაახლოებით 40 წუთი ჩემი ჟურნალისტი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს მანქანაში ჩაკეტილი ჰყავდა. მას აბრალებდნენ, თითქოს მან პრეზიდენტის ექსკორტი გადაიღო. რეალურად კი მას ეს არ გაუკეთებია, თუმცა მოგვიანებით ჩვენ ეს საკითხი იურისტებთან ერთად გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ კანონი ქრც კრძალავდა ექსკორტის გადაღებას" - საუბრობდა, ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრი"-ს ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი. პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტებზე შიდა ქართლის და სამეგრელოს საინფორმაციო ცენტრებმაც ისაუბრეს.

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ზეწოლის ფაქტებზე რეაგირება დიპლომატიურ კორპუსს სთხოვეს.




kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments