კითხვები საკრებულოს მიმართ, მოსალოდნელი აუდიტი და აქციები


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 

არჩევნების შემდეგ ცვლილებებს რუსთავშიც ითხოვენ. ააიპი ,,რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზი“  ქალაქის საკრებულოს ,,კარჩაკეტილ მუშაობს“ უწუნებს და ურჩევს საკუთარი მუშაობა მაქიმალურად საჯარო გახადოს.

 აღნიშნული ააიპი არჩევნების შემდეგ შეიქმნა და ძირითადად, კოალიციის აქტიურ წევრების  და რიგითი რუსთაველებს აერთიანებს. ამ ეტაპზე ,,საზოგადოებრივ დარბაზს“ და საკრებულოს შორის ურთიერთობები დაძაბულია. მიეზი  კი ისაა, რომ გასულ კვირას ,,დარბაზის“ დაგეგმილ  შეხვედრაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საკრებულოს თავჯდომარემ  2 საათით ადრე შეატყობინათ, რომ ვერ ახერხებს მოსვლას. ასევე, ,,საზოგადოებრივ დარბაზს“ არ მიეცა საშუალება საკრებულოზე საკითხის დაყენების. მათ განუმარტეს, რომ დროს ვერ დაუთმობენ, რადგან საკრებულოში  წინადადებებს, მხოლოდ, საკრებულოს წევრები აყენებენ.


თავისი მხრივ, საკრებულოს ახლად შექმნილი ფრაქცია ,,რუსთაველების“ წევრი წევრი ნუკრი შათირიშვილი გამუდმებით უყენებს პრეტენზიებს საკრებულოს. შათირიშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომებზე  განსახილველად და კენჭისყრისთვის გამოდის საკითხები, რომელიც ბიუროზე განხილული და შესწავლილი არ იყო.  რაზეც საკრებულოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ  ხანგრძლივ განხილვებზე  დროს ვერ დაკარგავენ.  ერთი-ერთი ასეთი საკამათო თემა 4 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე გამოიკვეთა.  

 ,, საკრებულოს წევრებთან არ ყოფილა ამ საკითხის წინასწარი განხილვა, თუმცა ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია.. საქმე სოციალურად დაუცველთა პროგრამებისთვის საჭირო შესყიდვებს ეხება  და ჩვენ ამ საკითხის მიღებას ვერ შევაყოვნებდით", - საუბრობდა, რუსთავის  საკრებულოს მოადგილე, კახა  ბარათაშვილი.

საკრებულოს მიმართ კითხვებია,  წლის ბოლოს სხვადასხვა პროგრამებიდან დარჩენილ სოლიდურ  ეკონომიებთან დაკავშირებით.  4 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ ჩატარებული ტენდერების წყალობით 200 000 ლარიანი ეკონომია აქვს საბავშო ბაღების გაერთიანებას და შედეგად გარკვეულ ეტაპზე მას ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდია არ დასჭირდება. ეკონომიებზე გაკეთდა განცხადება 19 ნოემბრის საკრერბულოს სხდომაზე, სადაც აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტს სხვადასხვა ხარჯებიდან 420 000 ლარის ეკონომია დაუგროვდა.

საკრებულოს ფრაქცია  ,,რუსთაველების“ წევრები კითხულობენ, თუ რამ განაპირობა წლის ბოლოს სოლიდური ეკონომიების დაგროვება, ხომ არ აქვს ადგილი არასწორად დაგეგმილ ფინანსურ ხარჯებს, ან სხვა რაიმე უკანონო მანიპულაციის გადაფარვას.
კითხვები არსებობს რუსთავის  ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორცილებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებან დაკავშირებითაც.

 ,, მოგეხსენებათ არსებობს კითხვები მერიის წინ გაკეთებულ მოედანთან დაკავშირებით. ზოგი ამბობს, რომ 1 მილიონ 600 000ლარი დაჯდა  და ზოგიც გაცილებით მეტს. ალბათ, ამ საკითხებს შესწავლა სჭირდება. ასევე, საკითხავი ისიცაა რამდენად სწორად აქვს რუსთავის  საკრებულოს პრიორიტეტები განსაზღვრული. შეიძლებოდა მოედნისთვის მილიონის, ან მეტის დახარჯვა, როდესაც უმძიმესი მდგომარეობაა ინტერნატების დასახლებაში ?!" , - კითხულობს, ,,რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზი"- გამგეობის წევრი, სოსო პირველი.

ის არ გამორიცხავს, რომ თუ ,,დარბაზი“ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს საკრებულოსთან ერთად რიგი  ბუნდოვანი საკითხების გარკვევას, ფინანსური აუდიტი მოითხოვონ.

პირად საუბრებში კი ,,რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზი“-ს  რიგითი წევრები აცხადებენ, რომ თუ საკრებულო არ შეცვლი მუშაობის სტილს და არ გახდება მაქიმალურად საჯარო ორგანო,  მალე საზოგადოებრივი პროტესტის გამომხატველი აქციები რუსთავშიც დაიწყება.



Comments