რუსთავში მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს

 

KKPRESS.GE

დღეს, რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა შედგა. ღონისძიებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა: ზაქარია ქუცნაშვილმა და მანანა  კობახიძემ ცვლილებების შინაარსზე და მათ საჭიროებაზე ისაუბრეს. 

კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების მიხედვით, მასში აღარ  უნდა იყოს მითითებული, თუ რომელ ქალაქში განთავსდება პარლამენტი.

,, არავითარი საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ კონსტიტუციაში მივუთითოთ კონკრეტული ქალაქი, თუ სად განთავსდება პარლამენტი. ცხადია, ამით ჩვენ ვამბობთ, რომ არის მართებული პარლამენტის ქუთაისში მუშაობა. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა თბილისშია და აქ ჩამოდიან უცხოეული დეპუტატები - გაუგებარია რატომ გვაქვს 6 საათის სავალ გზაზე  პარლამენტი.  საუბარი იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს ახდენს ქუთაისზე აფსურდია, 140 ადამიანისთვის ბინის გაქირავებით ქალაქი არსებით სარგებელს ვერ იღებს“, - საუბრობდა, კობახიძე.

დამსწრე საზოგადოების მხრიდან ჩასწორების აღნიშნულ პირველ საკითხს, უკმაყოფილება არ გამოუწვევია. აზრები გაიყო მეორე ცვლილებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ამავე ცვლილებით იგეგმება გაიზარდოს პრეზიდენტის უფლებამოსლიება და თუ დღევანდელი კონსტიტუციით მას არჩევიდან 6 თვეში და ასევე, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე არშეუძლია პარლამენტის დათხოვა, ცვლილებით აღნიშნული საკითხის შეცვლა იგეგმება.  საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით,  კონსტიტუციაში აღნიშნული ვადები უნდა ამოვარდეს და ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია პარლამენტის დათხოვა და ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება.

,, ჩვენ ამით ვეუბნებით სააკაშვილს, რომ მას თუ ჰქოგონია, რომ ქართულმა ოცნებამ გაუცრუა ხალხს იმედები, შეუძლია დანიშნოს მორიგო საპარლამენტო არჩევნები. ის ამას, ცხადია, არ გააკეთებს, რადგან იცის, რომ ეს არჩევნები, სადაც მათ თითქოსდა ხმების 40% აიღეს არ იყო სამართლიანი. სამართლიანი არჩევნების პირობებში მათ ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებოდათ. ეს კარგად იცის სააკაშვილმა და მას ყველაზე ნაკლებად აწყობს ამ პარლამენტის დათხოვა“, - საუბრობდა, ზაქარია ქუცნაშვილი.

აღნიშნულ ინიციატივას უარყოფითად აფასებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. საია-ს რუსთავის ოფისისი ხელმძღვანელი, ეკატერინე ფავლენიშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ყოველჯერზე პოლიტიკური რეალობის და გამოწვევების მიხედვით არ არის მართებული. ასეთივე მოსაზრება გამოთქვა შეხვედრის დამსწრე რიგითმა მოქალაქემაც. ,, სააკაშვილისთვის რაღაცის დასამტკიცებლად კონსტიტუციის შეცვლა და პრეზიდენტის უფლების გაზრდა არასწორია“, - საუბრობდა, რუსთაველი ამირან ჭანტურია.

შეხვედრა ორ საათამდე გაგრძელდა. დასწრების მსურველთა ერთი ნაწილი დარბაზში ვერ დაეტია. შესაბამისად,  მათ ვერ მოახერხეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის მიღება.  


KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments