გარდაბნის რაიონი სოფელი თელეთი - რეპორტაჟი (+ ფოტომასალა)






,, ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია და შესაბამისი,  სტატუსიც გვაქვს,  თუმცა ეს სტატუსი გაზის შემოყვანისთვის  არაფერს გვარგია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველები ვართ ამ მხრივ არავითარი შეღავათი არ არსებობს.  საერთო ჯამში,  460 ლარის გადახდა გვიწევს,  საიდან მექნება ეს თანხა, როდესაც სოციალურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული?!", -    - საუბრობს, ზემო თელეთის მაცხოვრებელი, ლუიზა ნარგიზაშვილი.

ამბობს, რომ მთავრობამ  სოფელს ყველა ქუჩაზე წყლის ონკანი დაუყენა, თუმცა  სამ დღეში ერთხელ სასმელად უვარგისი წყალი მოდის და სოფლისთვის წყლის პრობლემა ამით არ მოგვარებულა.  ასევე, თელეთს შიდა გზის საკითხი აწუხებს. ადგილობრივები კითხულობენ, თუ რატომ ახდენს მათი გზების "მოხრეშას" ადგილობრივი ხელისუფლება, როდესაც ყოველ წვიმაზე ეს უკანასკნელი ჩამორეცხილი ხვდება..

,, ეს არის სოფელი, რომელიც  არავის ახსოვს. აქ, რა გილხინთ და რა გიჭირთ-ო ჯერ არავინ მოსულა. სულ ცოტა ადგილობრივი მთავრობა იმას ვერ ახერხებს, რომ სანაგვე ურნები დაგვიდგან, ან ურნას ვინ ჩივის ერთი მანქანა მაინც შემოვიდეს სოფელში და გაიტანოს ნაგავი სისტემატიურად. აქ, ბავშვები ერთადერთი ფეხბურთის თამაშით ირთობენ თავს და სტადიონიც ვერ გაკეთდა სოფელში. არ გვაქვს ქალაქთან დამაკავშირებელი სოფლის ტრასპორტიც. სამი წლის წინ გააჩერეს ჩვენი სოფლის ავტობუსი და მძღოლს უთხრეს, რომ შენ თვითონ ჩაასხი საწვავი და იარე-ო", - გვიხსნიან სოფლის ცენტრში შეკრებილი ზემო თელეთელები.

ადგილობრივი ელენე ჯამალაშვილი აცხადებს, რომ  ოჯახი მისი პენსიით არსებობს და ახალი შეძენილი არც ერთი ღირებული ნივთი არ აქვს, თუმცა სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მისცეს. ჯამალაშვილი  სახლს გვათვალიერებინებს, დაზიანებული სახურავის გამო  დამსკდარი და დანესტიანებულია კედლები. პენსიონერი ქალბატონი სახლის გადასახურად დახმარებას ადგილობრივ მთავრობას სთხოვს.








Comments