,,სუბორდინაცია”, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის თვითცენზურა ?!



"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" დღეს მარნეულის გამგეობის შენობაში შეხვედრა გამართა. ორგანიზაცია, მარნეულის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად,  ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს შეხვდა. ,, მოვაცდინეთ ეს ხალხი, მუშაობენ და ეჩქარებათ,  დროულად დავიწყოთ ", - მიმართავდა შეკრებილებს, ,,სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური კოორდინატორი, ლია ნოღაშვილი. მცირე დაგვიანებისთვის ბოდიშს უხდიდა მარნეულის საკრებულოს თავჯდომარეს და გამგებელს.

შეხვედრა ნოღაშვილის ხუთ წუთიანი გამოსვლით დაიწყო. მან მადლობა გადაუხადა, ინტერესისა და შეხვედრაზე დასწრებისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას. განაცხადა, რომ მარნეულის რაიონში საკმაოდ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რასაც მიესალმება და თვლის, რომ  კარგად ჩანს, თუ როგორ ვითარდება მარნეულში დემოკრატია. შემდეგ კი კითხვით კოლეგებს მიმართა და სთხოვა ესაუბრათ, რა სირთულეები აქვთ მუშაობისას.


 ,, ჩვენ მოგვმართა ქალბატონმა, რომელმაც 2012 წელს შეიტანა გამგეობაში წერილი და პასუხი წელს მიიღო. მას საპასუხოდ წერდნენ, რომ მან თავის წერილში გარკვეული შეცდომა დაუშვა ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამ მაგალითით  იმის თქვა მინდა, რომ გამგეობამ  უნდა დახვეწოს მოქალაქეებთან ურთიერთობის მეთოდები და რაც მთავარია ასეთ დროს დაიცვას კანონით განსაზღვრული ვადები. მოქალაქე წერილზე პასუხს ერთი წლის შემდეგ არ უნდა იღებდეს", - საუბრობდა, ენდელაძე.

მის გამოსვლას საკრებულოს თავჯდომარის, ისპანდარ ქერიმოვის უკმაყოფილება მოჰყვა. ,, არ გინდათ ასეთი  არასწორი საუბარი. მაშინ ისიც ვთქვათ, რომ გარკვეულ ორგანიზაციებს სუბორდინაციის დაცვა არ შეუძლიათ და წერილით მომმართავენ, სადაც წერენ, რომ ინფორმაციას ითხოვენ დაუყოვნებლივ. მე ასე პროკურორიც ვერ მომმართავას. სიტყვა დაუყოვნებლივ  ჯდება სუბორდინაციაში?!"  - მიმართავდა საკრებულოს თავჯდომარე, ,,სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორს. ,, ჩვენ აქ არ ვართ კონკრეტული წერილის განსახილველად,  ძალიან გთხოვთ ვიყოთ კორექტულები და დავიცვათ სუბორდინაცია", - მიმართავდა  ლია ნოღაშვილი ,,დემოკრატ ქალთა კავშირის" ხელმძღვანელს.

საქართველოს კანონმდებლობით ინფორმაციის გამოთხოვისას, სიტყვა ,,დაუყოვნებლივ" გამოყენებადია, როდესაც პირი ითხოვს ინფორმაცია, რომლის გაცემა  უმოკლედ დოშია შესაძლებელი, ან მას სჭირდევა აღნიშნული ინფორმაციის მაქსიმალურად სწარაფად მიღება.  ასევე, ქვეყანაში არც ერთი მოქმედი კანონი არ ავალდებულებს ორგანიზაციას, ან კერძო პირს დაიცვას განსაკუთრებული სუბორდინაცია საჯარო მოხელის მიმართ.
,, მე ვერ გავაკეთებდი ამ სიტყვასთან დაკავშირებით სამართლებრივ ახსნას, რადგან არ გახლავათ იურისტი, თუმცა მე განვაცხადე, რომ წერილის შემოტანისას აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რასაც მოქალაქე ითხოვს და თვითმმართველობამ დაიცვას კანონი. მე ვერ დავუწყებდი აქ, საკრებულოს თავჯდომარეს კანონის სწავლებას", - მოგვიანებით ჩვენ კითხვას პასუხობდა, ლია ნოღაშვილი.

,,მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს სხდომის თარიღი კანონით 7 დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს  და ასევე, განსახილველი საკითხები, ჩვენთან ასე არ ხდება. ხშირად, პირადი კონტაქტებით გვიწევს საკრებულოს სხდომის თარიღის გაგება. ვისურვებდით ამუშავდეს მარნეულის ოფიციალური საიტი და აღნიშნული ინფორმაცია  საიტზე  კანონით განსაზღვრულ ვადებში დაიდოს", - საუბრობდა, ცენტრის კოორდინატრო, მარიამ სამხარაძე.

მის შენიშნვას  საკრებულოს თავჯდომარის კომენტარი მოჰყვა. ,, თქვენ, როდესაც გჭირდებათ მე სამუშაო დროის შემდეგ ვრჩები და გეხმარებით. რათ გინდათ ასეთი საუბარი? როდის და ვინ ვერ დაესწრო საკრებულოს სხდომას?! ისეთი ადამიანები დადიან სხდომებზე ვისი სახელიც კი არ ვიცი. ყვლაფერს ვაკეთებთ, რაც შემიძლია მიხედავად იმ ზეწოლისა, რაც ჩემს თანამდებობასთან დაკავშირებით  ხორციელდება", - აცხადებდა, ისპანდარ ქერიმოვი.

ამის ნაცვლად კი კითხვაზე, როგორ მიმდინარეობს არჩევნების შემდეგ ე.წ  გარდამავალი პერიოდი ლია ნოღაშვილი გვპასუხობდა: ,, სხვა   რაიონებთან შედარებით ეს პერიოდი ნაკლებად მტკივნეულად მიმდინარეობდა მარნეულში. არჩევნების შემდეგ ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მსუბუქად და მალე დაიშალა", - გვპასუხობდა ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი.

აღნიშულ შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის გამგებელი, პაატა აბრამიშვილიც. საკრებულოს თავჯდომარისგან განსხვავებით მას არც ერთ კრიტიკულ მოსაზრებაზე მწვავე რეაქცია არ ჰქონია. ის შეხვედრის მონაწილე არასამთავრობოებთან კამათში არ შესულა. ,, ჩემთვის მსგავსი შეხვედრები საინტერესოა და ყოველთვის შემიძლია მათ დრო დიდი ინტერესით დავუთმო, რაც შეეხება ქერიმოვის განცახდებას არ ვიცი რას გულისხმობდა, ჩვენი მხრიდან  მასზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება", - პასუხობდა, მარნეულის გამგებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ,,სამართლიანი არჩევები" ე.წ გარდამავალ პერიოდს მარნეულისთვის  უმტკივნეულოდ მიიჩნებს, გამგეობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება სწორედ,  მას შემდეგ განხორციელდა, რაც გამგეობის წინ საპროტესტო აქციები მოეწყო. ასევე, ამ საკადრო ცვლილებებს წინ უძღოდა  მარნეულის გამგეობის მიმართ პროკურატურის და ფინანსური პოლიციის გააქტიურებული მუშაობა....


Comments