რუსთაველთა სოციალური მდგომარეობა – 500 მოქალაქე უფასო სადილის მოლოდინში

KKPRESS.GE

1 700 რუსთაველი თვითმმართველობის  ,,მინიმალური სასურსათო პროგრამის" ფარგლებში ქალაქის   უფასო სასადილეობით  სარგებლობს.  საზოგადოების ეს ნაწილი აღნიშნული პროგრამით უფასო კვებას დღეში ერთხელ იღებს.  მათი რაოდენობა წელს ორასით  გაიზარდა  -  კვების ტალონის მოლიდინში კი 500-ზე მეტი რუსთაველია.
ქალაქში მოქმედ  4 სასადილოში, მარტოხელა პენსიონერებისთვის, I და II ჯგუფის ინვალიდების, დევნილების და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივებისთვის - საკვები პროდუქტების გაცემა დღის 11 საათიდან  2 საათამდე ხდება.

,,  დილიდან მოვდივარ სასადილოსთან. მიუხედავად იმისა რომ ის საკვები რასაც აქ ვიღებ საკმარისი არ არის,  ვცდილობ როგორმე ვამყოფინო ოჯახს.  ასევე  ვახერხებ საკვების მცირე ნაწილი ჩემს მეზობლად მცხოვრებ ოთხშვილიან ოჯახსაც მივაწოდო. ისინი წლებია  უშედეგოდ ელოდებიან პროგრამაში ჩართვას", -  ამბობს, პროგრამაში ჩართული ადგილობრივი, ანთასან ეგოიანი.
 საკვები პროდუქტის ხარისხით და მომსახურებით კმაყოფილია პროგრამის ბენეფიციარი, კლარა დარბაია, მაგრამ ამბობს რომ  პროგრამის პრიორიტეტები გადასახედია.
,,  ჩემი მეუღლე ორი წელი უშედეგოდ ელოდა კვების ტალონს. მუნიციპალიტეტიდან მოთხოვნაზე დადებითი პასუხი, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მივიღე" , - ამბობს დარბაიძე.

რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის მაია ნეფარიძის განცხადებით, ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამისთვის 900 000 ლარია გამოყოფილი. მისივე თქმით, სურვილის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა უმწეო მოქალაქის დაკმაყოფილება თვითმმართველობას არ შეუძლია. 

,, ქალაქის მასშტაბით ბევრია სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვს ტალონს საკუთარი ოჯახის წევრების გამოსაკვებად. ჩვენ პრიორიტეტს სწორედ ასეთ ოჯახებს ვანიჭებთ, იმ მრავალწევრიან ოჯახებთან შედარებით, რომლებიც  თავად ტალონების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ",  -აცხადებს,  ნეფარიძე.  


რუსუდან გოგოლაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments