„ქართული ოცნების“ წევრმა შესაძლოა სასამართლოს მიმართოს



დღეს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" წევრმა,  გიორგი მაღრაძემ კერძო სკოლა „მილენიუმში" ბრიფინგი გამართა. მაღრაძე ალეკო ბერიძის მხარდამჭერებს,  მის მიმართ  ცილისმწამებლური კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  მათ  ორკვირიანი ვადას აძლევს და  აცხადებს, რომ თუ ამ  დროის მანძილზე ბერიძის მხარდამჭერები მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების დამტკიცებას ვერ შეძლებენ - მათ სასამართლოში უჩივლებს.


„ 2013 წლის 12 აპრილს კოსტავას  გამზირზე, „ქართული ოცნების" ოფისთან ალეკო ბერიძის გუნდმა დებოშის მოწყობა სცადა. ეს ადამიანები არც სამართლებრივად და არც იურიდიულად „ქართულ ოცნებასთან" კავშირში არ არიან.  მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან მუდმივად არის მცდელობა ნორმალური პოლიტიკური  პროცესების ჩაშლის.  გარდა ამისა,  მათი მხრიდან ადგილი აქვს ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოსდა მე და ჩემი მეგობრები 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნეში ე.წ კარუსელის ტრიალში ვიღებდით მონაწილეობას,  ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ", - განაცხადა გიორგი მაღრაძემ.




 „ეს არის პროტესტი იმ უმსგავსო საქციელის გამო, რომელსაც ჯერ კიდევ ავრცელებს ალეკო ბერიძის გუნდი. მე მინდა გითხრათ რომ ალეკო ბერიძე, ირაკლი ნანიტაშვილი და ბესიკ ჯალაღანია, უკვე დიდი ხანია გარიცხული არიან პარტიიდან.  თუმცა პარტიის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს დღემდე ახორციელებენ და  მათ მიერ სიბინძურის კორიანტელი მიმდინარეოს ჩემი პიროვნეის წინააღმდეგ", - საუბრობდა, ელზა ლეკვეიშვილი.


„ იცით მე რეაქცია რატომ მაქვს ტერმინ ნაციონალებზე?! რადგან  ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ჩემთვის ასოცირდება ძალიან ბევრ უარყოფით მომენტთან,  ამიტომ შეურაცხოფილად  ვგრძნობ თავს,  როდესაც ნაციონალობას მაბრალებენ. მოვითხოვ შეწყდეს ამგვარი ცილისწამება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამრთლოში სარჩელს მეც შევიტან", - აცხადებდა, ,,ოცნების" წევრი სვეტლანა მიქელაშვილი.

Comments