დანაშაულის აღკვეთისას რუსთავის პოლიციის არაკვალიფიციური მუშაობა გამოიკვეთა


KKPRESS.GE

 ,,ადგილზე მალევე მოვიდა საპატრულოც, რომელმაც გაფრთხილების გარეშე სამი გასროლა განახორციელა.ერთი ტყვია ყაჩაღს მოხვდახოლო ორი მე", - იხსენებს, ყაჩაღების განეიტრალებისას დაშავებული მოქალაქე.

გასულ კვირას, ცენტრალური მედიასაშუალებებით საზოგადოებამ რუსთავში ცხელ კვალზე გახსნილ დანაშაულის შესახებ  შეიტყო.   ჩვენი კოლეგები ტელესიუჟეტებში ყვებოდნენ, რომ რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღება ადგილზე იქნა აღკვეთილი. აცხადებდნენ, რომ დაიჭრა ერთ-ერთი დაყაჩაღებული და სუპერმარკეტში მყოფი მოქალაქე.

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი დაინტერესდა, რა ვითარებაში დაშავდა დაყაჩაღებისას მაღაზიაში მყოფი მოქალაქე და ჰქონდა, თუ არა ადგილი პოლიციის არაკვალიფიციურ მუშაობას.

დღეს დაჭრილი სამოქალაქო პირი და მაღაზიის გამყიდველი იხსენებს, რომ ყაჩაღები ცეცხლსასროლი იარღით არ იყვნენ შეიარაღებულები მათ, მხოლოდ, დანები ჰქონდათ. დაზარალებული მოქალაქის თქმით, რომელიც შრომის უნარიანი ყველაზე კარგ შემთხვევაში თვე-ნახევრი  ვერ იქნება, ამბობს, რომ პოლიციამ სროლა გაფრთხილების გარეშე დაიწყო. 



მარკეტი "გარეჯი"-ს თანამშრომელი დაყაჩაღების და ნათესავის დაჭრის ფაქტს იხსენებს. ამბობს, რომ  28 აპრილს, მაღაზიაში,  დანით შეიარაღებული რამდენიმე პირი შეიჭრა. მათი განიარაღება კი, ადგილზე შემთხვევით მყოფმა მისმა ნათესავმა სცადა, რომელიც საპატრულო ეკიპაჟის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად დაიჭრა.

" 28 აპრილს, ღამის 9 საათისთვის, მაღაზიაში 2 ახალგაზრდა შემოვიდა, რომლებმაც დანის მუქარით სცადეს ჩვენი დაყაჩარება. ფაქტს სრულიად შემთხვევით შეესწრო ჩემი შვილის მეუღლე და მათი განიარაღება სცადა. ადგილზე მოვიდა საპატრულო ეკიპაჯიც, რომელთა მიერ განხორციელებული სროლის შედეგად დამყაჩაღებელიც და ჩემი სიძეც ფეხის არეში დაიჭრნენ",- განაცხადა ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან საუბრისას სვეტლანა კვაჩოვამ.

მისი თქმით, სავაჭრო ობიექტზე მიყენებული მატერიალური ზარალი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.  ,, სროლის შედეგად დაზიანდა ობიექტი და მასში განთავსებული ძვირადღირებული ტექნიკაც, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია", - დასძინა მან.

როგორც თავად დაზარალებული, ამირან შუკაკიძე აცხადებს შსს-ს თანამშრომლებმა ადგილზე მისვლისას, გასროლა გაფრთხილების გარეშე განახორციელეს.
" იმ საღამოს მე და ჩემი მეუღლე მაღაზიასთან ახლოს ვიყავით, როდესაც ყვირილი გავიგონეთ და მაღაზიაში დანით შეიარაღებული პირები შევნიშნეთ. მათთან გამკლავებას ჩემივე ძალებით შევეცადე, თუმცა ადგილზე მალევე მოვიდა საპატრულოც, რომელმაც გაფრთხილების გარეშე 3 გასროლა განახორციელა. ერთი ტყვია ყაჩაღს მოხვდა, ხოლო 2 მე. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იმავე საღამოს, აღნიშნულმა ჯგუფმა მე-12 მიკრო რაიონში მდებარე ობიექტის დაყაჩაღებაც სცადა, საიდაცან, ეკიპაჟი ცხელ კვალზე გამოყვა", -აღნიშნა დაზარალებულმა შუკაკიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა საპატრულოს თანამშრომლებს ისიც ყაჩაღური დაჯგუფების წევრი ეგონათ.

,, დამყაჩაღებლებმა ჩემს მეუღლეს და დედამისს ყელის არეში დანები მიაბჯინეს, მე ჩემი ძალებით ყველანაირად ვდცილობდი მათთან გამკლავებას. ადგილზე მოსულ საპატრულოს კი  შესაძლოა, მეც ერთ-ერთი მათგანი ვეგონე და  მესროლეს. შედეგად ორივე ფეხის არეში  მივიღე ცეცხლნსასროლი ჭრილობა და თვე-ნახევრის განმავლობაში მომიწევს შესაბამისი მკურნალობის კურსის გავლა, რომლის ხარჯებსაც, როგორც მითხრეს სახელმწიფო დაფარავს", - დასძინა ამირან შუკაკიძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს თავად შინაგან საქმეთა სამინისტროც, თუმცა უწყების განცხადებაში დაჭრილი მოქალაქის, ამირან შუკაკიძის შესახებ არფაერია ნათვქვამი.

,, შინაგან საქმეთა სამინისტროს  ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო  ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე ოთხი პიროვნება: წარსულში ნარკოდანაშაულისა და ყაჩაღობისათვის  ნასამართლევი გიორგი ვ, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ანზორ შ, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი მიხეილ პ.  და დავით ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულები რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, მარკეტ „გარეჯში" შეიჭრნენ და ცივი იარაღის  მუქარით  გამყიდველს ფული მოსთხოვეს. სამართალდამცველებმა ორი  ბოროტმოქმედი შემთხვევის  ადგილზე, ხოლო  დანარჩენი ორი  -  მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ერთ-ერთი  თავდამსხმელი გიორგი ვ. ფეხის არეში  დაიჭრა. გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" პუნქტებით,  რაც 6-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავცელებულ განცხადებაში.

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ორი დღის განმავლობაში ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებდა, რომ დაკავებულია და გვთხოვდა მოგვიანებით დაკვაშირებოდით.

პ.ს ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი მოუწოდებს შსს-ს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ რეგიონულ მედიასთან ურთიერთობისას. ვფიქრობთ, რომ სამინისტროს აქვს გააზრებული ის გარემოება, რომ აღნიშნული უწყება არ ეკუთვნის, მხოლოდ, დედაქალაქს და მასთან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით წვდომის საშუალება,  ისევე უნდა ჰქონდეს რეგიონულ მედიას, როგორც დედაქალაქში მომუშავე  მედია ორგანიზაციებს.


რუსუდან გოგოლაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments