ღარიბაშვილის დაგვიანებული ყურადღება რუსთაველ მძღოლებს - 05 მაისი 2014


kkpress.ge- ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი

რუსთაველი მძღოლების აქციები თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო. სხვადასხვა ხაზების ე.წ მეპატრონეები და რიგითი მძღოლები ჯერ მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსის გამოცხადებას, შემდეგ ჩატარებული კონკურსის შედეგებს და ახლა, უკვე ქალაქში გამარჯვებული კომპანიის მიერ ყვითელი სამარშუტოების შემოყვანას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს რუსთავის მერიის წინ, დადგეს კარვები, დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ კი რადგან ცვლილებები ვერ გამოიწვია მათმა პროტესტმა გადაინაცვლეს მმართელი პარტიის ოფისთან.

,,ოცნებასთან"  შეკრებილები პარტიის შესასვლელ კართან ავტომობილების გასაღებით აკაკუნებდნენ და აცხადებდნენ, რომ იქნებ ამ ფორმით მაინც მიიქციონ  ,,ოცნების" ყურადღება.

ხანგრძლივი პროტესტის მიმდინარეობისას მათთვის მხარდაჭერა არ გამოიხატავს არც მმართველ პარტიას და არც, რომელიმე თანამდებობის პირს. საკითხში გარკვევას დაპირდათ დავით ნარმანია და კახი კალაძე, თუმცა აქციის მონაწილეთა მდგომარეობა ამით არ შეცვლილა.


,,ოცნების" წინ აქციის მიმდინარეობისას თავის დაწვა სცადა ერთ-ერთმა ხაზის არაოფიციალურმა მეპატრონემ. აღნიშნულსაც არ მოჰყოლია თანამდებობის პირთა აქტიური ჩართვა პრობლემის მოსაგვარებლად. კულვარებში კი რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლება საუბრობდა, რომ თვითმკვლელობის მცდელობა დადგმული იყო.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მძღოლმა, ვეფხია გოგილაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეგობრები, რომლებიც მის მსგავსად არიან რუსთავი-თბილისის ხაზებზე მომუშავე მძღოლები აცხადებენ, რომ გოგილაშვილი განიცდიდა ყვითელი სამარშუტოების შემოყვანას ქალაქში და მათი აზრით  თვითმკვლელობაც ამ სტრესის ფონზე მოხდა.

დაზუსტებით იმისი თქმა გახდა, თუ არა რუსთავში ჩატარებული ტრანსპორტის ,,რეფორმა" ადამიანის გარდაცვალების მიზეზი რთულია, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ამ ტრაგედიის შემდეგ, რომელიც რიგი პარტიებისთვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა, რუსთაველი მძღოლების მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს რუსთავს მგზავრთა გადაყვანის  სანებართვო კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გასაკრიტიკებლად სტუმრობდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მიუხედავად, იმისა რომ თვეებია გრძელდა მძღოლების პროტესტის პრემიერმა სიტუაცის მოწესრიგების ბრძანება ტელევიზიების თანხლებით, მხოლოდ ახლა გასცა.

"რუსთავში ჩემი ჩამოსვლის მიზეზია სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ერთ-ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა. მაქვს შემდეგი შეკითხვა, რატომ დგას ხალხი ქუჩაში? ამდენი ხნის განმავლობაში გამარჯვებულმა კომპანიამ რატომ ვერ მოახერხა ამ ადამიანების დასაქმება და რატომ ვერ ასრულებს ის ნაკისრ ვალდებულებებს. კეთილი ინებოს ამ კომპანიამ, შეასრულოს ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოგიწოდებთ, იმოქმედოთ კანონის შესაბამისად",- აცხადებდა ღარიბაშვილი.

საუბრობდა, რომ მისთვის ძვირფასია ყველა კანონის ფარგლებში მომუშავე კერძო კომპანია, თუმცა მათზე ძვირფასია თითოეული მოქალაქე.

ფოტოს წყარო: cp.ge
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 


Comments