,,ოცნების“ წევრები ეროსი კიწმარიშვილთან გადადიან - 16 მაისი 2014

KKPRESS.GE- ქვემო ქათლის საინფორმაციო პორტალი 

,,ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაცია 35 წევრმა დატოვა. პარტიის ყოფილი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ,,ოცნება"-მ უღალატა თავის ამომრჩეველს.
ამირან ბიწაძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ოცნების შტაბს ხელმძღვანელობდა აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლის რამდენიმე მიზეზი აქვს. ამბობს, რომ ,,ოცნების" ხელისუფლების დამოკიდებულება რუსთაველი მძღოლების მიმართ არაჰუმანური იყო და მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა - მას არ ჰქონდა უფლება პარტიაში დარჩენის. ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ შეცდომები ქვეყნის მასშტაბითაც დაუშვა და ერთ-ერთი ასეთი შეცდომა არის ანტიდისკრიმინაციული კანონი.

,, იყო შემოთავაზება მათი მხრიდან მაჟორიტარ კანდიდატობაზე, თუმცა ეს წინადადება არ იყო ჩემთვის მისაღები, იმ რიგი მიზეზების გამო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ", - აცხადებს ბიწაძე.

ის  და ოცნებიდან წამოსული 35 პარტიის აქტივისტი ეროსი კიწმარიშვილის გარშემო ერთიანდება. მათ რიგებშია ,,თავისუფალი დემოკრატები"-ს რუსთავის ორგანიზაციის აწ, უკვე ყოფილი თავმჯდომარე, გოჩა ომაიძე.

ომაიძე საუბრობს, რომ ,,ოცნებამ" ვერც სამართლიანობა აღადგინა და ვერც გამჭვირვალე მმართელობას ჩაუყარა საფუძველი. ამბობს, რომ ყველა დონეზე ადგილი აქვს ნეპოტიზმს და თანამდებობებზე მეგობრების დანიშნვას.

,,ოცნებიდან" წასულებს პარტიის რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია პასუხობს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ,,ოცნება" მხოლოდ სამმა წევრმა დატოვა.
,, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია მათ შორის, მხოლოდ სამი ადამიანი იყო ჩვენი პარტიის წევრი. რაც შეეხება მათ უკმაყოფილებას, მიზეზი იყო გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებული საკითხები - ითხოვდნენ ხელმძღვანელ პოზიციებს. ხშირ შემთხვევაში მათი მოთხოვნები სცილდებოდა იმ საკადრო შესაძლებლობებს, რაც აქვს პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს", - საუბრობს ჯიქია.

ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილს არ მიიჩნევს სერიოზულ კონკურენტად, რადგან ის სარგებლობს მომენტით და საარჩევნო მიზნებისთვის განაწყენებულ ხალხს იყენებს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments