გამგებელი, რომელიც მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა ,,ოცნების“ სიაში მეხუთეა

KKPRESS.GE- ქვემო ქათლის საინფორმაციო პორტალი 

უკვე რამდენიმე თვეა გარდაბნის რაიონს ყოფილი ძიუდოისტი ამბაკო ავალიანი მართავს. რაიონის გამგებლად მას შემდეგ დანიშნეს, რაც ორი თვის წინ პოლიციას ,,ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილემ, ჯაბა ლურსმანაშვილმა მიაკითხა.
ლურმანაშვილმა, რომელსაც სახეზე და კიდურებზე სილურჯეები, ნაკაწრები აღენიშნებოდა განაცხადა, რომ მას გამგეობის წინ ფიზიკურად ამბაკო ავალიანი გაუსწორდა,რომელსაც იმჟამად გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
,, მე მყავს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ამბაკო ავალიანმა ამ დროის განმავლობაში უამრავჯერ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა. ჩემი პროვოკაციაზე  წამოგების მიზნით სისტემატიურად გვერდზე ჩავლისას მხარს გამკრავდა. მართლა მრცხვენია ამას, რომ ვსაუბრობ, მაგრამ ეს არის ამ ადამიანის სტილი.

რაც შეეხება გუშინ და დღეს ავალიანის და მისი მეგობრების მიერ ჩემი ცემის ფაქტს - ეს  ყველაფერი გუშინ გამგეობის წინ დაიწყო.

გამგეობიდან გამოსულს ამბაკო ავალიანმა ისევ გამკრა მხარი, ეს მაშინ როდესაც ჩემთვის გვერდის ავლის საშუალება ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ეს ხდება გამგეობის წინ კიბეებთან, სადაც არა თუ ორი, ოცი ადამინის თავისუფლად გავლაა შეიძლება.
გვერდი გამკრა და ამას მოჰყვა ჩხუბი. შემაგინა და მეც შევაგინე, შემდეგ ფიზიკურად შემეხო, ქურთუკი გაიხადა და გამგეობის წინ გამგებლის მოადგილე ფიზიკურად გამისწორდა.

სანამ უშუალოდ ჩხუბს დაიწყებდა პარკში გავიდეთ და გავარჩიოთ საქმე-ო ამბობდა, მაგრამ არ გავყევი, რადგან ვიცოდი ეს ყველაფერი როგორც დამთავრდებოდა", - საუბრობდა ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან"  ჯაბა ლურსმანაშვილი.
მან შესაბამისი საჩივრით ადგილობრივ პოლიციას მიმართა. თავად ავალიანმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. აღნიშნული შემთხვევიდან ორ  დღეში კი ამბაკო ავალიანი რაიონის გამგებლად დაინიშნა.

ლურსმანაშვილის ოჯახმა და გარდაბნელებმა დახმარებისთვის რეგიონის გუბერნატორს, გიორგი მღებრიშვილს მიმართეს და სთხოვეს, რომ ,,დამნაშავე ელემენტი" ჩამოეშორებინა რაიონის მართვიდან.

მიუხედავად ამბაკო ავალიანის თავგადასავლებისა ,,ქართულმა ოცნებამ"  ჩათვალა, რომ გარდაბნის ამომრჩეველს პროპორციული სიით შეუძლია ავალიანის კანდიდატურა მე-5 ნომრად შესთავაზოს.

,,ოცნების" გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელი და რაიონის გამგებლობის კანდიდატი, გელა ნიორაძე ამბობს, რომ ავალიანი სიაში მეხუთეა. ,,ოცნების" გარდაბნის პროპორციული სიის ხუთეული ასე გამოიყურება: ეკატერინე სანებლიძე - რადიო-ტელე ინჟინერი, ასევე არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრი; ბაკურ ზურაბიანი - რესპუბლიკური პარტიის გარდაბნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიეკუთნება კადრების იმ მცირე ნაწილს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით ,,ოცნების" რიგებში არიან. სიაში რიგით მესამე არის ექიმი მაია შამედოვა, მეოთხე - ლევან ონიანი (ეროვნული ფორუმი), მეხუთე - რაიონის ამჟამინდელი გამგებელი - ამბაკო ავალიანი.

,,ოცნების" გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნული ხუთეული არ შეიცვლება - სიის დანარჩენ წევრებზე კი საბოლოო ინფორმაციას მოგვიანებით წარუდგენენ საზოგადოებას.



ამავე თმაზე: ,, გამგებლის მოადგილე გამგეობის წინ ფიზიკურად გამისწორდა" 

მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments