ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა + (ვიდეო) - 14 ივლისი 2014

KKPRESS.GE

„ქართულ ოცნებას" როგორც იქნა ადილობრივ თვითმმართველობაში მოსვლის ოცნება აუხდა. დღეს ქვემო ქართლის ყველა თვითმმართველობაში „ოცნების" უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკრებულოებმა მუშაობა დაიწყეს.

ახალი შემადგენლობის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა რუსთავშიც. 17 „ქართული ოცნების" წევრი, 4  „ნაციონალი" და თითო-თითო წევრი: „ლეიბორისტული", „ჩვენი საქართველოს", „პატრიოტთა ალიანსი"-ს და ბურჯანაძის საარჩევნო ბლოკიდან - ასე დაკომპლექტდა რუსთავის ახალი საკრებულო.

უმცირესობაში მყოფი 5 ქალბატონისგან შემდგარი საკრებულოს პირველ სხდომაზე აქტიური „ოცნების" მაჟორიტარი, ელზა ლეკვეიშვილი იყო. მას შემდეგ, რაც მისი საკრებულოს თავმჯდომარედ წარდგენა ითხოვა ალიანსიდან საკრებულოს წევრმა, თან დაახასიათა იგი, როგორც „რეჟიმთან ყველაზე ატიურად მებრძოლი ადამიანი"- ლეკვეიშვილმა განაცხადა, რომ ახლაც საბრძოლა განწობას ინარჩუნებს.

„ მე უღრმეს მადლობას გიხდით, მაგრამ უარს ვამბობ ამ შემოთავაზებაზე. დიახ, ვიბრძოდი რეჟიმის წინააღმდეგ და კიდევ ვიბრძოლებ, თუ საჭირო გახდა", - საუბრობდა ლეკვეიშვილი. მოგვიანებით კი ამავე სხომაზე განაცხადა, რომ შურისძიებისთვის და რევანშისთვის არ გამხდარა საკრებულოს წევრი და მიმართულებით არ იმუშავებს, თუმცა მის განცხადებას, უკვე უმცირესობაში მყოფი რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კახა გურგენიძე გამოეხმაურა.

გურგენიძე უხსნიდა „ოცნების" წევრებს, რომ ისინი არიან უმრავლესობაში და რა დარჩა საბრძოლველი მისთვის გაუგებარია.

დღევანდელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით: 21 მხარდამჭერი 4-ის წინააღმდეგ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე, რომელიც „ოცნების" გამარჯვებული მაჟორიტარი, კონსერვატორული პარტიის რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენელი  და  ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელია.

მაღლაკელიძის მოადგილედ კი ხმათა ასეთივე თანაფარდობით აირჩა, „ოცნების" ჭყონდიდელის დასახლებაში გამარჯვებული მაჟორიტარი, გოჩა შავაძე. მან საკრებულოს მიმდინარეობისას ყველა პარტიის წარმომადგენელს მოუწოდა აქტიური მუშაობისკენ და განუცხადა, რომ საკრებულომ ერთხმად  უნდა იმუშაოს რუსთავის სასიკეთოდ.
შავაძე, რომელიც „ოცნების" უმრავლესობისთვის მოსაწონი კადრი აღმოჩნდა - ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილებითაა.

საუბრობს, რომ დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უმაღლესი სკოლა. 2003 წლამდე  მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ამავე წელს ეკავა ქვემო ქართლის სამხარეოს უფროსის თანამდებიობა, რამდენიმე თვით. შემდეგ კი სამსახურიდან გაანთავისულფეს და 9 წლის განმავლობაში ეწეობა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას. გოჩა შავაძე, რომელიც სხვებზე ნაკლებად აგრესიული და კონსტრუქციული ჩანდა დღევანდელ სხომაზე, კომენტარს ამ ეტაპზე „ოცნების" ფრაქციების ვერ შექმნის შესახებაც აკეთებს.
„ჩვენ ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართული ამჟამად უკვე რუსთავის მერის დავით ჯიქიას საარჩევნო კამპანიაში და ალბათ, ამის გამო ვერ მოხერხდა ფრაქციების საკითხზე მუშაობის დასრულება"- საუბრობს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა შავაძე.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარები გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ. აცხადებდა, რომ  საკრებულო და მისი წევრები იქნებიან მაქსიმალურად ახლოს მოსახლეობასთან და კაბინეტებში არ გამოიკეტებიან.
ამ დროისთის რუსთავის საკრებულოში შექმნილია მხოლოდ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია. „ნაციონალების" კითხვაზე ეყოლება, თუ არა თავმჯდომარეს მეორე მოადგილე საკრებულოს ოპოზიციური ნაწილისგან დასახელებული - მაღლაკელიძე პასუხობდა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ.

პ.ს ფოტორეპორტაჟი იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/media/set/?set=a.600927646691458.1073741886.146983598752534&type=1

მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments