თვითმმართველობის კოდექსში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს - 26 ივლისი 2014

KKPRESS.GE

პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ჟორჟოლიანმა კანონპროექტი შეიტანა, რომელიც თვითმმართველობის კოდექსის, რამდენიმე მუხლში ცვლილებების და დამატებითი განმარტებების შეტანას ითვალისწინებს.

განმარტებით ბარათში კოდექში ცვლილებების ინიციატორი წერს:
„ კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" გარკვეული მუხლები შეიცავს ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩანაწერებს, კერძოდ, კოდექსის რამდენიმე მუხლში ნახსენებია „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (მოადგილეები)", ხოლო ზოგიერთი მუხლი მიუთითებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე.

ცვლილებების მიხედვით განისაზღვრება საკრებულოს ორი მოადგილის არსებობა ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 100 ათასს. გარდა ამისა, დასაზუსტებელია გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულეების ქვედანაყოფების განსაზღვრისა და საკრებულოს მიერ ხელშეკრულებების დამტკიცების მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოების საკითხი", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

საიას რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავადა იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები ჯერ არ არის შესული თვითმმართველობის კოდექში, რუსთავის საკრებულოს მეორე მოადგილის არჩევის უფლება ჰქონდა.

„ საკრებულოს ჰქონდა მეორე მოადგილის არჩევის უფლება, რადგან თვითმმართველობის კოდექსის 24 მუხლში მითითებულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს უფლება ჰყავდეს მოადგილეები. აღნიშნული კანონპროექტი კი ითვალისწინებს კონკრეტული ზღვარის დაწესებას, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობა განსაზღვრავს ეყოლება, თუ არა საკრებულოს მეორე მოადგილე", - აცხადებს ფავლენიშვილი.

აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც რუსთავის საკრებულოს ექნება უფლება მეორე მოადგილის ყოლის, რადგან რუსთავში 104 456 ამომრჩეველია.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments