ქვემო ქართლის რაიონებისთვის ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

KKPRESS.GE

რეგიონული განვითარების სამინისტროს „ საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია," რომელსაც ნაგავსაყრელების მართვა ევალება - სიახლეებს გეგმავს ქვემო ქართლთან დაკავშირებით. კომპანიის ხელმძღვანელის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით ქვემო ქართლს მომავალში მხოლოდ ორი ნაგავსაყრელი მოემსახურება. ერთი მათგანი უკვე მოქმედია და ემსახურება რუსთავს და გარდაბნის რაიონს. მეორის მშენებლობას კი 2015 წლიდან იგეგმება მარნეულის რაიონში და მოემსახურება წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს და თავად მარნეულის რაიონს.

„ შემოვიყვანეთ საკოსულტაციო კომპანია „კოვი," რომელიც ამზადებს მარნეულის ახალი ევროპული სტანდარტის ნაგავსაყრელის ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას. აღნიშნული დოკუმენტი შეისწავლის არსებულ მდგომარეობას: მოსახლეობის რაოდენობა, გამომუშავებული ნარჩენების ოდენობას და ა.შ - მონაცემებს, რომელიც აუცილებელია პროექტის მოსამზადებლად.


აღნიშნული დოკუმენტის მომზადება დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის. მომავალი წლიდან კი გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი ნაგავსაყრელის დიზაინის და პროექტის შესაქმნელად. შესაბამისად, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა ნაგავსაყრელის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი მომავალი წლის მეორე ნახევარში გამოცხადდება.

პროექტი სამწლიანია და ითვალისწინებს ნაგავსაყრელთან ერთად ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობას", - საუბრობს, „ საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის" დირექტორი, გიორგი შუხოშვილი.

ზუსტად რამდენი გადამტვირთავი სადგური აშენდება და რა პერიოდულობით მოხდება ამ სადგურიდან ნარჩენების გადატანა მარნეულის ნაგავსაყრელში  ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ როგორც ნაგავსაყრელის მართვა, ასევე ნარჩენების ტრანსპორტირებაც გარკვეული დროით - პროექტის ფარგლებში მოხდება და თვითმმართველობებს საკუთარი ხარჯების გაღება არ მოუწევთ.

„ ახალი ევროპული ნაგავსაყრელი, რომელიც მარნეულთან ერთად დმანისს, წალკას, თეთრიწყაროს და ბოლნისს მოემსახურება - მარნეულის რაიონში აშენდება. იმისთვის, რომ მოხდეს ნარჩენების ამ რაიონებიდან აღნიშნულ ნაგავსაყრელზე შემოტანა გაკეთდება ნარჩენების გადამტვირთავი სადგურები იმ რაიონებში, რომელიც მარნეულიდან მოშორებულია. ამ მმართულებით რიგი დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული. თუმცა შეგვიძლია თამამადა ვთქვათ, რომ ეს ნაგავსაყრელი ქვემო ქართლის რეგიონში ნარჩენების კუთხით არსებული პრობლემის მოგვარებისკენ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული ნაგავსაყრელი EBRD-ის სესხით აშენდება. მისი ექსპლუატაციაში ჩაშვება 2017 წლის დასაწყლისში იგეგმება", - დასძენს, გიორგი შუხოშვილი.

კომენტარს აკეთებს ამჟამად მოქმედ  რუსთავი-გარდაბნის ნაგავსაყრელზეც. ამბობს, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელიც თვითმმართველობაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ კომპანიის მართვაში გადავა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდება.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments