რუსთავის მე-20 საბავშო ბაღი შენობის გამაგრების და რემონტის მოლოდინშია

KKPRESS.GE

ორ დღეში რუსთავის ბაგა-ბაღები აქტიურ მუშაობას იწყებენ. ორშაბათს აღსაზრდელებს ელიან რუსთავის მე-20 საბავშო ბაღში, თუმცა შენობაში გამაგრებითი სამუშაოებისთვის სამზადისი მიმდინარეობს. აღნიშნული საბავშო ბაღის აღსაზრდელებს არც ერთი ჯგუფი გარემონტებული არ ხვდებათ. იატაკი, სველი წერტილები, კარ-ფანჯრები - საბავშო ბაღს ყველა ამ მიმართულებით პრობლემა აქვს.

კითხვაზე, რატომ არ დაიწყო ბაღის გამაგრებითი სამუშაოები ზაფხულის დასაწყისში, ან უფრო ადრე -  ბაღის გამგე ნინო ჭანტურია ამბობს, რომ  აღნიშნული პრობლემის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტს ინფორმაცია დიდი ხანია აქვს.


„ ჯგუფების ნაწილში ლინოლიუმი გვაქვს დაგებული, სარემონტოა დარბაზიც. დიდი შრომის ფასად გვიჯდება სისუფთავის შენარჩუნება, რადგან იატაკი დაზიანებულია და დარბაზის აყრილი პარკეტიდან მტვერი ამოდის. გამოსაცვლელია კარ-ფანჯრებიც. სველ წერტილებში ისევე, როგორც რუსთავის სხვა საბავშო ბაღებში არ არის ჩარეცხვის სისტემა და ამიტომ ხედავთ, რომ ვაგროვებთ წყალს", - საუბრობს, ჭანტურია.

ბაღის სხვა თანამშრომლები გვიხსნიან, რომ დაზიანებულია სახურავის ნაწილიც, რომელსაც რეაბილიტაცია 2004 წელს ჩაუტარდა. საუბრობენ, რომ სახურავიდან წყალი პირველ სართულზე ბავშვების საძინებელ ოთახში ჩამოდის. ბაღის გამგის ინფორმაციით მათი შენობის გარემონტება ვერ მოხერხდა, რადგან გამაგრებითი სამუშაოები არ იყო ჩატარებული. საუბრობს, რომ აღნიშნული სამუშაოები შენობის მხოლოდ, ერთ ნაწილს სჭირდება, რადგან ობიექტის ნაწილი, უკვე გამაგრებულია. 

რუსთავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ საბავშო ბაღის გამაგრებითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ჩატარდა, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით - შენობაზე არსებული ბზარები საჭიროებდა დაკვირვებას. აცხადებენ, რომ ბიუროს საბოლოო დასკვნა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. სააღმზრდელო ჯგუფების მდგომარეობაზი კი გვხსნიან, რომ რემონტი შენობის გამაგრებამდე ვერ ჩატარდებოდა.
კითხვაზე შენობის, უკვე გამაგრებულ ნაწილზე რატომ არ მოხდა სარემონტო სამუშაობის ჩატარება აცხადებენ, რომ ბაღის გამგეს არასწორი ინფორმაცია აქვს და აღნიშნული ობიექტის გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა.


ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე ...

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments