Monday, September 22, 2014

იცავენ თუ არა საჯაროობის პრინციპებს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები?

KKPRESS.GE

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ფორმირებას, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) 2010 წლიდან ახდენს. ორგანიზაციამ წელს საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

მონაცემები, უკვე დამუშავებულია. ქვემო ქართლში საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ამ დროისთვის ყველაზე ცუდი შედეგი IDFI-ს დაკვირვებით, წალკის მუნიციპალიტეტს აქვს. აღნიშნული რაიონის თვითმმართველობის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტმა მათ საჯარო ინფორმაციები საერთოდ არ მიაწოდათ. ინფორმაციის დროული და სრულყოფილი გაცემისთვის - ორგანიზაცია დადებითად აფასებს დმანისის მუნიციპალიტეტს, რომელმაც გამოთხოვილი ინფორმაციები მათ დროულად და სრულყოფილად მიაწოდათ. 

საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით უპასუხო წერილებთ გამოიჩინა თავი გარდაბნის მუნიციპალიტეტმა

„ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხოდ დატოვა IDFI-ის მოთხოვნა გადაუდებელი შესყიდვების თაობაზე შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან წერილობითი შეთანხმებების შესახებ. 

მათ ასევე არ მოგვაწოდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული სამართლებრივი აქტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე და გამგებლის სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული მიმოწერის ასლები. 

არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია გამგეობის მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე. 2013 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია არასრულყოფილად მოგვაწოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. 

ასევე არასრულყოფილია საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე სამართლებრივი აქტის შესახებ",- წერს IDFI გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესახებ. 

ორგანიზიას ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა მოუხდა ამა წლის მარტის თვეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. 

„ 2014 წლის 17 მარტს IDFI-იმ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს მიმართა ამავე შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. სამწუხაროდ, როგორც გამგეობამ ასევე საკრებულომ ინსტიტუტის მოთხოვნები უპასუხოდ დატოვეს.

2014 წლის 17 აპრილს IDFI-მა ბოლნისის საკრებულოს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით - ქ. ბოლნისის გამგეობის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საჩივრის წარდგენის შემდგომ გამგეობამ ინსტიტუტის მოთხოვნების უმრავლესობა სრულყოფილად დააკმაყოფილა. უპასუხოდ დატოვებული იქნა, მხოლოდ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების შესახებ მოთხოვნა", - აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

IDFI-ს ინფორმაცია გაცემულ პრემიებზე არ მიაწოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა. ასევე ორგანიზაცია წერს, რომ ინფორმაციის მოთხოვნისას თანამდებობის პირთა დიპლომების შესახებ, საპასუხო წერილში რატომღაც არ იყო სხვა დიპლომების ასლებთან ერთად იმჟამად თეთრიწყაროს გამგებლის, მამუკა ჩოქურის დიპლომის ასლი. 

ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ნაწილი უპასუხოდ დატოვა, რუსთავის მუნიციპალიტეტმაც.

„ ქ. რუსთავის მერიამ უპასუხოდ დატოვა IDFI-ის მოთხოვნა 2013 წლის აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტებისა და მათთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. 

მერიამ ასევე არ მოგვაწოდა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული სამართლებრივი აქტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე და 2014 წლის მარტში მერის სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობას თანდაკავშირებით განხორციელებული მიმოწერის ასლები. არ მიგვიღია მერის და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. 

არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ქ. რუსთავის მერიის მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე. როგორც ირკვევა, ქ. რუსთავის მერიაში 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა.

სხვა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით ქ. რუსთავის მერიიდან მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქ. რუსთავის მერიისთვის გაგზავნილი მოთხოვნების ანალოგიური მოთხოვნებით IDFI-მა ქ. რუსთავის საკრებულოსაც მიმართა, თუმცა აღნისნულთან დაკავშირებით ინსტიტუტს საკრებულოსგან პასუხი დღემდე არ მიუღია", - აცხადებს ორგანიზაცია, IDFI რუსთავის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი უპასუხოდ დატოვა IDFI-ის მოთხოვნა 2013 წელს გამგეობაში ჩატარებული აუდიტორული შემოწმებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ. გამგეობამ ასევე არ გასცა სამართლებრივი აქტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და 2014 წლის მარტში გამგებლის სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მიმოწერის ასლები. 

არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია გამგეობის მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე. 

სხვა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაცია IDFI -ისთვის სრულყოფილია. 

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის შედეგად საჯარო ინფორმაციები IDFI -მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, თუმცა მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა თვითმმართველობის არჩევნებამდე.

დღეის მდგომარეობით შეცვლილია თეთრიწყაროს, ბოლნისის და გარდაბნის გამგებლები, ასევე უპასუხო და არასრულყოფილად გაცემულ ინფორმაციებზე არ არიან პასუხისმგებელი რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოები, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს შემადგენლობა/ხელმძღვანელი პირები შეიცვალნენ. ინფორმაციის გამოთხოვის პერიოდში - საჯაროობის პრინციპის დაცვაზე გამგეობის მხრიდან პასუხისმგებლები იყვნენ იმჟამად გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები - წალკის, მარნეულის გამგებლები და რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რომლებიც დღეს უკვე არჩეული თანამდებობის პირები არიან და არჩეული მერის/გამგებლის სტატუსით აგრძელებენ მუშაობას.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

No comments: