რუსთავის სკოლების პრობლემები

KKPRESS.GE

რუსთავის საკრებულოს წევრები ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო და ასევე, მიზნად ისახავდა „რუსთავქალაქობის" ღონისძიებებში სკოლების ჩართვისთვის ძირითადი საკითხების გავლას. 
შეხვედრის დასაწყისშივე საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის მისი კომპეტენციის ფარგლებში - გვერდში დაუდგეს სკოლებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა შეხვედრა. სწორედ, მისი გასვლის შემდეგ სკოლებში არსებულ გადასაწყვეტ/პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს დირექტორებმა.
რუსთავის მე-18 სკოლის დირექტორი ნატო ჯავახიშვილი საუბრობდა, რომ ნალექის მოსვლისთანვე მთიდან ნიაღვარი ჩამოდის სკოლის ეზოში და ბავშვებს დაწესებულებაში შემოსვლა უჭირთ. აცხადებდა, რომ სკოლას სჭირდება ბორდიურის გაკეთება და ეზოში ასფალტის საფარის დაგება. შენობის სარდაფში წყლის სისტემატიური დაგროვების საკითხის გადაჭრას, ითხოვდა კერძო სკოლა „ლაზარე". 
მე-12 სკოლაში კი საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობდა სკოლის დირექტორი. მისი განცხადებით იმის გამო, რომ სკოლასა და მოსახლეობას აქვს საერთო საკანალიზაციო სისტემა - ხდება მისი მუდმივი გაჭედვა. შედეგად ფეკალური მასები ამოდის მილიდან და აბინძურებს სკოლის ეზოს. 
შეხვედრაზე გაირკვა ასევე, რომ რუსთავის თვითმმართველობასთან ხანგრძლივი მიმოწერის მიუხედავად მე-7 სკოლა თვეებია ვერ ახერხებს, სკოლის ეზოდან მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის დახმარებით 4 გამხმარი ხის მოცილებას.

ერთი საერთო პრობლემა, რომელზეც თითქმის ყველა სკოლის დირექტორი საუბრობდა ეხება - საგანმანათლებლო დაწესებულების წინ ქუჩებზე ე.წ მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟების საჭიროებას. რუსთავის 26 სკოლის დირექტორის განცხადებით, მის სკოლას ოთხივე მხრიდან ქუჩები ესაზღვრება და მოსწავლეებს გზაზე გადმოსვლისას საფრთხე ექმნებათ.

რუსთავის თვითმმართველობიდან აღნიშნული პრობლემები საკრებულოს წევრებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ლომიძემ და რუსთავის მერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიშა თათარაძემ მოისმინეს. დირექტორებს ურჩიებს აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით წერილობით მიმართონ თვითმმართველობას. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments