მარნეულში One Caucasus-ის მუსიკალური ფესტივალისთვის ემზადებიან - 25 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

მარნეულის გამგეობის თანადგომითა და საორგანიზაციო მხარდაჭერით სოფელ წერაქვში 28-31 აგვისტოს ჩატარდება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია" (One Caucasus). ფესტივალის მიზანია შეიქმნას კრეატიული და უსაფრთხო სივრცე კავკასიის რეგიონებიდან ახალგაზრდა ადამიანების შეხვედრებისთვის. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად სტუმრებს ოცამდე ქვეყნიდან ელიან. 

ფესტივალის ორგანიზატორია პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „FUNDACJA INNA PRZESTRZEN".


აღნიშნული ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კულტურათა მრავალფეროვნებასა და შემწყნარებლობას. მათი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კულტურული და შემოქმედებით ინიციატივებისა და პროექტების მეშვეობით სოციალური ცხოვრების ნაკლებად შესწავლილ სფეროებში რეალური ცვლილებების შეტანა.

უკვე, ამ დროისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა წერაქვის სკოლის შენობის რეაბილიტაცია, სადაც ამჟამად სამუშაო ჯგუფი იმყოფება. კერძოდ, დამონტაჟდა სააბაზანოები და კეთილმოეწყო სველი წერტილები, აგრეთვე გაიწმინდა და მომზადდა ტერიტორია, სადაც სცენები უნდა განლაგდეს. მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი გზის შეკეთება. მოგვარდა სასმელი წყლით სოფლის მომარაგებისა და გარე განათების საკითხები. 

მარნეულის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით, ამგვარი მასშტაბური ფესტივალი გამოაცოცხლებს მრავალეროვანი რეგიონის კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებას, რაც არა მხოლოდ დამატებით შემოსავალს მოუტანს მასპინძელი სოფლის მოსახლეობასა და პროდუქტების სხვა მომწოდებლებს, არამედ განამტკიცებს ადამიანთა ურთიერთპატივისცემასაც.

ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით ფესტივალის დღეებში დაინიშნება ავტობუსების რეისები, რომლებიც სტუმრებს უფასოდ მოემსახურებიან.
ფესტივალის კოორდინატორის აბდულა მეხტიევის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, გარდა მუსიკალური ნაწილისა, იგეგმება სხვა პროექტებიც. როგორიცაა, დოკუმენტური ფილმების გადაღება, ფოტოგალერეის შექმნა, ფესტივალის ყოველდღიური გაზეთის "One Caucasus daily"-ის გამოცემა, ჟურნალისტური სემინარები და მრავალი სხვა.

ფესტივალის პროგრამაშია: სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის თანამედროვე კულტურის გალერეა; სემინარი, იმპროვიზირებული კონცერტი და მედიტაცია მუსიკის მეშვეობით; ადამიანის უფლებათა კუთხე - სემინარი, თუ როგორ უნდა ჩავერთოთ ადამიანის უფლებათა დაცვის არაპოლიტიკურ ქმედებებში;

კინოს არაფორმალური ზონა - მარტივი დიზაინის, იაფად აშენებული ფუნქციონალური კინოთეატრები შემოგთავაზებენ შთამბეჭდავი ფილმების პროგრამას; საბავშვო ზონა - ინგლისურის სწავლება გართობის მეშვეობით;

ადამიანი მარნეულის რაიონის სოფლებში - ადგილობრივი მაცხოვრებლების პორტრეტების ფოტოგამოფენა.

ფესტივალის სამზადისის და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, ხვალ 12:00 საათზე ბრიფინგს მუნიციპალიტეტის შენობაში რაიონის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი გამართავს.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments