შშმ პირთა უფლებადამცველები რუსთავის თვითმმართველობას რეკომენდაციით მიმართავენ - 12 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

დღეს, რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები შეხვდნენ. მათ, საკრებულოს წევრებს თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს და დაინტერესდნენ, როგორი იქნება შშმ პირებისთვის რუსთავის 2015 წლის ბიუჯეტი.

,, ჩვენ ჩავატარეთ რუსთავში შშმ პირთა საჭიროებების კვლევა და შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელთა შესახებაც ვესაუბრეთ საკრებულოს წევრებს. ერთ-ერთი საკითხი გახლავთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვის საჭიროება. ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ ამისთვის შეიქმნას მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც დაეხმარება აღმზრდელებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობაში. 


ასევე კიდევ ერთხელ დავსვით საკითხი ტრანსპორტის კუთხით, რაზეც გვითხრეს, რომ მგზავრთა გადამყვანი კომპანია ამ ეტაპზე, თანახმაა ერთ სამარშუტოზე მოახდინოს ადაპტირება. 

ასევე დაისვა საკითხი შენობების ადაპტაციის კუთხით. სამწუხაროდ, ამ დროისთვის შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის მერიის შენობაც, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, რითაც მათი კონსტიტუციური უფლება ირღვევა", - საუბრობდა, ორგანიზაცია ,, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, ნანა გოჩიაშვილი.

შეხვედრაზე გოჩიაშვილი დაინტერესდა, რა პროგრამები არის შშმ პირებისთვის გათვალისწინებული 2015 წლის ბიუჯეტში, რაზეც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ უსინათლოთა კომუნალური გადასახადების კუთხით დახმარების პროგრამის გაგრძელება იგეგმება. 

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა ორგანიზაციებს შესთავაზეს წარუდგინონ პროგრამები/ხარჯთაღრიცხვით, რომელთა გათვალისწინებაც სურთ 2015 წლის რუსთავის ბიუჯეტში. 

შშმ პირთა ორგანიზაციები თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიასთან.


პ.ს ფოტო არ არის გადაღებული საქართველოში.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments