,,საქართველო 2020“ პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისთვის


KKPRESS.GE


,, მეუბნებოდნენ, რომ თუ არ ვისწავლიდი კარგად გამიშვებდნენ პროფში. ეს მენტალობა და სტერეოტიპი მაინც არის დარჩენილი," - პროფესიული კოლეჯის დირექტორი.

ფილმი სახელწოდებით ,,უდიპლომო სასიძო" საბჭოთა საქართველოში გადაიღეს. დედა რომელსაც სურს შვილი აუცილებლად იურისტი გახდეს, პოტენციური სიმამრი რომელსაც ასევე სჭირდება დიპლომიანი სიძე და ბოლოს გმირის რჩეული, რომელსაც უდიპლომოდაც უყვარს - მაგრამ მაინც..
ეს მხოლოდ ფილმია, თუმცა დღესაც როდესაც საბჭოთა კავშირის ყინულის ფარდა დადნა - ქვეყანაში არსებობს ე.წ ტაქსისტების სიმართლე. ეს არის ხალხური ჟანრის მოვლენა. ტაქსისტი, რომელსაც ყოველთვის ორი ამოცანა აქვს: ერთი მიგიყვანოს დანიშნულების ადგილზე და მეორე, აუცილებლად გითხრას, რომ ის ყოველთვის ტაქსისტი არ იყო და რომ მას აქვს ორი დიპლომი და ა.შ.

უმაღლესი განათლება - ეს არის მთავარი მიზეზი რის გამოც ათასობით მშობელი ერთ სიცოცხლეს ამთავრებს, როდესაც აბიტურიენტი შვილი ეროვნულ გამოცდაზე შედის. ამ დროს შვილი, რომელმაც იცის ჩასაბარებელი საგანი (ნუ, უკეთეს შემთხვევაში) მაგრამ გრძნობს რა, რომ მას ,,საკაცობრიო მისია" აკისრია, გამოცდაზე ნახევარი-საათი საკუთარი ხელის კანკალს ებრძვის.

ასე აბარებემ საქართველოში და ავად, თუ კარგად შემდეგ ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს. მერე კი აღოჩნდება, რომ თურმე შრომით ბაზარზე, დამსაქმებელთა უმრავლესობას სულაც არ სჭირდება იმ რაოდენობის უმაღლესი განათლების მქონე კადრი, რასაც სასწავლებელები უშვებენ.

აი, ზუსტად შენ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტო - დამსაქმებელთა დიდი ნაწილს შენ არ სჭირდება. მათ სჭირდებათ ელექტრო შემდუღებლები, ციფრული ტექნიკის შემკეთებლები, სანტეხნიკოსები, ავტომობილის სავალი გზის ტექნიკოსები და ა.შ - მაგრამ შენ არა!

ეს გარემოება იციან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ,,საქართველო 2020"-ის შემქმნელებმა. დოკუმებტში წერენ, რომ აუცილებელია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარება. ამ რთული საქმის შესასარულენლად იმედები სხვა მიმართულებებთან ერთად პროფესიულ განათლებაზე აქვთ დამყარებული.

,, პროფესიული განათლების სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს: პროფესიული განათლების სისტემის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას შრომის ბაზრისა და თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად; ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული სტანდარტების და მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას; პროფესიული სასწავლებელის მასწავლებელთა მომზადებას და გადამზადებას თანამედროვე სტაბდარტებით", - ვკითხულობთ ,,საქართველო 2020"-ში.

ამ გეგმის შესრულება, ცხადია მთავრობის მხარდაჭერით - განათლების სამინისტროს უწევს.

სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ქიტიაშვილი საუბრობს იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოში პროფესიულ განათლებას აქვს.

ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით პროფესიულ საგანმანათლებლო დასწესებულებებში სასწავლო სპეციალობების არჩევა, ხდება თავად დაწესებულების მიერ შრომითი ბაზრის შესწავლით. თვლის, რომ ამ მხრივ ცვლილებებია საჭირო და მსგავსი საკითხი უნდა წყდებოდეს აკადემიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

გვიხსნის, რომ აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად შესაბამისი ტენდერი, უკვე გამოაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ამბობს, რომ მომავალ წელს, ისინი როგორც კვლევით მოსარგებლე ერთ-ერთი სამინისტრო - მასზე დაყრდნობით განსაზღვრავენ ქვეყანაში პროფესიული განათლების პოლიტიკას.
მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც ასახელებს - პროფესიული განათლების ხარისხს ეხება.
,, ამ შემთხვევაში ვთქვათ რა კომპონენტები თამაშობენ მთავარ როლს, ესენია: პროგრამები, რომელიც აუცილებად უნდა იყოს პროგრესული; მასწავლებელი და მისი კვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურა, სადაც პროფესიული განათლების სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს შეიძენენ", - აცხადებს, თამარ ქიტიაშვილი.

ამბობს, რომ ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს, როგორც არსებული პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაცია, ასევე შეიქმნა ორი ახალი დაწესებულება.

,, ხდება ყველა პროფესიული სტანდარტის გადახედვა, რაც გულისხმობს სტანდარტების გადამუშავებას დამსაქმებლის ჩართულობით - სტანდარტების მეტად დაახლოებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

შემდეგ უკვე მოხდება ახალი პროგრამების შემუშავება. ამ სამუშაოების ნაწილი, უკვე შესრულდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წლიდან პროფესიული განათლება სრულიან ახალ მიდგომებზე გადაეწყობა", - დასძენს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც გვიჩვენებს თუ რა ემართებათ პროფესიული განათლების სტუდენტებს, დასაქმების კუთხით, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ- ქიტიაშვილის განცხადებით ახლა მიმდინარეობს და მისი შედეგები მომავალ წელს გვეცოდინება. ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა 2015 წელს 2-ჯერ ჩატარდება და შედეგები სისტემის განვითარების კარგი ამსახველი იქნება.
საუბრობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პროფესიული განათლებისთვის, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებია.

,, პროფესული განათლების იმიჯი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს. საზოგადოებაში დომინანტურია ძველი საბჭოთა პერიოდის სტერეოტიპები. ის, რომ პროფესიული განათლება ითვლებოდა დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვების თავშესაფრად და დასჯასთან ასოცირდებოდა იქ, სწავლა.

ჩვენ ასევე ვერ დავიკვეხნით იმით, რომ საზოგადეობის ინფორმირებულება იმ რეფორმის შესახებ რაც მიმდინარეობს არის მაღალი", - ამბობს ქიტიაშვილი და ამ პრობლემის დასაძლევად, მედიაში მათ მიერ შექმნილ მექანიზმებზე ყვება. რაც რადიოთი და ტელევიზიით პროფესიულ განათლებაზე ინფორმაციის სისტემატიურ მიწოდებას გულისხმობს.

ამბობს, რომ არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რაც გადახედვას საჭიროებს - ეს პროფესიული განათების მიღების შემდეგ უმაღლესი განათლების დასწესებულებებში სწავლის უფლებას გულისხმობს. აცხადებს, რომ დღევანდელი კანონდებლობით, თუ პროფესიული განათლების სტუდენტს უმაღლესში ჩაბარების სურვილი ექნება ის, კვლავ სკოლის მერხს უნდა დაუბრუნდეს.

ყველა გამოწვევა, რაზეც განათლების სამინისტროში ახსენეს - კონკრეტულ ხელისშემშლელ ფაქტორებად არის ქცეული პროფესიული განათლების დაწესებულებებში.

არსებულ სირთულეებზე ქვემო ქართლის ერთადერთ პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში" ვსაუბრობთ. რამაზ გაგოშაშვილი ქვეყნაში არსებული პროფესიული განათლების 11 300 სტუდენტიდან, 742-ს ,,პატრონობს".

,,მოდუსი" ბიუჯეტის დაფინანსებით უფასოდ ასწავლის პროფესიული განათლების სტუდენტებს 15 სპეციალობას. 

გაგოშაშვილი ამბობს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება პროფესიული განათლების მიმართ ჯერ კიდევ არ არის ჯანსაღი.

,, მე პირადად მეუბნებოდნენ, რომ თუ არ ვისწავლიდი კარგად გამიშვებდნენ პროფში. ეს მენტალობა და სტერეოტიპი მაინც არსებობს.

თუმცა ნელ-ნელა იცლება დამოკიდებულებები და ვთვლი, რომ წლების შემდეგ ჩვენ გაცილებით მეტი სტუდენტი გვეყოლება ვიდრე უმაღლესი განათლების დასწესებულებებს. (უმაღლესი განათლების სტუდენტი წელს 26 377 აბიტურიენტი გახდა)

ამას პირველ რიგში განაპირობებს ის, რომ ჩვენი სტუდენტები მათზე ადვილად იპოვიან სამუშაო ადგილებს და სოციალურად დაცულები იქნებიან", - საუბრობს, გაგოშაშვილი.
ამბობს, რომ სამინისტრო მუშაობს ლიტერატურის შექმნაზე - ყველა იმ სპეციალობისთვის რასაც ისინი ასწავლიან, თუმცა სანამ ეს პროცესი დასრულდება პედაგოგებს რუსული ლიტერატურიდან თარგმნა, ან საგნის კონსპექტების მომზადება უწევთ. საუბრობს, რომ პედაგოგების არჩევის კუთხითაც არ აქვს დიდი ფუფუნება, რადგან როგორც წესი ყველა საგნის მასწავლებელი არის სპეციალისტი, რომელიც თავისი მიმართულებით დასაქმებით მხოლოდ ერთ კვირაში იღებს იმდენს, რამდენსაც ისინი უხდიან. აქვე დასძენს, რომ მაინც შეძლო პროფესიონალების გუნდის შეკვრა.
,,მოდუსი" ისევე, როგორც ყველა პროფესიული განათლების დაწესებულება იღებს მოქალაქეებს საბაზისო განათლებით, ანუ ცხრაკლასდამთავრებულებს. ეს აუცილებელი პირობაა.

ასწავლიან შემდეგ სპეციალობებს: ძრავის შემკეთებელი, ელექტრო მომმარაგებელი დანადგარების სპეციალისტი, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსი, მასაჟისტი, ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ელეტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნისტიკოს/შემკეეთებელი, ელექტრიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, მდივან რეფერენტი, მღებავი, ზეინკალ სანტექნიკოსი, ლაბორანტი და შემდუღებელი.

გაგოშაშვილი მომავალში, კიდევ ორი სპეციალობის დამატებას გეგმავს. ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მათზე მოთხოვნაა. გვიხსნის, რომ მუდმივი კომუნიკაცია აქვს დამსაქმებლებთან - მსხვილ საწარმოებთან, სადაც მისი სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან და მათთან თანამშრომლობით განსაზღვრავს რისი სწავლება არის საჭირო. შემდეგ კი ინფორმაციას სამინისტროს უგზავნის და მათი თანხმობით ამატებს ახალ სპეციალობას.

,,მოდუსს" აქვს თავისი სასწავლო საამქოროებიც, სადაც სასწავლო პრაქტიკები მიმდინარეობს.

აქვს ასევე ლაბორატორია, სადაც ახლა მომავალი ლაბორანტები მუშაობენ. მათ სწრაფვა კომუნიკაციის სფეროს მიმართაც აქვთ. მომავალი ლაბორანტების 16 მობილური მასწავლებლის მაგიდაზეა - ეს ,,ნადავლი" ამოღებულია იმისთვის, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ საგნის მიმართ. ყურადღების პრობლემა ეტყობა არ აქვთ სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტებს. 17 წლის თეონა ჯავახიშვილი კერვას სწავლობს. ამბობს, რომ ეს საქმე მოსწონს და ეხერხება. მომავალში, ან სხვასთან იმუშავებს ამ მიმართულებით ან თავად გახსნის სამკერვალოს.

ვსტუმრობთ ელექტრიკოსებს და სანტექნიკოსებსაც - მათ არ სურთ ფოტოების გადაღება.
ჩვენი პირობითად გიდი, რომელიც ამავე სასწავლებლის პედაგოგია ამბობს, რომ უცნაურობა სჭირთ ახალგაზდებს - მაშინ, როდესაც უფასოდ ეუფლებიან ისეთ სპეციალობებს, რითიც სხვებზე ადვილად დასაქმდებიან მაინც არ ეამაყებათ ადგილი, სადაც სწავლობენ და ფოტოების გადაღებაც, სწორედ ამიტომ არ სურთ.

პროფესიული განათლების რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა მოუწევს მთავრობას - სტრატეგია ,,საქართველო 2020" -ის შესრულებით. მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ 2020-ის შემსრულებლებს ასეთი ამოცანა აქვს:

პროფესიული განათლება, რომელიც არის დანიშნულების ადგილზე, ანუ ,,დასაქმებისკენ" მიმავალი ,,ტრანსპორტი" - უნდა გაარემონტონ, გამოუცვალონ ყველა ძირითადი ნაწილი, დააყენონ სწორ გზაზე, დაარწმუნონ მგზავრები, რომ მისით სარგებლობა საამაყოა და რაც მთავარია, როდესაც მგზავრებს ეტყვიან, რომ ეს ტრანსპორტი მათ აუცილებლად მიიყვანთ ,,დანიშნულების ადგილზე" - ამ სიტყვების თავადაც სჯეროდეთ.

პ.ს ,,მოდუსი"-ს სასწავლო პროცესის ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე ..

მანონ ბოკუჩავა


მასალა მომზადებულია ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) და ბრემენის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში: ,, სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება."
პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Comments