გარდაბნის სკოლაში 13 წლის გოგონას დაჭრის ფაქტს ადასტურებენ


,, ასეთი რაღაც ყველა სკოლაში ხდება, რა საჭიროა ამისი აჟიტირება" - სკოლის ქართული ენის პედაგოგი. 

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა - KKPRESS.GE" გარდაბნის თბილწყაროს დასახლების მე-6 საჯარო სკოლაში, მოსწავლე გოგონას დაჭრის არაოფიციალური ინფორმაცია გადაამოწმა.

,, ასეთი რაღაც ყველა სკოლაში ხდება, რა საჭიროა ამისი აჟიტირება" - სკოლაში პირველმა უკმაყოფილება ქართულის პედაგოგმა გამოხატა. თუმცა საუბრის შესაძლებლობა, სკოლის დირექტორთან, გულჩოხრა გუსეინოვასთნ მოგვეცა.
მან დაგვიდასტურა, რომ მე-8 და მე-9 კლასის მოსაწავლეებს შორის კონფლიქტი მოხდა და შედეგად 14 წლის მოზარდმა ბიჭმა მუცლის არეში დაჭრა 13 წლის გოგონა. აღნიშნული კი კონკრეტულად 15 იანვარს მე-2 გაკვეთილის დასრულების შემდეგ, შესვენების დროს მოხდა.


ჩვენ ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მოსწავლემ დანის მოსატანად სკოლა დატოვა. კითხვაზე, რატომ ვერ შენიშნეს სკოლიდან მოსწავლის წასვლა  (ირიცხება 88 მოსწავლე, სკოლის შენობა წარმოადგენს ორსართულიან, მცირე ფართის მქონე ნაგებობას) დირექტორმა განაცხადა, რომ ეს 5 წუთიანი დასვენების დროს მოხდა.

ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაჭრილ გოგონას ერთ-ერთი პედაგოგი ურჩევდა სამართალდამცავებისთვის სიმართლე დაემალა და ეთქვა, რომ ის თითქოსდა შუშის ნატეხზე დაეცა. ,, ეს ნამდვილად არ ვიცი, არ გამიგია. ყველა პედაგოგი აღელვებული იყო..", - განაცხადა დირექტორმა. ასევე, კითხვაზე დაჭრილ გოგონას ვინ და რატომ დაალევინა წყალი - გვიპასუხა, რომ ამ ფაქტს ვერ დაადასტურებს.

აღნიშნული მასალის მომზადების მიზანს არ წარმოადგენს ფაქტის ჩამდენი და დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებისთვის გაცნობა. ჩვენი ინტერესის საგანი არის შეეძლო, თუ არა სკოლას აღნიშნული ფაქტის თავიდან არიდება და ახლა, მომხდარის შემდეგ მოხდა თუ არა სკოლის მოსწავლეებთან ფაქტის, სწორად შეფასება და იმისი ახსნა, რომ უთანხმოება ადამიანებს შორის - ამ ფორმით არ გვარდება.

,, ყველა კლასის ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ ესაუბრათ ამ თემაზე მოსწავლეებთან. ჩვენთა იყო რესურს ცენტრის ხელმძღვანელიც. მივიღეთ შესაბამისი მითითებებიც. ამ დაჭრილ გოგონასაც ყოველდღე  ვსტუმრობთ, კარგადაა ახლა - სახლშია. ბავშვებიც შერიგდნენ და მშობლებიც. ისინი მეზობლები არიან და ვფიქრობ, რომ იქიდან უფრო დაიწყო ეს კონფლიქტი. როგორც ასევე, მშობლებისგან გავიგე ბავშვებს შორის თავიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა  მომხდარა და იმას მოჰყვა ეს ყველაფერი", - დასძენს, გულჩოხრა გუსეინოვა.

არაოფიციალური ინფრმაციით ცივი იარაღის სკოლაში შემოტანის შემდეგ, მე-9 კლასის მოსწავლემ მე-8 კლასელთა გაკვეთილზე ისურვა შესვლა. შემდეგ კი გაკვეთილზე მასსა და გოგონას შორის - სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. დირექტორი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

13 წლის გოგონას დაჭრა თანატოლების თანდასწრებით მოხდა, მისსავე კლასში. დირექტორის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მოსწავლე გოგონები შოკში იყვნენ და ტიროდნენ რამდენიმე დღე - ახლა კი ყველაფერი რიგზეა, სკოლა და მოსწავლეები მშვიდად არიან.
კითხვაზე, რატომ გამოიჩინა ჩვენს მიმართ აგრესია ქართულის პედაგოგმა, რომელმაც განაცხადა, რომ ,, ასეთი რაღაც ყველა სკოლაში ხდება" - ამბობს, რომ ის კარგი პედაგოგია, უბრალოდ ხასიათი აქვს ,,ასეთი".

პ.ს ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეს და მკითხველს გააცნობს ინფორმაციას, რა სახის პასუხისმგებლო დადგება აღნიშნული ფაქტის გამო და როგორ იმუშავებენ, უკვე საგამოძიებო უწყებები.


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments